„მთლიანობაში ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაული მაღალი არ არის, მაგრამ მაღალია თავშესაფრის მთხოვნელთა მიერ ჩადენილი დანაშაულის რაოდენობა“, – ამის შესახებ გერმანიაში საქართველოს ელჩმა ლადო ჭანტურიამ დღეს ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
„საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ ინფორმაცია გერმანულ მედიაში ბოლო დროს გახდა აქტუალური, რამაც ბუნებრივად გამოიწვია ჩვენი შეწუხება. თუმცა, სამთავრობო დონეზე, პოლიტიკურ დონეზე, ეს საკითხი არასდროს ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით არ განხილულა. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ და დარწმუნებული ვართ, რომ გარკვეული ძალების მიერ აგორებული მედია-კამპანია უფროა, ვიდრე ვიზა-ლიბერალიზაციასთან უშუალოდ დაკავშირებული საკითხი. რაც შეეხება სტატისტიკას, ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვაქვს ინფორმაცია: მთლიანობაში ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაული მაღალი არ არის, მაგრამ მაღალია თავშესაფრის მთხოვნელთა მიერ ჩადენილი დანაშაულის რაოდენობა. სწორედ ეს იყო განხილვის საგანი ექსპერტების დონეზე. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა დაინიშნა პოლიციის ატაშე საქართველოს საელჩოში და წელიწადზე მეტია რაც ის აქტიურად თანამშრომლობს გერმანულ საპოლიციო სტრუქტურებთან“, – განაცხადა ლადო ჭანტურიამ.
მისი თქმით, გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი კრიმინალური დანაშაული არსებობს, როგორიც არის ბინებისა და მაღაზიების ქურდობის შემთხვევები, მაგრამ ეს საკითხი, არასდროს არ ყოფილა წინაპირობა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების, ვინაიდან საქართველომ ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება შეასრულა.