ხელვაჩაურში 24 ადამიანის მოწამლის ფაქტთან დაკავშირებით ექსპერტიზის პასუხი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, მათი მოწამვლა კი ხაჭაპურმა გამოიწვია, – აღნიშნულის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
„პირველ დღეს ჩატარდა ეპიდემიოლოგიური კვლევა, ატარებენ ძალიან დეტალურ გამოკითხვას – პრაქტიკულად გამოძიებას კვების პროდუქტებთან დაკავშირებით. გამოიკვეთა ცალსახა პასუხი, რომ ეს იყო ერთ-ერთ კვების პროდუქტთან, ხაჭაპურთან კავშირში, რადგან უკლებლივ ყველასთან განვითარდა ეს მოვლენები. რაც შეეხება იმას, რომელმა კონკრეტულმა ნივთიერებამ გამოიწვია მოწამვლა, ამის დასადგენად ექსპერტიზა მიმდინარეობს და პასუხი მალე გვეცოდინება. თუმცა, საბედნიეროდ, ამ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა სერგეენკომ.
მისი თქმით, თბილისში სამკურნალოდ გადმოყვანილი 11 ბავშვიდან კლინიკაში მეთვალყურეობის ქვეშ ორი რჩება.
შეგახსენებთ, ხელვაჩაურში სოფელ სატეხიაში 24 ადამიანის მოწამვლის ფაქტზე გამოძიება 15 ივნისს დაიწყო. ფაქტთან დაკავშირებით საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.