ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება სამართალი

“ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია” აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს

19 ივნისს გამთენიისას, თბილისის აეროპორტში მომხდარ ინციდენტს “საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია” ეხმაურება.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, 19 ივნისს, დილით, როცა ტელეკომპანიის კორესპონდენტი ელენე ფირცხალაიშვილი და ოპერატორი გიორგი ცანავა ახორციელებდნენ თავიანთ სამუშაოს, კერძოდ იღებდნენ ინტერვიუს პოლიტიკოს ჩიორა თაქთაქიშვილთან, მათთან მივიდა უცნობი პირი და სცადა ხელშეშლა. როგორც ჟურნალისტი ამბობს უცნობმა პირმა ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

პარალელურად, შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, “რუსთავი 2”-ის ოპერატორი პირველი ჩაერთო ფიზიკურ დაპირისპირებაში, რასაც უარყოფს ტელეკომპანია. შსს-ს ინფორმაციით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით, რომელიც ცემას გულისხმობს.

“საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია”, რომელიც არის “ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის” ერთადერთი წარმომადგენელი საქართველოში, მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, რაც შეიძლება უმოკლეს ვადაში მოხდეს ჟურნალისტების მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტების შესწავლა.

ამასთან, ასოციაცია მიმართავს მათ გამოძიება წარიმართოს ჟურნალისტის მიმართ პროფესიული მოვალეობის შესრულების პროცესში ხელშეშლის მიმართულებითაც, რომელიც ასევე სისხლის სამართლის დანაშაულია და ამ მიმართულებით აქცენტები არ არის გაკეთებული წინასწარი გამოძიების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაციის” მიერ გავრცელებული განცხადების ასლი გადაიგზავნა “ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციაში, “ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციაში” და ევროსაბჭოში.

“საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია”

 

იტვირთბა....