ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულების ადვოკატები პროკურატურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ბრალდების მხარის პოზიციის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებენ:
”2016 წლის 19 მაისს, საქართველოს გენერალური პროკურატურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული იქნა ბრალდების მხარის პოზიცია, რომლითაც, როგორც პროკურატურა აცხადებს, პასუხი აქვს გაცემული ,,ადვოკატებისა და საქმის პოლიტიზირებით უსაფუძვლოდ დაინტერესებული პირების დაუსაბუთებელ განცხადებებს”.
მიგვაჩნია, რომ ბრალდების მხარის აღნიშნული პუბლიკაცია წარმოადგენს საზოგადოების დეზინფორმაციის კიდევ ერთ მცდელობას და ამიტომ, აუცილებლად ვთვლით გამოვაქვეყნოთ დაცვის მხარის პოზიცია იმავე საკითხებზე, რომლებზეც პროკურატურა საუბრობს თავის პუბლიკაციაში.
აქვე გვსურს განვაცხადოთ, რომ მზად ვართ პასუხი გავცეთ ყველა იმ შეკითხვას, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება გაუჩნდეთ იურისტებს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლებსა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
ადვოკატები: იოსებ ბარათაშვილი, ვახტანგ კვიჟინაძე , ლევან სამუშია, გიორგი სამუშია.
კითხვა: იყვნენ თუ არა ბრალდებულები დანაშაულის სუბიექტები, რა დანიშნულებით გამოიყო თანხა მთავრობი განკარგულებით და რაზე გაიხარჯა სინამდვილეში?
საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა (მოცემულ შემთხვევაში – გაფლანგვა), შეიძლება არსებობდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ნივთი ან ქონებრივი უფლება იმყოფება გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში, ხოლო თუ გაფლანგვა ჩადენილია წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ნივთი ან ქონებრივი უფლება უნდა იმყოფებოდეს აღნიშნული ჯგუფის მინიმუმ ერთი წევრის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში, ხოლო სხვა წევრები დანაშაულებრივ კავშირში უნდა იმყოფებოდნენ აღნიშნულ პირთან; აქედან გამომდინარე, გაფლანგვის სუბიექტი არის სპეციალური პირი, რომელსაც მინდობილი ჰქონდა გარკვეული ნივთი ან ქონებრივი უფლება.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ ბრალდების მხარის მიერ გაფლანგულად შერაცხული თანხა – 4 102 872,6 ლარი არასოდეს ყოფილა ბრალდებულთა მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში.
ჩვენს მიერ ზემოთ ვრცლად იქნა დასაბუთებული, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის #79, #323 და # 339 ბძანებები, სხვა ამოცანებთან ერთად, მიზნად ისახავდა სამხრეთ საქართველოს მიმართულებით ყველა სამხედრო ქვედანაყოფს შორის უწყვეტი კავშირის უზრუნველყოფას. ამ ამოცანის განხორციელების მიზნით შექმნილი იყო ჯგუფი, მინისტრის მოადგილის ზაზა ბროლაძის ხელმძღვანელობით. ჯგუფში შედიოდა ყველა ის ქვედანაყოფი, რომელთა მონაწილეობაც აუცილებელი იყო დასახული მიზნის განსახორციელებლად.
ასევე ითქვა დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელის, გ.ღლონტის 2013 წლის 8 ოქტომბრის მოხსენებითი ბარათის შესახებ, რომლითაც მან მიმართა თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზ. ბროლაძეს და შეატყობინა, რომ სს ,,სილქნეტის“ მიერ წარდგენილი 4 წინადადებიდან მისაღები აღმოჩნდა N3 ვარიანტი ღირებულებით 5 500 000 ლარი დღგ-ს გარეშე. მოხსენებით ბარათს თავისი რეზოლუციით დაეთანხმა თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბროლაძე (დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულება N100).
თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 6 თებერვლის N79, 7 აპრილის N323 და 25 აპრილის N339 ბრძანებებიდან გამომდინარე, ნათელია, რომ აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირი იყო თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზ. ბროლაძე, რომლის თანხმობის გარეშე ამა თუ იმ კომპანიის მიერ წარდგენილი პროექტის მოწონების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული ვერ იქნებოდა.
