ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

„წულუკიანი ცდილობს თავი არჩევნებამდე შეინარჩუნოს“: ჯანდიერი მისი ყოფილი ხელმძღვანელის წინააღმდეგ

„ქართული ოცნების“ ლიდერმა მერაბიშვილის გვარის გაგონებაზე, „მეტრონომს“ ტელეფონი გაუთიშა

საქართველოს შს ყოფილ მინისტრთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დღეს გამოქვეყნებული გადაწყვეტილება პოლიტიკურ წრეებში განხილვის საგნად იქცა. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ივანე მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობაში დატოვების შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით, რომლითაც ქუთაისის საქალაქო სასმართლომ მერაბიშვილი პატიმრობაში დატოვა, ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პარაგრაფი დაირღვა, რომელიც თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლებას ეხება.

სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლი, რომელიც უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლებს ეხება და ადგენს, რომ ხსენებულ უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციით დაშვებული შეზღუდვები გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ მათთვის გათვალისწინებული მიზნებისათვის.

დღევანდელი გადაწყვეტილებით ქართულ სახელმწიფოს ჯამში 12 000 ევროს გადახდა მოუწევს მერაბიშვილის მხარისთვის.

ხელისუფლების პოზიცია დღეს პირველმა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დააფიქსირა. წულუკიანის უჩვეულოდ ხანგრძილივი საუბრიდან მედიის წარმომადგენლებთან გაირკვა, რომ იუსტიციის სამინისტრო მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

“ეს გადაწყვეტილება არ არის საბოლოო, ის შევა ძალაში მხოლოდ აგვისტოში და ისიც, თუ მე მას არ გავასაჩივრებ, როგორც იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელი და სახელმწიფო უწყება, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს. მაგრამ, ჩვენ მას აუცილებლად გავასაჩივრებთ. ამიტომ, როდის შევა ეს გადაწყვეტილება ძალაში, წინასწარ არ ვიცი, ალბათ ეს იქნება გაისად”. – განაცხადა წულუკიანმა.

“მეტრონომი” მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს დაუკავშირდა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით ზოგი უკმაყოფილოა, ზოგიც გადაწყვეტილებას ჯერ არ გაცნობია.

პარლამენტის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა ჩვენი კითხვის მოსმენის შემდეგ ტელეფონი გათიშა, ხოლო ზურაბ ტყემალაძე ჯერ იმან გააღიზიანა, რომ ეს თემა დღეს მედიაში ასე აქტუალურია, შემდგომ კი ერთდღიანი ვადა ითხოვა სტრასბურგის სასამართლოს სულ რამდენიმეგვერდიან დასკვნაზე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შინაარს არ იცნობს, მაგრამ მაინც ამბობს, რომ მერაბიშვილის პოლიტპატიმრად გამოცხადება სასაცილოა.

“არც წამიკითხავს, ვიცი რა მოხდა. როგორც იუსტიციის მინისტრის განცხადებიდან მოვისმინე, უნდა მივყვეთ პროცედურებს, როგორც კანონი მოითხოვს. თუ გასასაჩივრებელია გაასაჩივრებენ. მგონია მოვლენებს არ უნდა გავასწროთ. დღეს უკანონოდ ციხეში არავინ არ ზის. უკანონოდ ციხეში მერაბიშვილის და “ნაცების” დროს იჯდნენ. ჩვენ გვაქვს ქვეყანა. ქვეყანს აქვს კონსტიტუცია. თუ სტრასბურგის სასამართლომ რამე მოითხოვა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს გადაწყვეტილება უაპელაციოდ უნდა შესრულდეს. ჩვენ ჩვენი კანონმდებლობა გვაქვს. მაშინ რად გვინდა კონსტიტუცია და კანონმდებლობა? რასაც იტყვის სტრასბურგის სასამართლო ის გავაკეთოთ, ასე ხომ არ არის?! რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის პოლიტპატიმრობას ეს სასაცილოა.” – აცხადებს პაპუაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას.

