პოლიტოლოგი გია ნოდია სოციალურ ქსელში ჟურნალისტი და აწ უკვე პოლიტიკოსი მერაბ მეტრეველის მიერ გიგა ბოკერიას კრიტიკას ეხმაურება. ნოდია შედარებას აკეთებს, თუ მისი აზრით, რა განსხვავებაა რეალურად მერეთი-კარალეთისა და კორცხელის ინციდენტებს შორის.
„ფეისბუქზე შემომხვდა აწ უკვე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, მერაბ მეტრეველის პოსტი, რომელიც გიგა ბოკერიას კარალეთის 2012 წლის ინციდენტში „ნაციონალური მოძრაობის“ „გაპრავებისთვის“ აკრიტიკებდა. შემდეგ ვნახე „რუსთავი2-ის“ ეთერში თვით გიგა ბოკერიას ის მსჯელობა, რომელიც კრიტიკის საგანი გახდა.
ხოდა, პირველ რიგში, მეტრეველის პოსტი ძნელია სხვაგვარად შეაფასო თუ არა, უბრალოდ, პირდაპირი ტყუილი: ბოკერია არა მარტო ცალსახად გმობს კარალეთში მომხდარ ძალადობას, არამედ იმასაც ამბობს, რომ მასზე „ნაციონალური მოძრაობა“ იყო პასუხისმგებელი. მისი შეფასება ინტერპრეტაციის სივრცეს არ ტოვებდა: შეუძლებელია, პატიოსანმა და რაციონალურმა ადამიანმა ის „გაპრავებად“ ჩათვალოს. საუკეთესო შემთხვევაში, მეტრეველს უბრალოდ არ ესმის, რას ნიშნავს რაიმის „გაპრავება“, ან, წესიერი ქართულით რომ ვთქვათ, გამართლება.
სხვა ამბავია, რომ ბოკერია საუბრობს განსხვავებაზე კარალეთის და კორცხელის ეპიზოდებს შორის. განსხვავებაზე საუბარი, და იმ, ჩემი აზრით, აშკარა ფაქტის ხაზგასმა, რომ ეს განსხვავება დღევანდელი ხელისუფლების სასარგებლოდ არ მეტყველებს, არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს კარალეთის (ან რომელიმე სხვა) ძალადობის გამართლებას.
ამ ყველაფერზე იმიტომ გავამახვილე ყურადღება, რომ განსხვავების, როგორც კატეგორიის უარყოფა, მეტიც, მისი შიში ე.წ. „შუაშისტური“ მენტალიტეტის ძირითადი ავადმყოფობაა. შუაშისტური მეტაფიზიკის ძირითადი პოსტულატი არის არა მხოლოდ ის, რომ „ყველა ცუდია“ (ცხადია, ჩვენს გარდა, ან ჩემს გარდა), არამედ – და ეს მთავარია – რომ იმ ცუდებს შორის განსხვავება არ არსებობს. განსხვავებაზე ლაპარაკი მკრეხელობაა, ძირითადი პრინციპის ღალატია. ჩემი აზრით კი, ეს ზოგადად აზროვნებაზე უარის თქმაა, რადგან მოაზროვნე ადამიანი მხოლოდ თეთრსა და შავს შორის განსხვავების დანახვით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. სამყარო გაცილებით უფრო მრავალფეროვანია.
რაც შეეხება თვით კონკრეტულ შემთხვევებს, განსხვავება პირველ რიგში იმაშია, რომ „ნაციონალების“ ხელისუფლებამ დასაჯა მერეთის და კარალეთის ინციდენტის მონაწილეები (ხალხს რატომღაც მარტო კარალეთი ახსოვს, ალბათ, გალაქტიონის ხათრით), თანაც არა ასლარიანი ჯარიმით, არამედ ხანმოკლე, მაგრამ პატიმრობით. შეიძლება ვიდავოთ, სამართლიანად იყო თუ არა ბრალი გადანაწილებული და რამდენად ადექვატური იყო სასჯელი – არ ვამტკიცებ, რომ იყო. მაგრამ დამნაშავეთა დასჯით ხელისუფლებამ გამოიჩინა ამგვარი პრაქტიკის შეწყვეტის პოლიტიკური ნება – და რაც მთავარია, ის შეწყდა. იმიტომაც ახსოვს ყველას კარალეთი, რომ ამის შემდეგ ასეთი რამ აღარ ყოფილა და „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანია, არსებითად, მშვიდ ატმოსფეროში მიმდინარეობდა. (ეჭვი არ მეპარება, რომ მაშინ ხელისუფლების მიმართ სხვა პრეტენზიებიც არსებობდა, მაგრამ მე მხოლოდ ოპოზიციის მიმართ „ხალხისგან” მომდინარე დემონსტრაციულ ფიზიკურ ძალადობაზე ვლაპარაკობ).
ამისგან განსხვავებით, „ქართული ოცნება“ მხოლოდ ზოგადად „ძალადობის“ აბსტრაქტული კრიტიკით იფარგლება და იმასაც კი არ აკეთებს, რომ საკუთარი კუნთმაგარი აქტივისტების ქმედება (ხომ აღარ ამბობს, რომ იქ შემთხვევით მოხვედრილი ტურისტები არიან) ცალსახად დაგმოს. მეტიც, ოპოზიციის მიმართ დაუსჯელი ფიზიკური ძალადობა და მისი გამართლება ან ხალხის სპონტანური რისხვით, ან ნაციონალების „პროვოკაციებით“ („აბა, ქუჩაში რატომ დადიან?“) ქართული ოცნების თანმიმდევრული პოლიტიკაა, რომელსაც ის რეგულარულად მიმართავს ხელისუფლებაში მოსვლის დროიდანვე. მათი საყვარელი სიტყვა რომ ვიხმაროთ, ეს ხელისუფლების სისტემური დანაშაულია.
მერეთ-კარალეთსა და კორცხელს შორის სხვა განსხვავებებიცაა (მაგალითად, პირველ შემთხვევებში, რამდენადაც მახსოვს, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა, ამ რეგიონში პროფესიონალი მცემელები საგანგებოდ არ ჩაუყვანიათ და ა.შ.). მაგრამ ამაზე აღარ გავჩერდები. გასაგებია, რომ ზოგადად, ისიც ცუდი იყო და ესეც.” – წერს გია ნოდია.