ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გიგა ოთხოზორიას მკვლელობა ჰამერბერგის მოხსენებაში ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება

გიგა ოთხოზორიას მკვლელობა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში დამოუკიდებელ ექსპერტის, თომას ჰამერბერგის, მოხსენებაში ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება.  ამის შესახებ ცნობილი ჰამერბერგის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის, შეხვედრის შემდეგ გახდა.

შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ შეხვედრაზე თომას ჰამერბერგმა ოკუპირებულ აფხაზეთში მისი სტუმრობისა და ადგილზე ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარების თაობაზე ისაუბრა.

”მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი სოფელ ხურჩაში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ჩადენილ მკვლელობაზე გააკეთა. მან ხაზი გაუსვა ბრალდებული პირის დაუყოვნებლივ დაკავების აუცილებლობას, რათა თავიდან იყოს აცილებული ყოველგვარი პროვოკაცია და ვითარების შემდგომი ესკალაცია. თომას ჰამერბერგმა აღნიშნა, რომ 19 მაისს მომხდარი მკვლელობა ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება მის მიერ აფხაზეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შეფასებაში,” – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

თომას ჰამერბერგი სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ჰერბერტ ზალბერის, დავალებით, დამოუკიდებელი ექსპერტის რანგში, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით აფხაზეთის რეგიონში არსებულ ვითარებას შეაფასებს. ამისათვის იგი უკვე მეორე ვიზიტით ეწვია საქართველოს, რომლის ფარგლებშიც გაიმართა რიგი შეხვედრები თბილისში, ზუგდიდში, გალსა და სოხუმში.

ვიზიტის ფარგლებში თომას ჰამერბერგი საქართველოს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. მისია ემსახურება ჰუმანიტარულ მიზნებს და ხორციელდება ევროკავშირის არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში.

იტვირთბა....