აფხაზეთის საზღვარზე საქართველოს მოქალაქის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს:
„უწყებამ ყურადღება მიაქცია საქართველოში გავრცელებულ ინფორმაციას, აფხაზეთის საზღვართან მდებარე რაიონში, საქართველოს მოქალაქის დაღუპვის შესახებ. როგორც ყოველთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს ინციდენტი „რუსული ოკუპაციის“ თემაზე ახალი პროპაგანდისტული ვარჯიშებისთვის გამოიყენა.
ვურჩევთ ქართულ მხარეს, ადამიანის ტრაგიკული დაღუპვის გარშემო პოლიტიკური სპეკულაციების ნაცვლად, ქართულ-აფხაზური საზღვრის რაიონში, ქალაქ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ერთობლივი მექანიზმის განახლების ამოცანებზე გაამახვილოს ყურადღება.
შესაბამისი შეთანხმება აფხაზური მხარის კეთილი ნებისა და კონსტრუქციულობის წყალობით, მიიღწა ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდზე, მიმდინარე წლის მარტში. ანტირუსული გამოხტომები ამ უმნიშვნელოვანეს საქმეს ხელს ნამდვილად არ უწყობს“, – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.
უწყება აღნიშნავს, რომ თბილისში „მშვენივრად იციან, რომ არც მესაზღვრეებს და არც რუსეთის სხვა წარმომადგენლებს არ ჰქონდათ კავშირი ამ სამწუხარო შემთხვევასთან“.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის ინფორმაციით, გუშინ ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია, რომელიც მოგვიანებით ზუგდიდის ჰოსპიტალში გარდაიცვალა.
მოგვიანებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, მომხდართან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას.