ახალი ამბები კულტურა მთავარი საზოგადოება

„პრობლემა თეატრში უკვე ფურუნკულივით მწიფდება“: თამარ ივერი დავით კინწურაშვილს პასუხობს

 

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დავით კინწურაშვილი დუმილს არღვევს და სოციალური ქსელით, მის მიმართ არსებულ მწვავე კითხვებს პასუხობს. დავით კინწურაშვილი პოსტში დირიჟორ ვახტანგ მაჭავარიანსა და სოპრანო თამარ ივერთან მიმდინარე  თანამშრომლობაზე საუბრობს:

„სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტივობით არ გამოვირჩევი, მაგრამ გარკვეულმა გარემოებამ მაიძულა ამ კონკრეტულ შემთხვევაში საზოგადოებასთან ურთიერთობის ეს ფორმაც გამოვიყენო. ბოლო დღეების განმავლობაში სწორედ სოციალური ქსელი გახდა, ჩემი კოლეგების მხრიდან, მცდარი ინფორმაციის თუ არასასიამოვნო შეფასებების არენა. მინდა გითხრათ, რომ ამ ტალღის აგორების მიზეზი იყო ბატონ ვახტანგ მაჭავარიანის განცხადება, თითქოს იგი არ შეუშვეს ოპერის თეატრში. შეხვედრა ბატონ ვახტანგთნ მართლაც ვერ მოვახერხე, გადაუდებელი პრობლემის გამო. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ მისი ინფორმირება შეხვედრის გადადების შესახებ სამწუხაროდ გვიან მოხდა, რამაც გამოიწვია ბუნებრივი, არასასიამოვნო რეაქცია მისი მხრიდან. მოგვიანებით მე ბატონ ვახტანგს პირადად ვესაუბრე, ბოდიში მოვუხადე და ვუთხარი, რომ შეხვედრა მისი სურვილისამებრ აუცილებლად შედგებოდა. მან მიპასუხა, რომ თარიღს შემატყობინებს. შესაბამისად არასწორია გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბატონი ვახტანგ მაჭავარიანის ინიცირებული კონცერტი არ შედგება. ჩვენ შეხვედრისას სწორედ ეს საკითხი უნდა განვიხილოთ.

ვინაიდან მე და ბატონმა ვახტანგმა ვიკონტაქტეთ, ჩავთვალე, რომ ინციდენტი გარკვეულწილად ამოწურულია. თუმცა ჩემმა რამდენიმე სახელოვანმა კოლეგამ საკითხი პიროვნული ანგარიშსწორებისთვის გამოიყენა. ძალიან ვწუხვარ და უფრო მეტად გაოცებული ვარ მათი ამ ქმედების გამო. თამარ ივერთან ერთად გავხსენით ჩვენი სახელოვანი თეატრი, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ და კიდევ ბევრი შემოქმედებითი გეგმა მაქვს მასთან დაკავშირებით, თუ რა თქმა უნდა ის თავად არ არის წინააღმდეგი. გამიჭირდება ავხსნა ნანა მირიანის (ქავთარაშვილი) განცხადებები. მე და ქალბატონ ნანას გვქონდა საკმაოდ საინტერესო და სასიამოვნო საუბარი სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. ფაქტია, რომ მათ გარკვეული ნეგატიური განწყობები გააჩნიათ. იმედი მაქვს ჩვენ გამოვნახავთ საერთო ენას, ისევ და ისევ ჩვენი თეატრის სასარგებლოდ. რაც შეეხება დასის წევრებს – მათ აქვთ თავიანთი აზრი ყველაფერზე, რაც თეატრში ხდება. ვერავინ მოიყვანს თუნდაც ერთ მაგალითს, როცა მათი გამოხატვის თავისუფლება შეზღუდულიყო. გთხოვთ პატივი ვცეთ ერთმანეთს და კიდევ ერთხელ მოგმართავთ – მზად ვარ თითოეულ თქვენგანთან რაციონალური შემოქმედებითი ურთიერთობისთვის.