მერაბიშვილის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემაც. უსუფაშვილმა ირიბად ხელისუფლების, კონკრეტულად იუსტიციის სამინისტროს მიერ დაშვებულ შეცდომებზე მიანიშნა.

“ნებისმიერი დამნაშავის ოცნებაა, რომ ჰყავდეს ისეთი პროკურორი, გამომძიებელი, მოსამართლე, რომელიც დაუშვებს ისეთ შეცდომებს, რომელიც შემდგომ დამნაშავეს მისცემს საშუალებას ამაზე აპელირების და ეს კანონში წერია, რომ საპროცესო უფლებები დაცული უნდა იქნეს და ასეთ შემთხვევაში, დამნაშავე სწორედ ამაზე ოცნებობს, რომ ამითი მოახდინოს თავისი რეაბილიტირება. მეორე ოცნება დამნაშავეების, რომლებიც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში არიან გარეული, არის ჰყავდეს ისეთი პოლიტიკური ოპონენტები ხელისუფლებაში, რომლებიც თავიანთი განცხადებებით შექმნიან ისეთ ფონს, რომ ვიღაცამ დაასკვნას, რომ ისინი პოლიტიკური ნიშნით არიან დევნილი და არა კანონი სდევნის მას. არ არის გამორიცხული, რომ ვანო მერაბიშვილსაც ჰქონდა ასეთი ოცნებები და მისი ოცნებების ნაწილი შესაძლოა ახდა.” – განაცხადა უსუფაშვილმა.

ხელისუფლებას ევროპული მომავალი შეახსენა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა დავით ბაქრაძემ. მისი თქმით, სახელმწიფოს პრესტიჟი შიდადაპირისპირებას არ უნდა შეეწიროს.

„უკვე არა ჩვენი, არა პოლიტიკოსების, არა მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, არამედ სტრასბურგის სასამართლოს ოფიციალური გადაწყვეტილებით, ვანო მერაბიშვილი გახლავთ პოლიტიკური პატიმარი. ასეთი განაჩენი ევროპის სასამართლოს ისტორიაში არის ძალიან ცოტა. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიჩინოს ადეკვატურობა და საკუთარ ბოღმას ნუ გადააყოლებს საქართველოს ევროპულ მომავალს”. – ამბობს ბაქრაძე.

პაატა ბურჭულაძის პარტიის “სახელმწიფო ხალხისთვის” მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში და იუსტიციის მინისტის ყოფილი მოადგილე დავით ჯანდიერი ყოფილ უფროსს აკრიტიკებს და ამბობს, რომ წულუკიანმა ევროპის სასამართლოში მერაბიშვილთან პირწმინდად წააგო საქმე.

“სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ რვათვიანი დაკავების ეტაპი კონვენციის პირობებს შეესაბამებოდა. ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლო არ შესულა იმის განხილვაში, თუ რამდენად სამართლიანი იყო მერაბიშვილის დაკავება, თუმცა ამავდროულად აღნიშნა, რომ ის იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და მას შესაძლოა ძიებაზე გარკვეული გავლენა ჰქონოდა. ამიტომ, მისი დაკავება კონვენციის მოთხოვნებს შეესაბამებოდა. პრობლემური იყო ის ნაწილი, როდესაც ვანო მერაბიშვილმა მოითხოვა შეფარდებული აღკვეთი ღონისძიების გადახედვა სასამართლოს მიერ. სასამართლომ ნაცვლად იმისა, რომ რეაგირება მოეხდინა იმ აღმკვეთ ღონისძიებაზე, შემოიფარგლა მხოლოდ ერთ წინადადებით და ევროპულმა სასამართლომ ჩათვალა, რომ არ იყო საკმარისი ტრაფარეტული ფრაზა იმ პირობებში, როდესაც საქმე ადამიანის თავისუფლების შეზღუდვას ეხება. ამ ნაწილში საქართველომ ვერ უზრუნველყო ის მოთხოვნები, რომლებიც მის მიმართ იყო წაყენებული. ეს არის ცალსახად ვანო მერაბიშვილის სასარგებლო გადაწყვეტილება და მიკვირს იუსტიციის მინისტრის, რომელმაც ასე პირწმინდად წააგო ეს სასამართლო და რომელიც ახლა გვემუქრება, რომ ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. წულუკიანი ამას იმიტომ აკეთებს, რომ როგორც პოლიტიკურმა ფიგურამ თავის თავი არჩევნებამდე შეინარჩუნოს. დარწმუნებული ვარ,  გასაჩივრებას არავითარი შედეგი არ მოჰყვება.” – აცხადებს ჯანდიერი ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.