ზ.ბროლაძემ სასამართლოში მიცემულ ჩვენებაში დაადასტურა, რომ თავდაცვის მინისტრის ზემოაღნიშნული ბრძანებებით მას, როგორც მინისტრის მოადგილეს ევალებოდა სამხრეთის მიმართულებით კავშირის დამყარების განხორციელების მიზნით შექმნილი საკოორდინაციო ჯგუფის ხელმძღვანელობა და რომ 2013 წლის 08 ოქტომბერს, თავისი რეზოლუციით დაეთანხმა J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის მიერ შეთავაზებულ წინადადებას (იხ.ზ.ბროლაძის ჩვენება – 15.12.2015; 14:11-14:13;14:18; 14:53; 14:58 სთ).
2013 წლის 20 ნოემბერს ზაზა ბროლაძე გათავისუფლდა თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან და თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა ალექსი ბატიაშვილი.
2013 წლის 26 დეკემბერს, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ა.ბატიაშვილმა N MOD 713 000 95 005 წერილით მიმართა ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს გიორგი თაბუაშვილს და ითხოვა, რომ თავდაცვის სამინისტროს ოპტიკის ხაზისა და მის შესაერთებლად საჭირო აპარატურის შესყიდვისათვის გამოჰყოფოდა 5 000 000 ლარი (დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულება N12; გვ.14-15; აგრეთვე N 221; გვ.5).
ა.ბატიაშვილის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით, დადასტურებულია, რომ ფინანსთა სამინისტროში გაგზავნილ წერილში, ტერმინი ,,ოპტიკის ხაზი“ მან მოიფიქრა და გამოიყენა 2013 წლის 26 დეკემბერს გასაფორმებელი ხელშეკრულების საგნის აღსანიშნავად: ,,ოპტიკის ხაზში“ იგულისხმება ყველა ის ჩამონათვალი, რაც იყო ხელშეკრულების საგანში. წვერი, უსასყიდლო იჯარა, მომსახურება და საერთოდ რაც არის. ძალიან ბევრი რამ არის დანართებით ხელშეკრულების საგანში განსაზღვრული და ეს, ასე ვთქვათ , ერთი სიტყვით, არის ,,ოპტიკის ხაზი“ (იხ.ა. ბატიაშვილის ჩვენება – 12.02.2016; 13:17 სთ; აგრეთვე 13:18; 13:19 სთ).
აქვე გვსურს, მოვიყვანოთ მოკლე ამონარიდი ა.ბატიაშვილის დაკითხვის ოქმიდან:
,,პროკურორი: ნ.აღლემაშვილი: რატომ ჩაწერეთ ,,ოპტიკის ხაზი“ და არ ჩაწერეთ დეტალურად?
ა .ბატიაშვილი: მაშინ უნდა გადაწერილიყო მთელი ხელშეკრულების საგანი, რომელშიც საგანში კიდევ რამდენადაც მე მახსოვს იქ არის დანართებით გათვალისწინებული. იქ არის დანართები, ანუ დანართებიც გადმომეწერა? იმიტომ რომ რეალურად ეს მოკლედ დახასიათდა, სახელი ეწოდა ესეთი, არ ვიცი ეს თქვენი შესაფასებელია ტერმინოლოგია რამდენად კავშირგაბმულობის სპეციალისტის…. იგივეს გეუბნებით…. და დავამატებ, რეალურად მართლა პირადად იცოდნენ, ფინანსთა სამინისტრომ იცოდა ამის შესახებ და ამასთანავე ხელშეკრულების პროექტი უკვე გამზადებული არსებობდა და მათ თუ დააინტერესებდათ ჩახედავდნენ და ნახავდნენ“ (იხ.ა. ბატიაშვილის ჩვენება – 12.02.2016; 14:21-14:23 სთ).
ა. ბატიაშვილის განმარტებით, ტერმინი ,,ოპტიკის ხაზი“ იყო მისი მოფიქრებული და ეს საკითხი არ შეუთანხმებია არცერთ ბრალდებულთან (იხ.ა. ბატიაშვილის ჩვენება – 12.02.2016; 13:21 სთ).
ა .ბატიაშვილის ჩვენების სისწორეს ადასტურებს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის რ.გიუნაშვილის ჩვენება, რომელმაც შეადგინა ა. ბატიაშვილის მიერ 2013 წლის 26 დეკემბერს ფინანსთა მინისტრის მოადგილისათვის გაგზავნილი წერილი. რ.გიუნაშვილის განმარტებით, წერილის შედგენის დავალება მან მიიღო მინისტრის მაოდგილე ა. ბატიაშვილისაგან, რომელიც კურირებდა ფინანსების მართვის დეპარტამენტს; ამ საკითხთან დაკავშირებით რ.გიუნაშვილს არცერთ სხვა პირთან კავშირი არ ჰქონია (იხ.რ.გიუნაშვილის ჩვენება – 25.01.2016; 13:21 – 13:25 სთ).
