ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ხათუნა ლაგაზიძე, როგორც თვითმხილველი, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის დაკავებას ეხმაურება

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტის დაკავების ფაქტს და შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას პარტია “სახელმწიფო ხალხისთვის” წევრი ხათუნა ლაგაზიძე ეხმაურება. ლაგაზიძის თქმით, ის ამ ფაქტის თვითმხილველია და შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ბევრი უზუსტობაა.

“ურეკში მაინც არ ვიყო, რუსთავი 2-ის კორესპონდენტის დაკავების თაობაზე შსს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აბსოლუტურად ყალბი ფაქტებია მოყვანილი! ეს იყო ხელისუფლების მიერ გამოკვებილი ხალხი, რომელიც ურეკის დანგრეული გზის გადაღების უფლებას არ აძლევდა. ძალიან მარტივია ხალხო, უბრალოდ გამოიკვლიეთ სად მუშაობენ პროვოკაციაში მონაწილე ადამიანები და მათი ოჯახის წევრები! – წერს ლაგაზიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, შსს–ს ინფორმაციით, ჟურნალისტი ლადო მენაბდე ურეკში 8 ივნისს აწარმოებდა ვიდეოგადაღებას, რა დროსაც მას შელაპარაკება მოუვიდა ადგილობრივ მცხოვრებლებთან, რომლებიც საკუთარი სახლის წინ სადილობდნენ. ადგილობრივებმა მენაბდის მიერ მათი უნებართვოდ გადაღების ფაქტი გააპროტესტეს. ინციდენტის ადგილზე მივიდა გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის სამმართველოს ურეკის განყოფილების უბნის ინსპექტორი, რომელიც ახლომდებარე ტერიტორიაზე სამსახურებრივ შემოვლას აწარმოებდა.

“პოლიციის თანამშრომელმა კონფლიქტის განმუხტვა სცადა და ინციდენტის მონაწილე პირებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. ამ დროს ჟურნალისტმა, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა, სამართალდამცველს შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარი კონფლიქტის დეტალების გარკვევის მიზნით, უბნის ინსპექტორმა ჟურნალისტის შეყოვნება სცადა და მას პოლიციის განყოფილებაში მისვლა სთხოვა. თუმცა, ლადო მენაბდე არ დაემორჩილა სამართალდამცველის მოთხოვნას და წინააღმდეგობა გაუწია. მან უბნის ინსპექტორს ხელი ჰკრა, რა დროსაც სამართალდამცველი დაეჯახა ჟურნალისტის ავტომანქანის საქარე მინას და ხელი დაიზიანა. დაზიანდა საქარე მინაც. ადგილზე მივიდნენ გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის სამმართველოს თანამშრომლები და კონფლიქტში მონაწილე მხარეები, გამოკითხვის მიზნით, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს”. – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

იტვირთბა....