“იმედია, დავაჩქარებთ ჩვენს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეებისათვის,“ – ასე გამოეხმაურა ოკუპირებულ აფხაზეთში ფეხბურთის ჩემპიონატის ჩატარებას პარლამენტის ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” მდივანი, შალვა შავგულიძე.
“ეს არის ჩემპიონატი არაღიარებული ქვეყნების. იმედი მაქვს, თუ ჩვენ განვახორციელებთ სწორ პოლიტიკას და მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ და დავაჩქარებთ ჩვენს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეებისათვის, მალე როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალის რეგიონში ჩატარდება შეჯიბრებები უკვე საქართველოს სახელით,“ – განაცხადა შალვა შავგულიძემ.
ცნობისთვის, საქმე ეხება საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკ აფხაზიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც აფხაზეთი, არაღიარებული ქვეყნების ფეხბურთის ჩემპიონატის პირველ თამაშს უმასპინძლებს. ფეხბურთის დამოუკიდებელი ასოციაციების კონფედერაციის (ConIFA) ვიცე- პრეზიდენტის, დიმიტრი ფაღავას განცხადებით, ჩემპიონატის მიმდინარეობას 16 მსაჯი გააკონტროლებს. „სპუტნიკ აფხაზიას” ინფორმაციით, ფიფა-ს წარმომადგენლები სოხუმში, 30 მაისს ჩავლენ და დე ფაქტო სახელმწიფოების ჩემპიონატის მიმდინარეობას დააკვირდებიან.