პატივისცემით

დავით კინწურაშვილი“.

 

ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელის ამ პოსტს სოპრანო თამარ ივერი ასევე სოციალურ ქსელში ეხმაურება.

თამარ ივერი პოსტში დავით კინწურაშვილს გულგრილობასა და არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებს. (სტილი დაცულია):

„ბატონო დავით, მესმის რომ არ ელოდით ბატონი ვახტანგის ამბავზე ამხელა აჟიოტაჟს. იფიქრეთ, ესეც ისევე “ჩაყლაპავს” და გადაიტანს, როგორც სხვებმა გადაიტანესო. ამ ადამიანის 2 ივნისს არ მიღებიდან 9 ივნისამდე არ ეხმიანებოდით და ამჟამად ცრუობთ, არ მეცალა იმ მომენტშიო… თუ იმ მომენტში არ გეცალათ, ნორმალურია რომ ადამიანს და მით უმეტეს ამხელა კალიბრის პიროვნებას მეორე ან მესამე დღეს მაინც შეხმიანებოდით. არა, თქვენ ის გულგრილად და ოსტატურად მოიშორეთ და თითქმის ერთი კვირის შემდგომ, როდესაც ამხელა აყალმაყალი ატყდა, მხოლოდ შემდგომ აწრიალდით და ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, მხოლოდ ამ რეზონანსის შემდგომ “აიკელით”ის ზარებით და სმს-ების კასკადით. თქვენთან შეხვედრაზე იქით ხვეწნით. თქვენს სტატუსსა და სიმართლეს შორის დიდი სხვაობაა და გთხოვთ, საზოგადოება შეცდომაში ნუ შეგყავთ. ბატონ ვახტანგს ესაუბრნენ, ის თავადაც გააკეტებს განცხადებას თქვენს ცრუ სტატუსზე თითქოს მას ესაუბრეთ და “პრობლემაც ამოწურულია” მან თქვენ ტყუილში დაგადანაშაულათ. იგი თქვენ კატეგორიულად არ გპასუხობთ და დღემდე არ რეაგირებს თქვენს სმს-ბზე, მან უბრალოდ, ხალხმრავლობაში, რაღაც მომენტში ვერ დაინახა თქვენი ნომერი და ავტომატურად გიპასუხათ, რასაც თქვენ ახლა ოსტატურად იყენებთ. ის თქვენ საქმეზე არ გაგსაუბრებიათ, თქვენ არ შეგხვედრიათ, თქვენთან არაფერი დაუგეგმავს. ის მწარედ შეურაცხოფილია თქვენი პასკვილის გამო და არ გაქვთ უფლება ამ სასწრაფოდ შეთითხნილი, საზოგადოების დამაშოშმინებელი სტატუსის გავრცელებისა.

ბატონი ვახტანგი იქით იყოს და თეატრში თუ თეატრს გარეთ, ყველამ ისედაც მშვენივრად იცის, რომ თქვენს მიერ გამწარებული ადამიანების და დასის პრეტენზიებზე საჯაროდ ყოველთვის მშვიდი ღიმილით კომენტირებდით რომ “არაფერი არ მომხდარა-ყველა პრობლემა ამოწურულია”. სამწუხაროდ, გულში თქვენივე სიტყვების არ გჯერათ და ჩემზე უკეთ იცით რომ პრობლემები ადამიანებთან და დასთან ურთიერთობებში იმაზე ბევრად დიდი გაქვთ, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ბატონი ვახტანგის ინციდენტიც ხომ ზღვაში წვეთია თეატრის მძიმე პრობლემების ფონზე და ძალიან გთხოვთ, საზოგადოებას თეატრის სანიმუშო ფუნქციონირებაზე და თქვენს მიერ ხალხთან თუ დასთან ურთიერთობაზე მუდამ “მომღიმარი ხუთოსანი ბიჭის” აურით ვარდისფერ ფერებში ნუ უღწერთ.

