aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“მეტრონომი” დოკუმენტებს აქვეყნებს: ვის ეკისრება პასუხისმგებლობა არასწორ საკადრო პოლიტიკაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბიოგრაფია, რომლის გამოც, საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნა, გონივრულ ეჭვს იწვევს…

ცოტა ხნის წინ, შინაგან საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის მეორე სამმართველოს უფროსად პოლკოვნიკი ვალერი სიხარულიძე დანიშნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი შოთა უტიაშვილი “მეტრონომთან” საუბარში ამბობს, რომ აღნიშნულ სამმართველო დისლოცირდება სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიაზე და მას ევალება საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიების დაცვა.

ამ სამმართველოს კომპეტენცია საოკუპაციო ზოლის დაცვაა, მათ შორის სოფელი ხურჩის, სადაც 19 მაისს ე.წ საზღვართან საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია მოკლეს.

ერთ შეხედვით ჩანს, რომ შს მინისრტმა საკადრო გადაადგილება სწორედ ოთხოზორიას მკვლელობის გამო გადაწყვიტა, თუმცა რატომ შეარჩია თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, უცნობია.

ვალერი სიხარულიძე, რომელზეც შსს-მ არჩევანი შეაჩერა 2015 წლის 27 ნოემბერამდე გენშტაბის სახმელეთო ძალების უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელი იყო. ის სამსახურიდან ნეპოტიზმის ფაქტების აღმოჩენის გამო გამოუშვეს. დოკუმენტებში (იხილეთ ქვევით), რომელსაც გენერალური ინსპექციის უფროსი ირაკლი იმერლიშვილი აწერს ხელს, ნეპოტიზმის რამდენიმე შემთხვევაა განხილული და სწორედ აღნიშნული გახდა მაშინ სიხარულიძის თანამდებობიდან გადაყენების მიზეზი.

“მეტრონომთან” საუბარში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გივი თარგამაძე ამბობს, რომ თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი მოითხოვდა სიხარულიძეს ეს თანამდებობა არ დაეკავებინა. სავარაუდოდ, ხიდაშელმა თანხმობაც მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროდან, თუმცა ეს პირობა უწყებამ არ შეასრულა.

ჩნდება კითხვა, რატომ დასჭირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე თავდაცვის სამინისტროდან რამდენიმე თვის წინ გაშვებული კადრის დანიშვნა?

“როდესაც თავდაცვის მინისტრმა ასეთი დანიშვნის შესახებ გაიგო გამოთქვა პროტესტი. წინა პარასკევს მას აღუთქვეს, რომ საკითხი მოხსნილი იყო და ეს ადამიანი აღარ დაინიშნებოდა. მერე, მასთან შეუთანხმებლად, ისე რომ ხიდაშელს ინფორმაციაც არ ჰქონდა, სიხარულიძე პირდაპირ დაინიშნა. სიხარულიძის დანიშვნა კონტრაბანდისტული სქემების კიდევ უფრო გამტკიცებაა, განსაკუთრებით მაშინ თუ მის “ცოდნას” ნეპოტიზმისა და კორუფციის კუთხით გავითვალისწინებთ. ვალერი სიხარულიძეს ზურგის ოფიცერსაც უწოდებენ. ის იმ კორუფციის განმტკიცებას შეეცდება, რაც წლების მანძილზე ხელისუფლების მხრიდან გუბერნატორმა შონიამ ჩამოაყალიბა. ის მჭიდრო კონტაქტშია აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედ სამ კანონიერ ქურდთან, რომელთაგან ერთ-ერთი თემურ გვასალია, ამ ბრალდებით საქართველოში დაჭერილი იყო, თუმცა პროკურატურამ პირდაპირი დავალებით მასზე საქმე დაშალა და ისე გაათავისუფლა ციხიდან. სიხარულიძის დანიშვნის საქმეში ოკუპანტებიც არიან ჩართულნი, რადგან ხმები, რომლებიც არსებობს ბატონ სიხარულიძეზე მიანიშნებს იმას, რომ ის როგორც მინიმუმ, რუსეთის აგენტია. ცინიკურია, ხურჩაში ქართველი ახალგაზრდის მკვლელობის პასუხად, ამ ადამიანის დანიშვნა. ქართულ ჯარში ვალერი სიხარულიძის რუსეთის აგენტობასთან დაკავშირებით ყველასთვის ცნობილია და ამ მიმართულებით საკმაოდ ჩამოყალიბებული აზრიც არსებობს.” – აცხადებს თარგამაძე.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრის თქმით, სიხარულიძის წინამორბედი, ნაცვლად იმისა, რომ პასუხი მოეთხოვათ ხურჩაში მომხდარ ფაქტზე, ის ვაზიანში დისლოცირებულ პირველი სამმართველოს უფროსად გადაიყვანეს.

