„ეს იყო თავხედური ფარსი და ქართული საზოგადოების შეცდომაში შეყვანის კიდევ ერთი მცდელობა იმ ძალის მიერ, რომელსაც არც ფანტაზია, არც ნება და კომპეტენცია არ ჰყოფნის რაიმე ახლის გასაკეთებლად“ – ამის შესახებ დიასპორის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაპუნა დავითაიამ განაცხადა. ის ამით ლევილის მამულის გადმოცემასთან დაკავშირებით თეა წულუკიანის განცხადებას გამოეხმაურა.
საქმე ეხება, შეთანხმებას, რომელსაც ხელი 26 მაისს, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოაწერეს. როგორც დავითაიამ განაცხადა, ეს შეთანხმება 5 წლის წინ, 2011 წლის 23 მაისს უკვე გაფორმებული იყო.
„გუშინ კიდევ ერთხელ გავხდით საქართველოს მოქმედი მთავრობის მხრიდან უკვე ტრადიციად ქცეული ტყუილის და ცინიზმის მოწმე. როდესაც მათ ვითომდა რამე ახალ შედეგს მიაღწიეს ლევილის მამულის გადმოცემის საქმეში. ეს იყო თავხედური ფარსი და ქართული საზოგადოების შეცდომაში შეყვანის კიდევ ერთი მცდელობა იმ ძალის მიერ რომელსაც არც ფანტაზია, არც ნება და კომპეტენცია არ ჰყოფნის რაიმე ახლის გასაკეთებლად. რომელიც დღესაც კი მათი ხელისუფლებაში მოსვლიდან 4 წლის შემდეგ მხოლოდ პლაგიატითა და სხვების მიერ უკვე გაკეთებული საქმეების თავის თავზე მიწერით არიან დაკავებული. საქმე იმაშია, რომ შეთანხმება, რომელიც გუშინ 26 მაისს მინისტრებმა წულუკიანმა და დუმბაძემ ორგანიზაცია “ქართული კერის” წარმომადგენლებთან ერთად დიდი ზარ-ზეიმით გააფორმეს, სინამდვილეში 5 წლის წინ 2011 წლის 23 მაისს იყო გაფორმებული. მეტიც მოლაპარაკებები წარმატებით იყო დასრულებული საფრანგეთის ხელისუფლებასთან რომლის მხარდაჭერასაც მოითხოვდა იმ პროექტის განხორციელება რომელზეც ჩვენ, საქართველოს მაშინდელი მთავრობა და საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის შთამომავლები შევთანხმდით. 2011 წლის 7 ოქტომბერს საფრანგეთის პრეზიდენტმა ბატონმა ნიკოლა სარკოზიმ, თბილისში მისი ვიზიტის დროს გაახმოვანა მისი სახელმწიფოს ეს მხარდაჭერა აღნიშნული პროექტისადმი”, – განაცხადა პაპუნა დავითაიამ.
მისი თქმით, მას აქვს ასევე არქიტექტურული ესკიზები, რომელიც დეტალურად ასახავს ლევილის შატოში დაგეგმილი ქართულ-ფრანგული საგანმანათლებლო კულტურული ცენტრის პროექტს.
„მე ეს ესკიზები ჩემს ადგილმონაცვლეს 2012 წელს გადავაბარე რათა დარჩენილი საქმე გაეგრძელებინათ და 2014 წლისთვის აღნიშნული ცენტრი გახსნილიყო. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობა, ნაცვლად იმისა რომ ახალი იდეებითა და პროექტებით აგრძელებდეს ქვეყნის წინსვლას, დაკავებულია მათი წინამორბედების გაკეთებული საქმეების პლაგიატით. ამ უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლში კი იხარჯება ჩვენი ქვეყნისთის ძალიან ძვირფასი დრო და ფინანსური რესურსები“, – განაცხადა პაპუნა დავითაიამ.