სამწუხაროდ ვერც “სამოსელი პირველი”, ვერც მოცარტ-ჭაბაშვილის რექვიემები (კომპოზიტორთა დაწყვილებაზე ხომ კომენტარი ზედმეტია) თუ ოპერაზე სხვა ბრჭყვიალა ტელესიუჟეტები და თქვენი კარგად დაზეპირებული ინტერვიუები… თეატრის ამინდს ვერ ჰქმნის და დასი ნამდვილი საოპერო რეპერტუარის უმღერლობით, გამეფებული არაპროფესიონალიზმით და თეატრის მუდმივ ტაშ-ფანდურის რეჟიმში ცხოვრებით, კატასტროფულად მძიმე სიტუაციაში და “დაბლაგვების” რეალური საფრთხის წინაშეა .

ბატონო დავით, ვთქვათ და ბატონი ვახტანგი “იტყუება და მოეჩვენა” თქვენგან იგნორირება , მოდით, გაიხსენეთ, რამდენჯერ მოგწერათ თამარ ივერმა იმეილი რაღაც საკითხებზე… თქვენ ის წაიკითხეთ (როგორც ფეისბუკის რეპორტი აჩვენებს გამგზავნს) და პასუხი კვირების და თვეების მანძილზე არც ერთხელ არ მოგიწერიათ სანამ მკაცრად არ მოგწერდით…რატომ არ მცემთ პასუხს ამდენი ხანი ჩემს წერილზე მეთქი….და მხოლოდ, მკაცრი ტონის შემდგომ კადრულობდით იმ დღესვე პასუხს. ყველასთან ერთი და იგივე სცენარი რომ გაქვთ მემგონი პირველ რიგში ამას უნდა განიცდიდეთ და არა ასე სასწრაფოდ შეთითხნილ, თავის გამამართლებელ სტატუსებში ჰპოვებდეთ შვებას! კარგით მაშინ, ვიკადროთ და “სკრინშოტის”რეჟიმში, ყველა თქვენგან დაზარალებულმა ადმიანმა ვაკოპიროთ და ვაქვეყნოთ თქვენი იგნორირების შემცველი იმეილები, გზავნილები და თქვენს უპასუხობაზე თუ იგნორირებაზე ჩივილის შემცველი ტექსტები?? ამ სტატუსის მიზეზი მოგცათ თავად ბატონმა ვახტანგმა, რომელმაც ზარზე მექანიკურად, შეცდომით გიპასუხათ. წამსვე სტატუსიც გამოცხვა, ხალხიც დაშოშმინდა რომ  “პრობლემა ამოწურულა” “და ყველა ბედნიერია“.

არა ბატონო დავით, რეალობას თვალებში ჩახედეთ, პრობლემა არ ამოწურულა, პრობლემა თეატრში უკვე ფურუნკულივით მწიფდება და იგი მოკლე ხანში თეატრის სასიკეთოდ უნდა “გასკდეს” თუ სურს ქართულ ოპერას რომ გადარჩეს, არ დაიღუპოს და ეს ისტორიული ოპერის თეატრი, ერთ მშვენიერ დღესაც მუსკომედიის თეატრად არ გადაიქცეს! უკვე აღარაფერს ვამბობ თქვენივე დასის წარმომადგენლების მიერ მოწოდებულ, საიმედო წყაროებზე დაყრდნობილ საგანგაშო ინფორმაციებზე: თეატრის საიდუმლო რეჟიმში კერძო ღონისძიებების, ბანკეტების და ოლიგარქ სერგი საქისიანის ქალიშვილის ქორწილის ფარგლებში შეკვეთილ ნეფე-დედოფლისთვის დახურულ საბალეტო სპექტაკლს, სპონსორების მიერ უსასყიდლოდ გადაცემული სასმელების და პროდუქციის მაყურებლებზე შემდგომ გაყიდვას და ა.შ…რაც თეატრისთვის დიდი “გვერდითი” თანხების შედინებას ნიშნავს.

