გამარჯობა, მერიის დასუფთავების სამსახურიდან ვართ, სადარბაზოს დეზინფექციისთვის 2 ლარს ვაგროვებთ… -ამგვარი სერვისით ვინმე თუ მოგადგათ კარზე, შეგიძლიათ სამართლადამცველებთან დარეკოთ, რადგან სავარაუდოდ, თაღლითებთან გაქვთ საქმე.
ერთ-ერთმა დაზარალებულმა მოქალაქემ „მეტრონომს“ ფოტოც მიაწოდა, სადაც ასახულია, ე.წ. ჩეკი, შ.პ.ს. საეჭვო სახელწოდებით – „გოგიშა“ და გაურკვეველი ხელმოწერით. მოქალაქეს ჩეკი მას შემდეგ მიაწოდეს, რაც სადარბაზოს დეზინფექციისთვის 2 ლარი გადაიხადა, თუმცა იმ სადარბაზოს დასასუფთავებლად აღარავინ გამოჩენილა.
„მეტრონომი“ შეეცადა გაერკვია რამდენად ეხება ამგვარი სერვისი თბილისის მერიას. როგორც მერიის შ.პ.ს. „თბილსერვის ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ეკა კოჭლამაზიშვილმა განგვიცხადა, მერიას მხოლოდ გარე დასუფთავება ევალება.
ეკა კოჭლამაზაშვილი: „სადარბაზოებს ჩვენ არ ვემსახურებთ, ჩვენ ვასრულებთ დედაქალაქის დასუფთავებას. სადარბაზოების დასუფთავება კორპუსის ამხანაგობების მიერ კერძო კომპანიების ინდივიდუალური დაქირავებით ხდება. ჩემთანაც მოვიდნენ, დასუფთავების სამსახურიდან გაწუხებთო, მაგრამ ეს კერძო კომპანია იყო.
– შესაბამისად, სავალდებულოა მოსახლეობის მიერ ამ ძალით შეთავაზებული სერვისის საფასურის გადახდა?
– კერძო კომპანია თვითონ, საკუთარი ნებით უზრუნველყოფს დასუფთავების სერვისს, შესაბამისად სავალდებულო არ არის და აუცილებლად შეთანხმებული უნდა იყოს კორპუსის ამხანაგობებთან.
„მეტრონომს“ მერიის შ.პ.ს. „თბილსერვისჯგუფის“ იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელიც, დავით ჩანქსელიანი ესაუბრა. მისი განცხადებით, მოქალაქემ ყოველთვის წინასწარ იცის თუ კორპუსის ამხანაგობას ამგვარი სერვისი აქვს აღებული. იმ შემთხვევაში კი მაცხოვრებელს გაუფრთხილებლად ადგებიან კარზე ე.წ. „დასუფთავებიდან“, ეს საეჭვოა.
დავით ჩანქსელიანი: სადარბაზოების დეზინფექციის სერვისს მერია არ ახორციელებს. შექმნილია ამხანაგობები და სადარბაზოები ითვლება კერძო საკუთრებად. იქ თუ ვინმე მოდის და რაიმე ტიპის მომსახურებას სთავაზობენ მოსახლეობას, ეს არის ინდივიდუალურად გაფორმებული ხელშეკრულება ამხანაგობებთან.
– მოქალაქემ კარზე მიმდგარ პირებს, რომლებიც დასუფთავების სერვისისთვის გადასახადს ითხოვენ, რა უნდა კითხოს, ან რა საბუთი უნდა სთხოვოს?
– აუცილებლად უნდა გაარკვიონ რა კომპანიაა, ვინ არიან და რა მომსახურებას სთავაზობენ. ზოგადად კი, თუ ამხანაგობა გადაწყვეტს ეს სერვისი აიღოს კონკრეტული კორპუსისთვის, აუცილებლად ეცოდინება იმ კორპუსის მოსახლეობას ამის შესახებ მანამდე, სანამ ვინმე კარზე მიადგებათ ამ შეთავაზებით. ანუ მათთვის სიახლე არ იქნება.
– თუ შეიძლება ამას თაღლითობა ვუწოდოთ და ვის ეხება მოსახლეობის მისგან დაცვა?
– მოსახლეობამ ამის შესახებ სამართალდამცავებს უნდა შეატყობინოს. სამართლადაცველები გამოიკვლევენ და შეაფასებენ ამგვარ შემთხვევებს.
„მეტრონომმა“ მკითხველისთვის გაარკვია თუ ვის უნდა მიმართოს მსგავსი შემთხვევისას. თუ ფიქრობთ, რომ თაღლითობის მსხვერპლი გახდით, ან ამგვარ ჯგუფს წააწყდით, შესაძლებელია დაუკავშირდეთ როგორც შსს-ს, ასევე პროკურატურას.
უმჯობესია მოქალაქემ განცხადებით მიმართოს პროკურატურას, რომ აღმოაჩინა დარღვევა. პროკურატურა განიხილავს და შესაბამის მიმართულებას მისცემს.
თუ მოქალაქეს არ აქვს კონკრეტული პიროვნების სახელი და გვარი, მას მაინც შეუძლია მიმართოს პროკურატურას განცხადებით, აღწეროს მომხდარი, ჩააბაროს პროკურატურის კანცელარიაში და მას გამომძიებელი დაუკავშირდება.
მანა ნოდია