„კაცი თავისთვის იჯდა, მაწონს ჭამდა და უცებ, პარტია შექმნა“- ამ განცხადებით „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ლევან ბერძენიშვილი თამაზ მეჭიაურის მიერ პარტიის შექმნას ეხმაურება. მისი თქმით, 2016 წლის არჩევნებში მეჭიაურს მაჟორიტარ დეპუტატად საკუთარი კანდიდატურის დაყენების შემთხვევაში, გამარჯვების შანსი აქვს.
„კარგია, როცა იცი, ვინ რას ფიქრობს. შეიძლება, მოგვწონდეს როგორც კომპოზიტორები, ასევე, ჟურნალისტები, მაგრამ ყოველთვის არ იცით, ისინი პოლიტიკაზე რას ფიქრობენ. მეჭიაური რა კაცია, ნამდვილად ვიცი. პოლიტიკაში რა უნდა ისიც ვიცი, განსხვავებით პაატა ბურჭულაძისგან. მეჭიაური გაცილებით გამოკვეთილი ლიდერია, თუმცა, იქნება თუ არა ის წარმატებული, ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შეძლებს პარტიული სტრუქტურების აწყობას. ეს დამოკიდებული პოპულარობასა და ვარსკვლავობაზე რომ იყოს, მას ეს აქვს. მის მოსაზრებებს არ ვეთანხმები, მაგრამ ვხედავთ, რომ პოპულარულია. მას ქარიზმა აქვს და შესაბამისად, გამოიყურება როგორც ლიდერი“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
როგორც ის ამბობს, მეჭიაური რაღაც ხმებს აიღებს, მაგრამ მას გამარჯვება და პოლიტიკაზე ზეგავლენა გაუჭირდება.
„ის, რომ ეს პარტია ხუთპროცენტიან ბარიერს გადალახავს ფანტასტიკის სფეროდანაა, მაგრამ მეჭიაურს შანსი აქვს, როგორც მაჟორიტარმა არჩევნები ბევრ ადგილას მოიგოს. გულწრფელად გეუბნებით, მას ეს შანსი აქვს, ოღონდ, კანდიდატურა მთლად ვაკეში არ უნდა დააყენოს, რადგან იქ განსხვავებული ვითარებაა. მეჭიაური ხმებს ირმა ინაშვილს და ნინო ბურჯანაძეს წაართმევს და არა ლიბერალურ პარტიებს, რადგან ასეთ იდეებს ჩვენი ამომრჩეველი პატივს არ სცემს. კაცი თავისთვის იჯდა, მაწონს ჭამდა და უცებ, პარტია შექმნა და გვერდით ის ადამიანები დაუდგნენ, რომლებითაც გავოცდი, რადგან თქვენ რომ გეთქვათ, მისი გუნდის წევრი ია მეტრეველი იქნებაო, გეტყოდით, რომ ეს ფანტასტიკის სფეროდან არის-თქო“, – ამბობს დეპუტატი.
ბერძენიშვილი ასევე ამბობს, რომ არჩევაზე თუ მიდგა საქმე, მას ირმა ინაშვილს თამაზ მეჭიაური ურჩევნია.
„მათთან თანამშრომლობას არ ვაპირებ, მაგრამ წარმატებას ვუსურვებ. ვინაიდან, ჩვენს პარლამენტში მოდაშია და თუკი თქვენ მკითხავთ, მეჭიაური მირჩევნია თუ ირმა ინაშვილი, გეტყვით, რომ მეჭიაური მირჩევნია“, – დასძენს ბერძენიშვილი.
შეგახსენებთ, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, თამაზ მეჭიაურმა პარტია – „თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის“ შექმნა, რომლის წევრებიც ლალი მოროშკინა, ია მეტრეველი, დავით ფაცაცია, სანდრო ბრეგაძე და ჯემალ სეფიაშვილი არიან.