ბატონო დავით, ეს წმინდა შენობა და ჩვენი კულტურული ძეგლი, საქართველოს სიამაყეა და ვერც ერთი პროგრესულად მოაზროვნე საოპერო მომღერალი, ვისაც მის სამშობლოს ოპერის თეატრზე იოტისოდენად მაინც გული შესტკივა, ვერ შეეგუება მისი “დედა თეატრის” კედლების შებღალვას, მისი ავტორიტეტის დაცემას და ერთ უბრალო, მუსიკისა და ცეკვის სახლად გადაქცევას!! ყველა პატრიოტი ქართველი მომღერალი იგივე აზრისაა რა აზრსაც მე ვახმოვანებ. და რაც შეეხება თქვენს მიერ ნახსენებ თამარ ივერის მიერ თეატრის გახსნას, პირველ რიგში, ეს მხოლოდ თამარ ივერის პროფესიონალიზმის დამსახურება გახლდათ და არა მისი “მეგობრული მიწვევა”.

თამარ ივერი თქვენთან ყოველთვის მშვენიერ ურთიერთობაში ცდილობდა ყოფნას. თავის დროზე, მისი ფონდის კონცერტზეც კი გადირიჟორათ მაგრამ, თამარ ივერი არასოდეს შეეგუება თეატრის დირექტორის მიერ მისი მაყურებლის “ღირსეულ -უღირსებად” დაყოფას, ბილეთების იმ უდიდეს აფიორას რაც თეატრის გახსნას ახლდა, სადაც, ხალხს ზუსტად ასეთივე შეთითხნილი მშვიდი სტატუსებით აწყნარებდით რომ “ეს ასე არ გიფიქრიათ”,”ხალხმა სხვანაირად გაიგო”და ასევე, ის ფაქტი რომ თეატრის გახსნა დახურულ რეჟიმში “ეს ევროპაში სრულიად მიღებული წესია”რაც სრული აბსურდია. შესანიშნავად ვიცნობ მსოფლიოს წამყვანი თეატრების სტრატეგიებს და ასეთ არადემოკრატიულ ფაქტზე ევროპაში არა მხოლოდ სამხატვრო ხელმძღვანელის, არამედ მთელი დირექციის პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა. თამარ ივერი ვერანაირად ვერ შეეგუებოდა, როცა ვერც ერთმა მისმა ნათესავმა, მეგობარმა თუ გულმხურვალე გულშემატკივარმა თეატრის ნამდვილი გახსნის დღე და მისი ეთერის როლი ვერ მოისმინა და თეატრის დირექტორის მიერ ყველა მესამე სპექტაკლზე გადამისამართდა. ასევე,როდესაც მისი ძირითადი პარტერის მსმენელი საოპერო მუსიკისადმი ინდიფერენტული და მოწვეული ადამიანების მთელი არმია იყო, როდესაც თეატრის შემდგომი პოლიტიკა დღემდე ოპერის იგნორირებით გრძელდება და აქა იქ ერთი და იგივე ძველი აღდგენილი სპექტაკლებით იფარგლება, როდესაც ნებისმიერი ჩემი წინადადება, გარკვეული სპექტაკლის დანიშვნასა და მასში ცნობილი საოპერო ვარსკვლავის მოწვევაზე (მეგობრობის დონეზე უსასყიდლოდ) ყოველთვის თქვენი სრული უინტერესობით და საბოლოო უარით მთავრდებოდა…..რა თქმა უნდა, ასეთ “პროფესიონალურად” და “კომპეტენტურად” მოაზროვნე თეატრის მმართველთან თამარ ივერის კეთილგანწყობა დიდხანს ვერ გასტანდა. მემგონი უნდა ხვდებოდეთ რომ თეატრში ხალხი უფრო მეტად ახალი სახელებისთვის და გასტროლიორი ვარსკვლავებისთვის დადის, სწორედ ამას შემოაქვს თეატრში კარგი შემოსავალიც და შესაბამისად, თეატრისადმი ინტერესის “წნევაც არ ეცემა”. სამწუხაროდ, სწორედ, თქვენი მცდარი სტრატეგიის შედეგია ის ფაქტი რომ თეატრის რიგითი ღონისძიებები ნახევრად ცარიელ დარბაზში მიდის და გუნდიანად, სცენაზე უფრო მეტი ხალხი დგას ვიდრე დარბაზში. ასევე ის სავალალო ფაქტი რომ თეატრის გარეთ და უცხოეთშიც ბევრი შესანიშნავი ახალგაზრდა და საქართველოსთვის სრულიად უცნობი ქართველი მომღერალი დიდი წარმატებით მღერის და თეატრის ხელმძღვანელს ერთხელ არ უჩნდება სურვილი მათი ქართული საზოგადოებისადმი წარდგენისა, ხაზს უსვამს თქვენს მიერ თეატრის დონისადმი გულგრილობას. ვეცდები, ისევ მე ვითავო და ჩემი ფონდის კონცერტებით გავაცნო ისინი ქართულ საზოგადოებას. ერთ ერთი მათგანი, ამომავალი ვარსკვლავი, ტენორი, მიშა შეშაბერიძე ხომ საერთოდაც მწარედ ემსხვეპლა თეატრის გახსნის პერიოდში აბესალომის როლზე წარმოქმნილ ინტრიგას და სკანდალს, სადაც მას 3 თვის განმავლობაში ამუშავებდით, ევროპაში უამრავ გამოსვლას თუ კონტრაქტს აცდენინებდით, “აბესალომ და ეთერის”პრემიერის სიმღერას ჰპირდებოდით და გახსნამდე რამდენიმე კვირით ადრე(!) ყოველგვარი მიზეზის გარეშე სმს-ის დონეზე მისწერეთ რომ ის მოხსნილი იყო პრემიერიდან… ბატონი გიზო ჟორდანია და ზაზა აზმაიფარაშვილი სრულ შოკში იყვნენ თქვენი ამ ერთპიროვნული გადაწყვეტილებით. ეს ფაქტი ფართო საზოგადოებამ არ იცის მაგრამ ამ ადამიანის დეპრესია, სულიერი დაღი თუ ცოდვა დიდ ხანს გეწვებათ თქვენს მხრებზე. თეატრს,რომელსაც თავიდანვე ჰყავდა შესანიშნავი “აბესალომი” თემურ გუგუშვილი, რაღად ასახიჩრებდა სულიერად ამ ახალგაზრდა წარმატებულ ადამიანს და მის იმიჯს….დღემდე ვერავინ მიმხვდარა თეატრში.

