ახალი ამბები ბიზნესი მთავარი საზოგადოება სამართალი

“ავერსის“ ფინანსურმა მენეჯერმა კომპანიის ბიუჯეტიდან 300 000 ლარი ტოტალიზატორში წააგო

 

“შპს ავერსი ფარმა” სკანდალში გაეხვა. სადაზღვევო კომპანია “ალფას” ერთ-ერთ ფინანსურ მენეჯერს დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად გამოყენების ბრალდება აქვს წაყენებული. – ინფორმაციას  გაზეთი “პრაიმტაიმი” ავრცელებს. “შპს ავერსი ფარმა”, რომელიც სადაზღვევო კომპანია “ალფას” 100%-იანი წილის მფლობელია, ფინანსურ მენეჯერს 300 000 ლარის (ეს დაუზუსტებელი ციფრია) გაფლანგვას ედავება.

საქმე ონლაინტოტალიზატორს უკავშირდება. ფინანსური მენეჯერის მხრიდან თაღლითური ქმედების ფაქტი “პრაიმტაიმს” კომპანია “ავერსში” დაუდასტურეს: “ეს ადამიანი პოლიციას ჰყავს კონტროლზე, რაც შეეხება თანხებს, პროკურატურა იძიებს და საბოლოო თანხასაც პროკურატურა გვეტყვის”.

გაზეთის ინფორმაციით, “ალფას” ფინანსური მენეჯერი ონლაინ-ტოტალიზატორების აქტიური მომხმარებელი იყო, ხშირად აგებდა და მუდმივად იხდიდა არა საკუთარი, არამედ “ალფას” ბიუჯეტიდან. წაგებული მოთამაშე თანხის იმდენად კარგი გადამხდელი იყო, რომ ტოტალიზატორმა VIP მომხმარებლების სიაშიც შეიყვანა.

აღნიშნულთან დაკავშირებით გაზეთმა კომენტარი საქართველოს პროკურატურისგანაც გამოითხოვა. როგორც “პრაიმტაიმს” პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს, პირის მიმართ სამართლებრივი დევნაა დაწყებული: “სადაზღვევო კომპანია “ალფას” ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ, კომპანიის მიმართ თაღლითობის ჩადენის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით, რომელიც დიდი ოდენობის თანხას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე. ამ თანამშრომლის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნაა დაწყებული”.

იტვირთბა....