ჯანდიერის თქმით, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ორ ნაწილს მოიცავს: პირველი, მოხდა თუ არა კონვენციის დარღვევა და მეორე – თანხობრივი კონპენსაციის განსაზღვრა. პირი პოლიტპატიმარი არის თუ არა ამას სტრასბურგის სასამართლო არ განსაზღვარავს და როგორც წესი, ამ საკითხს  ევროსაბჭოს წარმომადგენლები ადგენენ.

“რაც შეეხება ამ გადაწყვეტილების აღსრულების საკითხს. მას შემდეგ რაც გადაწყვეტილება ძალაში შედის ის ეგზავნება მინისტრთა კომიტეტს, მინისტრთა კომიტეტის შემადგენლობაში შედიან 46 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, ეს არის მთავარი ორგანო ევროსაბჭოში, რომელიც ზედამხედველობას უწევს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს. აქ უკვე საინტერესოა მინისტრთა კაბინეტი, როგორც პოლიტიკური ორგანო, რა შეფასებას მისცემს ევროპის სასამართლოს დღეს გამოტანილ გადაწყვეტილებას”. -აღნიშნავს ჯანდიერი.

ვანო მერაბიშვილს პოლიტპატიმრად მისი ადვოკატი ოთარ კახიძე მოიხსენიებს და ექსპრემიერის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

„ევროსასამართლოს საქართველოსთან მიმართებაში პირველი გადაწყვეტილებაა, როდესაც დადგინდა, რომ ქვეყანაში გვყავს პოლიტიკური პატიმარი. ეს არის ევროკონვენციის მე-18 მუხლი. ვანო მერაბიშვილი არის მესამე პოლიტიკოსი იური ლუცენკოსა და იულია ტიმოშენკოსთან ერთად, რომელზეც სასამართლომ მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა. ეს არის სიგნალი ხელისუფლებისთვის, რომ მათ დაუყოვნებლივ მიიღონ ყველა ზომა საქართველოს ხელისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ პოლიტპატიმარი მერაბიშვილი“. – აცხადებს კახიძე.

შეგახსენებთ, ვანო მერაბიშვილი 2013 წელს დააკავეს და მას ბრალი სამი მუხლით წაუყენეს: ამომრჩევლების მოსყიდვა, სხვისი ქონების მითვისება და თანამდებობრივი უფლებამოსილების ბროროტად გამოყენება. მერაბიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2013 წლის 22 მაისს შეუფარდა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ. 25 მაისს კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მერაბიშვილის საჩივარი აღკვეთის ღონისძიების ფორმის შეცვლაზე. ამას გარდა, 2014 წლის თებერვალში თბილისის სასამართლომ 2011 წლის 26 მაისს საქმეზე მას პატიმრობა მიუსაჯა 4 წლით და 6 თვის ვადით.

მერაბიშვილის კიდევ რამდენიმე სარჩელი უზენაეს სასამართლოში ამ დრომდე არ არის განხილული.

რაც შეეხება სტრასბურგის სასამართლოს, ევროპის სასამართლო მსჯელობდა 2013 წლის 22 და 25 მაისს მიღებული გადაწყვეტილებების ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის მეხუთე თავის რამდენიმე პუნქტისა და მეთვრამეტე მუხლთან შესაბამისობაზე. მერაბიშვილის მხარის პოზიციით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით საფუძვლიანი დასაბუთების გარეშე მოხდა. მერაბიშვილის პოზიციით, მის წინააღმდეგ არსებული სასამართლო საქმეები პოლიტიკური შინაარსის მატარებელია.

 

 

 

 

იტვირთბა....