ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

„პოლიციის მხრიდან საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტთან“

ექსკლუზიური ინტერვიუ “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” იურისტ სოფო ვერძეულთან

არასამთავრობო ორგანიზაციები კორცხელის ინციდენტზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით პრეტენზიებს გამოთქვამენ.

კორცხელის 53-ე უბანზე ”ნაციონალური მოძრაობისა” და ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გუშინ გვიან ღამით შინაგან საქმეთა სამინისტროში მონაწილე პირები დაგითხეს. კორცხელის ინციდენტის მონაწილე სპორტსმენები შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩვენების მისაცემად საკუთარი ნებით მივიდნენ. მათი თქმით, ისინი მზად არიან გამოძიებასთან ითანამშრომლონ და ჩვენება მისცენ.

“მეტრონომთან” საუბარში “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” წარმომადგენელმა სოფო ვერძეულმა განაცხადა, რომ მომხდარში რამდენიმე დანაშაულის შემადგენლობა იკვეთება.

სოფო ვერძეული: ამ საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე პრობლემაა. მათ შორის შეგვიძლია ვილაპარაკოთ კვალიფიკაციის საკითხზეც. საქმეში მთავარი პრობლემა  არის, რომ ვერ ვხედავთ დროულ და ეფექტურ გარემოებას საგამოძიებო ორგანოების მხრიდან. რაც შეეხება კვალიფიკაციას, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია ცემის მუხლით არის დაწყებული გამოძიება, თუმცა ითქვა, რომ შესაძლოა გადაკვალიფიცირდეს.  ძალიან მნიშვნელოვანია თავიდანვე სწორი კვალიფიკაციის მინიჭება, რათა საქმეს სამართლებრივი შეფასებაც სწორად მიეცეს.

ვფიქრობთ ცემის კვალიფიკაციაში სრულყოფილად არ ჩანს ის გარემოებები, რომელიც ამ დანაშაულის ჩადენის დროს სახეზე იყო. ის დაზიანებები რაც დაზარალებულებმა მიიღეს ვერ გამოიხატება ცემის კვალიფიკაციაში. ასევ უნდა ჩანდეს ის ორგანიზებული ხასიათი, რაც ამ ძალადობრივ აქტს ჰქონდა. ჩემი აზრით, ნათლად ჩანდა, რომ ეს ძალადობრივი ქმედება გარკვეულ ჯგუფებს შორის წინასწარ დაგეგმილი იყო. ადგილზე, სპონტანურად მოწყობილ აქტს ეს შემთხვევა არ ჰგავდა.

ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ელემენტები კვალიფიკაციაშიც გამოჩნდეს. ვიმეორებ, კვალიფიკაციის საკითხი ამ საქმის ერთ-ერთი და არა ერთადერთი პრობლემაა. ახლა მნიშვნელოვანია ძალადობაში მონაწილე პირების მიმართ დროულად იქნეს შესაბამისი ზომები მიღებული. ნათლად ჩანს ვიდეოკადრებში მათი საახეები.

„მეტრონომი“: რამდენიმე დღე გავიდა ამ ინციდენტის შემდეგ. თქვენ კადრები ახსენეთ. მათი სახეები ყველასთვის ცნობილია. თქვენი აზრით, რამდენად ადეკვატურია შსს მხრიდან ამ ვადაში საქმის გამოუძიებლობა?

– ნამდვილად არ არის ადეკვატური რეაგირება. როდესაც რაღაც ჯგუფები თავს უფლებას აძლევენ გარკვეულ პროცესებში ამ ფორმით მოახდინონ ჩარევა და და მსგავსი სიმძიმის დაზიანებები მიაყენონ ადამიანებს.

რა თქმა უნდა, პოლიცია უნდა იყოს ბევრად უფრო ეფექტური, მობილიზებული, რასაც ვერ ვხედავთ. სამწუხაროდ, სხვა შემთხვევებში პოლიცია უფორ მეტ სისხარტეს იჩენდა. მათ შორის მშვიდობიანი აქციების დროს. ბოლო პერიოდში ვხედავდით, მშვიდობიანი მანიფესტაციების დროს ადამიანების დაკავების ფაქტებს.

– რით არის გამოწვეული შსს-ს არაეფექტურობა, პოლიტიკური კონტექსტით?

– ამ საქმეს პოლიტიკური კონტექსტი რომ აქვს, სადაო არ არის. ეს მოხდა არჩევნების დროს და კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგიყო მიმართული, ამდენად სადაო ნამდვილად არ არის ის, რომ ამ საქმეს პოლიტიკური კონტექსტი აქვს.

როდესაც ვსაუბრობთ პოლიციის არაეფექტურობაზე მაშინვე ჩნდება კითხვა, რამდენად არის ის პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი?

ვფიქრობ, სახეზეა ის ორმაგი სტანდარტი, რომელსაც პოლიცია თავის საქმიანობაში იყენებს. ჩვენ გვახსოვს ფაქტები მაგალითად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა სახლებთან. პოლიციამ მასზე რეაგირება საერთოდ არ მოახდინა, 17 მაისის ღამეს, ვნახეთ მშვიდობიანი აქტივისტების დაკავებაც, სადაც მყისიერედ მოხდა პოლიციის მხრიდან რეაგირება. ასეთ მკვეთრად ძალადობრიც ქმედებაზე კი პოლიცია საერთოდ არ რეაგირებს. ნათელია, რომ პოლიციის მხრიდან საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტთან. ვფიქრობთ ამ საქმის გამოუძიებლობაზე პოლიტიკური კონტექსტი ახდენს გავლენას.

– წინასაარჩევნო პერიოდში მსაგავსი ფაქტები რამდენად მოახდენს საარჩევნო გარემოზე გავლენას?

– უსაფრთხო გარემოს გარეშე არჩევნების თავისუფალ რეჟიმში ჩატარების შესაძლებლობა პრაქტიკულად გამორიცხულია. თუ ახლავე არ აჩვენა ხელისუფლებამ და სამართალდამცავმა სისტემამ რომ არ დაუშვებს ამ გზით პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენას, ეს იქნება ძალიან ცუდი მესიჯი 8 ოქტომბრისთვის და წაახალისებს სხვა ძალადობრივ ჯგუფებს. ეს სრულიად გამორიცხავს ნების თავისუფლად გამოხატვას, როგორც მოქალაქეების, ასევე პარტიების მხრიდან.

მარიამ ვარადაშვილი

იტვირთბა....