aviabiletebi
ახალი ამბები ბიზნესი მთავარი სამართალი

ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციები დააჯარიმა

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

საქართველოს ეროვნული ბანკმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციები შეამოწმა და რამდენიმე მათგანი დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაცია „კომერსანტს“ წყარომ მიაწოდა. წყაროს თქმით, შემოწმებების შედეგად, რამდენიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია 100-100 ათასი ლარით დაჯარიმდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯების გადადგმასაც აპირებენ. მათ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა აქვთ.

გამგეობის თავმჯდომარის ბესო შენგელიას თქმით, ორგანიზაციები დაავალდებულეს, რომ მათი დაჯარიმებისა და კონკრეტული ხარვეზების შესახებ ინფორმაცია საჯაროდ არ გააჟღერონ. აქედან გამომდინარე ბესო შენგელიას მონიტორინგის სამსახურის კეთილსინდისიერებაში ეჭვი ეპარება და ამ საკითხის განხილვას ასოციაცია ბიზნეს-ომბუდსმენთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან აპირებს.

როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციების გამგეობის თავმჯდომარე აცხადებს, თავის დროზე, როდესაც შემოწმების კრიტერიუმები ჩამოყალიბდა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ჰქონდათ შენიშვნები, რამდენადაც ასეთი რისკები (ტერორიზმის დაფინანსება, უკანონო შემოსავლის რეალიზაცია) მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მასშტაბებიდან და კლიენტების სეგმენტიდან გამომდინარე, „მისო“-ებში არ არსებობს.

„მაშინ ეროვნულმა ბანკმა დაგვამშვიდა და გვითხრა, რომ ეს კრიტერიუმები მუშავდებოდა პარლამენტის მოთხოვნით, თვითონაც აღიარებდნენ, რომ მოთხოვნები მკაცრია, მაგრამ პრაქტიკაში უფრო რბილი ადმინისტრირება მოხდებოდა და არ იქნებოდა მკაცრი რეაგირება მათი მხრიდან. თუმცა, აღმოჩნდა, რომ საკმაოდ მკაცრი რეაგირება დაიწყეს და ამ ყველაფრის მოტივი ის არის, რომ მოხდეს ფულის ამოქაჩვა ბიუჯეტის სასარგებლოდ სხვადასხვა ორგანიზაციიდან“, – აცხადებს ბესო შენგელია.

„მეტრონომი“ ამ საკითხზე ეროვნულ ბანკსაც დაუკავშირდა, სადაც დაგვიდასტურეს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემოწმება ნამდვილად მოხდა და რიგი დარღვევების გამო დააჯარიმეს კიდეც. თუმცა, სებ-ში არც ორგანიზაციების სახელწოდებებს, არც ჯარიმის მოცულობასა და მიზეზებს არ ასახელებენ. ისინი განმარტავენ, რომ ამ საკითხების შესახებ მედიისთვის ინფორმაციის მიწოდება თავად მისო-ებს შეუძლიათ.

გთავაზობთ ეროვნული ბანკის განცხადებას უცვლელად:

“უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს ფინანსური ინსტიტუტების, მათ შორის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღმკვეთი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების ზედამხედველობას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკი პერმანენტულად ახორციელებს ზედამხედველობას დაქვემდებარებული მონიტორინგის განმახორციელებელი ფინანსური ინსტიტუტების ადგილზე ინსპექტირებას.

ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემოწმება, მათი საქმიანობის ფულის გათეთრების აღმკვეთ კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. შემოწმებების შედეგად გამოვლინდა მთელი რიგი ხარვეზები, რამაც განაპირობა კანონმდებლობით დადგენილი საჯარიმო სანქციების გამოყენების აუცილებლობა, კერძოდ:

  • მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაუცემლობის ფაქტები;
  • კლიენტების იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცესის ნაკლოვანებები;
  • კლიენტის შესახებ არასაკმარისი ინფორმაციის ფლობა, რაც ავტომატურად განაპირობებს რისკების იდენტიფიცირების პროცესის არაეფექტურობას;
  • გარიგებების მუდმივი და გაძლიერებული მონიტორინგის განუხორციელებლობა და სხვ.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში მონიტორინგის პროცესის ადეკვატურად წარმართვის მიზნით, ხშირ შემთხვევაში, არ არის შემუშავებული კონტროლის სისტემა, რაც თავის მხრივ მოიცავს შიდა პოლიტიკა-პროცედურებს, პროგრამულ უზრუნველყოფას, პასუხისმგებლობების გადანაწილებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. აქვე ხაზი უნდა გაესვას ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღმკვეთი კანონმდებლობის მოთხოვნებთან მიმართებაში მენეჯმენტის არასათანადო დამოკიდებულებას. ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტის შესაბამისად, ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების შემოწმების და მათ მიმართ სანქციების გამოყენების შესახებ სამართლებრივი აქტები კონფიდენციალურია, ვინაიდან აღნიშნული მოიცავს საფინასო ინსტიტუტის და კლიენტების მიერ განხორციელებული ტრანზაქციების, ასევე, კლიენტების პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაციას. ეროვნული ბანკის მხრიდან ამ ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევა არ ნიშნავს შემოწმებული სუბიექტებისათვის ეროვნული ბანკის მიერ დაჯარიმების მიზეზების გამჟღავნების აკრძალვას. ამდენად, ფინანსურ ინსტიტუტს შეუძლია გაამჟღავნოს ჯარიმის მოცულობა და ის ფაქტობრივი გარემოებები, რამაც განაპირობა დაჯარიმება”. – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

 

იტვირთბა....