ბრალდების მხარის 2015 წლის 8 იანვრის შუამდგომლობას ,,ყადაღის დადების შესახებ განჩინების მიღების თაობაზე“ , რომლის მე-12 გვერდზე აღნიშნულია შემდეგი: – საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის N54 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს მთავრობის რეგლამენტის მე-8 მუხლის თანახმად მთავრობის სამართლებრივი აქტის პროექტის ინიცირების უფლება აქვთ საქართველოს სამინისტროებს. რეგლამენტის მე-10 მუხლის შესაბამისად, პროექტს თან უნდა ერთვოდეს: „განმარტებითი ბარათი, რომელშიც აისახება წარდგენილი პროექტის არსი, ზოგადი ინფორმაცია პროექტის შესახებ, მისი მიღების მიზეზი და მიზანი, საჭიროების შემთხვევაში, სამართლებრივი აქტის მოკლე ვადებში მიღების (გამოცემის) დასაბუთება, მოსალოდნელი შედეგი, იმ შედეგების საფინანსო-ეკონომიკური გაანგარიშება, რომლებსაც გამოიწვევს წარდგენილი პროექტის მიღება. განმარტებით ბარათში აღინიშნება აგრეთვე პროექტის ავტორი (ავტორები) და წარმდგენი; თანდართული მასალები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლებიც შეიძლება იყოს: მთავრობის განკარგულების პროექტი (პროექტის სახით პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის პროექტის წარდგენის შემთხვევაში), ხელშეკრულების ან სხვა შეთანხმების პროექტი; პროექტთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა დოკუმენტაცია“ (დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულება N234; გვ.12).
საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ 2013 წლის 26 დეკემბრის მდგომარეობით, მომზადებული იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სს ,,სილქნეტს“ შორის დასადები ხელშეკრულების პროექტი, რომელზეც ხელი მიუწვდებოდათ როგორც ფინანსთა მინისტრს, ისე მთავრობის სხვა წევრებს. უფრო მეტიც, ა.ბატიაშვილის ჩვენების თანახმად, ხელშეკრულების საგნის შესახებ ინფორმირებული იყო ფინანსთა სამინისტრო, მთავრობა და ყველა ის პირი, ვისაც დაშვება ჰქონდა საიდუმლო დოკუმენტებთან და შემხებლობა გააჩნდა აღნიშნულ პროექტთან.
ამონარიდი ა.ბატიაშვილის დაკითხვის ოქმიდან:
ადვოკატი: ,,თუ სწორად გავიგე, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლობამ ზუსტად იცოდა, რა ხელშეკრულებაც იდებოდა?“
ა.ბატიაშვილი: ,,თავისთავად არა მარტო ფინანსთა სამინისტრომ, მთავრობამაც და ბევრმა, ვისაც დაშვება ჰქონდა საიდუმლოებაზე და გარკვეული შემხბლობა გააჩნდა ამ პროექტთან; მთავრობამ იცოდა, ფინანსთა სამინისტრომ იცოდა, ეკონომიკამაც იცოდა თუ რას ყიდულობდა თავდაცვის სამინისტრო, რომ ყიდულობდა 24 წვერს, 2 წვერს და 4 წვერს, აპარატურას და მომსახურებას“.
ადვოკატი: ,,ანუ, რაც ხელშეკრულებაში ჩაიწერა შემდეგ, ზუსტად ეს ინფორმაცია ჰქონდათ მათ, რომ ამაზე იდებოდა ხელშეკრულება?“
ა.ბატიაშვილი: ,,არსი ძირითადი რა თქმა უნდა, ანუ რაზეც იყო საუბარი… ანუ 24 წვერზე, 4 წვერზე, 2 წვერზე მომსახურებაზე… ვთქვათ.. შეიძლება ეხლა, კონკრეტული 1000 ლარიანი არ ითქვა, მაგრამ მომსახურება რომ იყო იაფი და ასევე აპარატურაც თავისთავად ეხლა… ძირითადად ეხლა წვერების აქცენტი ყველამ კარგად იცოდა, რომ 72 წვერიდან თავდაცვა ყიდულობდა 24-ს, და პლიუს 2-ს, და პლიუს 4-ს“… (იხ.ა. ბატიაშვილის ჩვენება – 12.02.2016; 13:20 სთ).
ა.ბატიაშვილმა სასამართლო პროცესზე ასევე განაცხადა, რომ მას პირადად ჰქონდა ხელშეკრულების პირობებზე საუბარი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურთან (იხ.ა. ბატიაშვილის ჩვენება – 12.02.2016; 14:20 სთ).
