ახალი ამბები კულტურა მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

წელსაც ფიროსმანისა და გუდიაშვილის ნახატები „რუსული არტის“ სექციაში გაიყიდება

ქართველი მხატვრების – ნიკო ფიროსმანის და ლადო გუდიაშვილის ნამუშევრებს 7 ივნისს ლონდონის „სოტბის“ სააუქციონო სახლი რუსული ხელოვნების ნიმუშების სექციაში გაყიდის. ამის შესახებ „სოტბის“ სააუქციონო სახლის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, სადაც  ლადო გუდიაშვილის ფიროსმანის პორტრეტის – „ჩვენი ნიკო“ საწყისი ფასი 4 ათასი ფუნტია, ფიროსმანის „შველი წყლის პირას“ საწყისი ფასი კი 150 000 ფუნტიდან იწყება.

მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა გასულ წელსაც, როდესაც ლონდონში, კრისტის აუქციონზე ნიკო ფიროსმანის „არსენალის მთა“ ასევე რუსული მხატვრობის სექციაში იყო განთავსებული. მაშინ ნახატი საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 1 486 100 დოლარად შეიძინა.

2015 წელს ამ ფაქტთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროს პოზიცია ასეთი იყო:

”ნახატი რუსული ხელოვნების სექციაშია განთავსებული, თუმცა ტილოს აღწერისას მითითებულია, რომ მისი ავტორი ქართველია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე უკვე ესაუბრა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელს დავით ლორთქიფანიძეს. შედეგად, უახლოეს მომავალში, მუზეუმი დაიწყებს მუშაობას იმ საკითხზე, რომ ქართველი მხატვრებისა და ხელოვანების ნამუშევრები არ მიაკუთვნონ რუსული არტის სექციას და მოხდეს ნამუშევრების იდენტიფიცირება შესაბამის განყოფილებასთან”, — აღნიშნულია 2015 წელს, კულტურის სამინისტროს განცხადებაში.

ტილოს აღწერაში ახლაც მითითებულია მხატვრის ეროვნება, თუმცა ის მაინც რუსულ სექციაშია განთავსებული.

firosmani

„მეტრონომი“ კულტურის სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ამ საკითხზე მუშაობა უწყებამ იმ დღიდან დაიწყო, რაც აღნიშნული ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა. როგორც სამინისტროში განგვიმარტეს, სამწუხაროდ ამ აუქიცონზე სექციის ცვლილება ვერ მოხერხდა, თუმცა ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება.

„ჩვენ, როგორც კი გავიგეთ, რომ ისევ იგეგმებოდა „სოტბის“ აუქციონზე 7 ივნისს ამ ნახატების გამოტანა,  ოფიციალური წერილით საგარეო საქმეთა სამინისტროს მივმართეთ. მათაც არ დააყოვნეს და ოფიციალური წერილით მიმრთეს ჩვენს საელჩოს ბრიტანეთში, თავის მრივ საელჩოსაც ამ საკითხზე ძალიან სწრაფი რეაგირება ჰქონდა და ქალბატონმა თამარ ბერუჩაშვილმა გააგზავნა ოფიციალური წერილი „სოტბის“ აუქციონზე, ასევე MacDougall-ის ძალიან ცნობილ აუქციონზეც, რომ გაეთვალისწინებინათ ჩვენი მოთხოვნა. რამდენადაც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ბრიტანეთის საელჩოსგან, MacDougall-ის აუქციონმა, თავის პრესრელიზში დაწერა, რომ ლადო გუდიაშვილი „რუსული და ქართული ხელოვნების აუქციონზეა“ წარმოდგენილი. რაც შეეხება „სოტბის“ აუქციონს, აქ ერთმნიშვნელოვნად გაესვა ხაზი, რომ ნიკო ფიროსმანი და ლადო გუდიაშვილი, არიან ქართველი მხატვრები. ამ საკითზე მათი მხრიდანაც და ჩვენი მხრიდანაც  მუშაობა გრძელდება. თუ საჭირო იქნება კიდევ დაიდება ოფიციალური წერილი, რომ მოხდეს სექციის ცვლილება. სამწუხაროდ ამ აუქციონზე სექციის ცვლილება ვერ მოხერხდა, თუმცა ხაზი გაესვა ავტორების ქართულ წარმომავლობას. სამომავლოდ ჩვენ ვაგრძელდებთ მუშაობას ამ მიმართულებით და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საბოლოოდ მიზანს მივაღწევთ“- განუცხადეს „მეტრონომს“ კულტურის სამინისტროში.

იტვირთბა....