თვეები გადის და თქვენთან ურთიერთობით შთაბეჭდილება შემექმნა რომ ოღონდ ოპერა არ დადგათ და მზად ხართ შემდეგ პროექტად რაიმე როკ-ოპერა ან მიუზიკლი დაგეგმოთ სადაც რა თქმა უნდა საღამოს მთავარი გმირი და დირიჟორი თქვენვე იქნებით (რა თქმა უნდა…ვერდის და პუჩინის დირიჟორობას უკვე პროფესიონალიზმი სჭირდება და არა შოუმენობა) ყური მოვკარი რომ ბიზეს “კარმენის” ახალ დადგმაზე იწყებთ მუშაობას. კი მაგრამ ბატონო დავით, ადრე დადგით “კარმენი” სადაც, აფიშიდან დაწყებული, დონ ხოსეზე მეტად, დადგმისა და სპექტაკლის მთავარი გმირი თქვენ იყავით. შემდგომ ბათუმის თეატრმა დადგა “კარმენი” (რომლის მთავარ გმირის დონ ხოზეს მომღერალ ტენორს, შესანიშნავ ამომავალ ვარსკვლავს და უკვე გერმანიის თეატრის სოლისტს ირაკლი კახიძეს თეატრს არ აკარებთ) ახლა ისევ ამ გადამღერებულ სიმღერას, კიდევ “კარმენს” დგამთ და ისევ თქვენი დირიჟორობით? დაიღალა ბატონო დავით საზოგადოება ამდენი ერთი და იგივე დადგმებით და კერძოდ კი “კარმენი”თ. ცნობისათვის არსებობს კიდევ ჯუზეპე ვერდის “ბედის ძალა”, “ნაბუკო” “სიმონ ბოკანეგრა”,ვაგნერის “ლოენგრინი”,”პარსიფალი”,მოცარტის “დონ ჟუანი”,”ჯადოსნური ფლეიტა”, “ფიგაროს ქორწინება”, ბელინის “მონტეკები და კაპულეტები” “ნორმა” და ა.შ ერთხელ მაინც გადაშალეთ რუსეთის გამოცემული ცნობილი წიგნი “100 ოპერა” და რაღაც ახალი და თუნდაც თანამედროვედ ლამაზად დადგმული შესთავაზეთ პუბლიკას. თუ გსურთ, მე მოგაწვდით. ისევ “კარმენს” მივუბრუნდეთ, ამ სპექტაკლს დგამთ, ქვეყანას მსოფლიოში საუკეთესო კარმენად წოდებული ანიტა რაჭველიშვილი ჰყავს, (რაშიც ვერონაში მეც დავრწმუნდი) რატომ არ იწვევთ მას ამჟამინდელ პრემიერაზე? იმიტომ რომ “არ” კი არა “ვერ”იწვევთ, რადგან მშვენივრად იცით მისი აზრი თქვენზეც და თეატრში მგმინავ არაპროფესიონალიზმზე. მისი მდგრადი აზრია რომ „სანამ თქვენ მართავთ თეატრს “ის იქ ფეხს არ შედგამს”!! ამ კალიბრის მომღერლის ასეთი მწვავე აზრი მართლაც რომ დიდი მახვილია თქვენი რეპუტაციისათვის. საბედნიეროდ, ვინ ვინ და სწორედ ანიტამ შესანიშნავად იცის “ვის დაკრულზე და ნადირიჟორალზე იმღეროს” და მომღერალი, რომელიც “კარმენს” გენიოს დანიელ ბარენბოიმის დირიჟორობის ქვეშ მღერის ამ თეატრში კარმენს……..აღარ გავაგრძელებ, ჯობია კორექტული დავრჩები.

