ასეთი სათაურის შემდეგ, დარწმუნებული ვარ, ბევრი ინტრიგანი პრორუსულ იარლიყს მომაწებებს. ეს მართლა არ მაინტერესებს. ის ვინც მიცნობს, კარგად იცის ჩემი სისხლხორცეული დამოკიდებულება ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მიმართ. ვინც არ მიცნობს, შეუძლია ეროვნულ ბიბლიოთეკაში მიბრძანდეს და ჯერ კიდევ 90-იან წლებში ჩემი გამოქვეყნებული წერილები ნახოს “რეზონანსში“, ან უბრალოდ იმ გაზეთის (www.metronome.ge) რუბრიკა „ჩვენს შესახებ“ წაიკითხოს, რომელსაც მე ვრედაქტორობ. მარტივად ვიტყვი, ჟურნალისტი ვარ და უფლება მაქვს გავაკრიტიკო ნებისმიერი პერსონა, თუკი ჩავთვლი რომ ის კრიტიკას იმსახურებს.
ევროსაბჭოს მოწვევით, ბერლინში, კონფერენციაზე (იხილეთ მოწვევა ქვევით), რომელიც არჩევნების თემას უკავშირდება, გასამგზავრებლად ვემზადებოდი. ინფორმაცია მოვიდა, რომ გერმანიამ ვიზალიბერალიზაციის საკითხი დაბლოკა. წინა დღით გერმანიის საელჩოსაც ვეკონტაქტე და გასამგზავრებლად, საორგანიზაციო საკითხების მოგვარებით ვიყავი დაკავებული. გადავიფიქრე. გერმანიაში აღარ მივდივარ… აღარ მივდივარ პროტესტის ნიშნად, რადგან ვთვლი, რომ ის მიზეზი, რის გამოც გერმანულმა მხარემ ასეთი ვერდიქტი დადო, რბილად რომ ვთქვათ, არასამართლიანია…
ეს ჩემი აზრია, ჩემი გადაწყვეტილებაა. ვისაც უნდა მეკამათოს, პრობლემა არ მაქვს. მე ასე ვგრძნობ მთელი სხეულით… მე ასე ვხედავ. ოღონდ ისინი ნუ შემეკემეთებიან, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ევროპის ასეთი წამყვანი ქვეყნის კრიტიკა არ შეიძლება და მითუმეტეს მაშინ, როცა მათთან ინტეგრაციის გზაზე ვდგავართ… სისულელეების მოსმენას არ ვაპირებ… როცა ვახსენებ გერმანიას, ვგულისხმობ ქვეყნის მმართველ გუნდს…
გერმანიაში ქართველი კრიმინალების უსაზიზღრეს ქცევებზე საუბარს და მორალის კითხვას არ ვაპირებ. არც იმას, რომ თურმე, ქართველები კრიმინალურ ქვეყანათა სიაში ბოლოდან მეორე ადგილზე არიან. თუმცა, ჩაღიმება მაინც ხომ შემიძლია, როცა ამ სიას ჩავხედავ და მერე გერმანელების მიზეზებს წაიკითხავ თუ რატომ გვბლოკავენ?! კრიმინალი ყველა ქვეყანაშია, მაგრამ ისევე როგორც ტერორიზმს, კრიმინალსაც ეროვნება არ აქვს.
პირადად ჩემთვის სამწუხაროა, რომ 21-ე საუკუნეში, მაშინ როცა ჩემი თანამემამულეები ავღანეთში ტერორიზმის წინააღმდეგ იბრძვიან სლოგანის ქვეშ – „ტერორიზმს ეროვნება არ აქვს“, ევროპის და მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ქვეყანაში სიას მიდგენენ, თუ რომელი ეროვნების ადამიანი უფრო მარდია კრიმინალურ საქმიანობაში და ამის საფუძველზე იბლოკება მთლიანად ქვეყანა, რომ მისი მოქალაქეები თავისუფლად გადაადგილდნენ გერმანიაში, ზოგადად ევროპაში.
ჩემი თანამემამულეები ავღანეთში იბრძვიან მსოფლიოს ყველა ქვეყნის და მათ შორის გერმანელების უსაფრთხოებისთვისაც. რომელი სიაა აპრიორი მსოფლიოსთვის? – ქართველი ჯარისკაცების ავღანური სია თუ გერმანული მხარის კრიმინალურ ქვეყანათა ჩამონათვალი, რომელშიც მაინც უნდა აღვნიშნო, რომ საქართველო ბოლოდან მეორე ადგილზეა. ამ კითხვას პასუხს ის აუდიტორია გასცემს სადამდეც მიაღწევს ჩემი პროტესტი.
დიახ, მე, გაზეთის რედაქტორი, პროტესტის ნიშნად აღარ მივდივარ დაგეგმილ კონფერენციაზე ბერლინში. თითქოს მერე რა?! ვიღაც ერთი ჟურნალისტი… ნამდვილად, დღეს მე ცოტა ვარ, მაგრამ იმედი მაქვს ხვალ, ჩემს პროტესტს ბევრი შეუერთდება… და ჩემი წარმოდგენა პუნქტუალური, ყველაზე მოწესრიგებული და შრომისმოყვარე გერმანელების მიმართ, იმ პერსონებზეც გავრცელდება, რომლებიც თვლიან, რომ საქართველო ევროპისთვის უნდა დაიბლოკოს.
დიახ, მე, გაზეთის რედაქტორი, პროტესტის ნიშნად აღარ მივდივარ დაგეგმილ კონფერენციაზე ბერლინში, იმიტომ რომ მინდა ევროპამ ჩემი ქვეყანა გაიცნოს არა კრიმინალური სამყაროთი, არამედ „ვეფხისტყაოსნით“ და მათი შთამომავლებით.
დიახ, მე, გაზეთის რედაქტორი, პროტესტის ნიშნად აღარ მივდივარ დაგეგმილ კონფერენციაზე ბერლინში, იმიტომ რომ ფართო აუდიტორია დაფიქრდეს, რამდენად ობიექტურია მცირერიცხოვანი კრიმინალური ჯგუფის გამო, დისკრიმინირებულ მდგომარეობაში ჩააგდო სრულიად მოაზროვნე უმრავლესობა. სხვათაშორის, ამ უმრავლეობიდან იყო ერთი ქართველი პერსონაც, რომელმაც გერმანიის გაერთიანებაში, ბერლინის კედლის დანგრევაში არც თუ ისე მცირე როლი შეასრულა.
დიახ, მე, გაზეთის რედაქტორი, პროტესტის ნიშნად აღარ მივდივარ დაგეგმილ კონფერენციაზე ბერლინში, რადგან ვთვლი, რომ საქართველოს კაცობრიობის წინაშე დანაშაული არასოდეს ჩაუდენია…
გენო ჯოხიძე
ბერლინის კონფერენციის მოწვევა იხილეთ (ქვევით)