დღეს გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა მოხდა, ამის შესახებ ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს. კურიერის ჟურნალისტი ელენე ფირცხალაიშვილი და ოპერატორი გიორგი ცანავა, აეროპორტის ტერმინალში, საქართველოს პარლამენტის წევრებისაგან, ინტერვიუებს იღებდნენ, რომლებიც ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში მიემგზავრებოდნენ. დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილის ინტერვიუს დროს მათ უცნობმა პირმა, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. „რუსთავი 2-ის“ ოპერატორს კი – ფიზიკური.
დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილის თქმით, სავარაუდოდ, თავდამსხმელის თანმხლები ქალბატონი მას დაუპირისპირდა და არ აძლევდა ტელეფონით ინციდენტის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალის გადაღების საშუალებას.
„რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე, ცემის მუხლით დაიწყო. სამართალდამცველებს ჩვენება უკვე მისცეს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის თანამშრომლებმა. კურიერის ინფორმაციით დაკითხვაზეა გადაყვანილი თავდასხმაში მონაწილე პირიც.
არხსის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ფიქრობს, რომ სახეზეა არა მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის დარღვევა, რაც ცემას გულისხმობს, არამედ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა, რაც ასევე სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულია.
“მოგიწოდებთ და მოვითხოვ მთელი გუნდის სახელით, დაუყოვნებლივ დააკავოთ ჟურნალისტზე და ოპერატორზე თავდამსხმელი და კანონის მთელი სიმკაცრით აგებინოთ პასუხი. 125-ე ცემის მუხლი არ მიიღება. შეგახსენებთ, ინტერვიუს ჩაწერის დროს მოხდა ინციდენტი და სხეულის დაზიანებასთან ერთად, მინიმუმ, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლაა,”-წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში და შს სამინისტროს მიმართავს.