რაც შეეხება “ჩემთან თქვენს” მომავალ გეგმებს….დიახ,ბატონო დავით, თამარ ივერი კვლავაც იმღერებს თბილისის ოპერის თეატრში. რადგან ეს პირველ რიგში სრულიად საქართველოს და ერის ოპერის თეატრია და არა დავით კინწურაშვილის კერძო საკუთრება.

თამარ ივერი ამ თეატრში 4 წლიდან გაიზარდა “პოლკის შვილობილივით”, მის მომღერალ მამასთან, ეს თეატრი იყო მისი მეორე სახლი და მისი ყოველი აქ სიმღერა იქ, საიქიოს, მისი მამის დიდი სიხარულია!!

მე აქ ვიმღერებ რამდენსაც შევძლებ და როგორც შევძლებ, სამხატვრო ხელმძღვანელების თუ დირექციების ცვლილებების მიუხედავად და პუბლიკის და საზოგადოების” ღირს თუ უღირს” ფენებად დაუყოფლად!!!“-წერს თამარ ივერი.

შეგახსენებთ, რომ დირიჟორმა ვახტანგ მაჭავარიანმა „მეტრონომთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ დავით კინწურაშვილთან თანამშრომლობის შესახებ არ უსაუბრია.

როგორც „მეტრონომს“ ოპერის პრესცენტრმა განუცხადა, დავით კინწურაშვილი ამჟამად არ იმყოფება ქვეყანაში. მის კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

 

 

 

 

 

იტვირთბა....