“არ იფიქროთ, რომ მისი წინამორბედი შენგელია დაისაჯა ხურჩის მკვლელობის გამო. ის მშვიდობიანად იქნა გადაყვანილი იგივე დეპარტამენტის ვაზიანში დისლოცირებული პირველი სამმართველოს უფროსად. აღსანიშნავია, რომ სიხარულიძეც და შენგელიაც არიან ამ დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ლორთქიფანიძის პროტეჟეები”. – ამბობს თარგამაძე.

რატომ მოხდა სიხარულიძის დანიშვნა ხიდაშელის გვერდის ავლით და რატომ არ იყო “რესპუბლიკელების” მინისტრის პოზიცია შსს-თვის გადამწყვეტი მაშინ, როცა საქმე საჯარო სამსახურში გამოვლენილ არაკეთილსინდისიერებას ეხება.

ამ კითხვით “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთ ლიდერ დავით ზურაბიშვილს მივმართეთ. ზურაბიშვილის თქმით, საკითხს არ იცნობს და სიხარულიძეზეც არაფერი სმენია.

რამდენიმე თვეში 8-9 ივლისს ვარშავაში ნატოს სამიტი იმართება, პრემიერი და თავდაცვის მინისტრი ირწმუნებიან, რომ სამიტზე საქართველოს ხიდაშელი წარადგენს. სწორედ ამის შემდგომ გახდება ცნობილი სადამდე გაგრძელდება კოალიციასა და “რესპუბლიკურ პარტიას” შორის “თანამშრომლობა”.

სავარაუდოდ ვარშავის სამიტის დასრულების შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას ხიდაშელი გააგრძელებს თუ არა თავდაცვის მინისტრად მუშაობას.

“მეტრონომი” შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. გვინდოდა გაგვეგო რის გამო შეაჩერა შსს-მ არჩევანი ვალერი სიხარულიძეზე და რატომ არ აღმოჩნდა თავდაცვის სამინისტროს გენინსპექციის გადაწყვეტილება მათთვის მნიშვნელოვანი. შსს-დან პასუხს ამ დრომდე ველით. უწყებიდან ინფორმაციის მიღებისთანავე, “მეტრონომი” დაუყონებლივ მოგაწვდით ინფორმაციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით…

ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ მიუხედავად სერიოზული წინააღმდეგობისა, ასეთ მაღალ და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, ასეთი კადრის დაჟინებით გაყვანა-დანიშვნა, საკმაოდ მაღალ ეშელონებში გადაწყდა.

დღეს, საკადრო შეცდომებზე ერთი ადამიანიც თუ იღებს მთავრობაში ხმას, ცუდი არ არის. თუგინდ, საჯაროდ არ გამოჰქონდეს მას ინფორმაცია და შიგნით მაინც უწევდეს წინააღმდეგობას ხელისუფლების შიგნით არსებულ, რბილად რომ ვთქვათ, არამდგრად სიტუაციას, მაგრამ თუკი ხვალ, ამის გამო რაიმე ქვეყნისთვის საზიანო მოხდება, ამ ერთი შეხედვით, უცნაურ და წინდაუხედავ გადაწყვეტილებაზე ყველას ერთად უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა.

1

2

3

 

 

 

 

 

იტვირთბა....