“ჩვენ აღარ უნდა ვიოცნებოთ, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ“- ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ, დღეს გამართულ პირველ პარტიულ ყრილობაზე განაცხადა.
ახალი პოლიტიკური ძალის ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ მისი პარტია ხელისუფლებაში მოსასვლელად იბრძოლებს და დღეიდან იწყებს ამისთვის ბრძოლას.
„ჩემი სურვილი არ არის, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს კიდევ ერთი პოლიტიკოსი შევმატო ჩემი სახით. ჩვენ უნდა შევცვალოთ საქართველო, ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ ახალი სახელმწიფო, რომელიც ნამდვილად იქნება ხალხისთვის. ამიტომ ჩვენ მარტო პოლიტიკაში კი არ მოვდივართ, ჩვენ მოვდივართ ხელისუფლებაში და ეს გარდაუვალია. ჩვენ ვიქნებით უფრო ეფექტური, ვიდრე წინა მთავრობები. დღეს იბადება მოძრაობა, რომელიც გამოაღვიძებს საქართველოს. დღეს იბადება ძალა, რომელიც შექმნის ახალ სახელმწიფოს ხალხისათვის,“ – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ, რომელმაც სპორტის სასახლეში შეკრებილებს მისი გუნდის პოლიტიკური პროგრამის ძირითადი მიმართულებები გააცნო.