,,ყადაღის დადების შესახებ განჩინების მიღების თაობაზე“ 2015 წლის 08 იანვრის შუამდგომლობაში, ბრალდების მხარის მიერ ხაზგასმულია, რომ საქართველოს მთავრობის რეგლამენტის მე-10 მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, ,,2013 წლის 26 დეკემბერს, განკარგულების პროექტთან და განმარტებით ბარათთან ერთად ფინანსთა სამინისტროს პრემიერ-მინისტრისათვის უნდა გადაეგზავნა ხელშეკრულების პროექტიც, რადგან 2013 წლის 26 დეკემბრის მდგომარეობით ხელშეკრულების პროექტი არსებობდა, რაც არ განხორციელებულა“ (დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულება N 234; გვ.12). მოწმე ა. ბატიაშვილმა, დაკითხვის დროს ასევე განმარტა, რომ მთავრობის რეგლამენტის თანახმად, სწორედ ფინანსთა სამინისტროს გააჩნდა ვალდებულება, წარედგინა ხელშეკრულების პროექტი საკითხის მთავრობის სხდომაზე განხილვის დროს, ხოლო თავდაცვის სამინისტროს, არც მთავრობის რეგლამენტით და არც რომელიმე სხვა ნორმატიული აქტით არ ევალებოდა ხელშეკრულების პროექტის ფინანსთა სამინისტროსათვის გაგზავნა (იხ.ა. ბატიაშვილის ჩვენება – 12.02.2016; 13:21 -13:23 სთ).
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის ნაერთი და სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირების სამმართველოს უფროსმა ინგა გურგენიძემ სასამართლოში დაკითხვის დროს განმარტა, რომ ფინანსთა სამინისტროს მიერ თავდაცვის სამინისტროდან 2013 წლის 26 დეკემბრის ხელშეკრულების პროექტი გამოთხოვილი არ ყოფილა და ფინანსთა მინისტრმა საქართველოს მთავრობაში წარადგინა მხოლოდ განკარგულების პროექტი, რომელიც მომზადდა თავდაცვის მინისტრის წერილში მითითებული ინფორმაციის საფუძველზე. ი.გურგენიძის განცხადებით, საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსს გიორგი კაკაურიძეს არ მოუთხოვია ხელშეკრულების პროექტის გამოთხოვა თავდაცვის სამინისტროდან ,,იყო წლის ბოლო, ყველაფერი კეთდებოდა დაჩქარებულად და ესე გაკეთდა დაჩქარებული წესით; შევეკითხე რას ვაკეთებთ-თქო და მითხრეს: მოამზადე, მოამზადეო“ (იხ.ი.გურგენიძის ჩვენება – 18.03.2016; 13:34 სთ).
ფინანსთა მინისტრმა ნ.ხადურმა, 2013 წლის 26 დეკემბერს, N04-02/97804 წერილით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ი.ღარიბაშვილს. მიმართვაში აღნიშნული იყო, რომ ფინანსთა მინისტრი მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარადგენდა მთავრობის განკარგულების პროექტს „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თავდაცვის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ.“ ფინანსთა მინისტრის წერილს თან ახლდა საქრთველოს მთავრობის განკარგულების პროექტი და განმარტებითი ბარათი. განკარგულების პროექტში მითითებული იყო, რომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თავდაცვის სამინისტროს უნდა გამოყოფოდა 5 000 000 ლარი ოპტიკური ხაზისა და მის შესაერთებლად საჭირო აპარატურის შესყიდვასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით (იხ. დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები N12 და N221).
2013 წლის 26 დეკემბერს, თავდაცვის სამინისტროსათვის 5 000 000 ლარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფის საკითხი განიხილეს მთავრობის სხდომაზე (მომხსენებლი ფინანსთა მინისტრი – ნ.ხადური) და მიღებული იქნა დადებითი გადაწყვეტილება (დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულება N12; გვ. 16-27). მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ი.ღარიბაშვილმა 2013 წლის 26 დეკემბერს გამოსცა N 2176 განკარგულება „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“. განკარგულებაში მითითებულია შემდეგი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამოუყოს 5 000 000 ლარი ოპტიკური ხაზისა და მის შესაერთებლად (დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულება N132).
არც თავდაცვის მინისტრის მოადგილის ა.ბატიაშვილის 2013 წლის 26 დეკემბრის N MOD 713 000 95 005 წერილში და არც საქართველოს პრემიერ-მინისტრის N 2176 განკარგულებაში არსად არის ნათქვამი, რომ თავდაცვის სამინისტრომ თანხა გამოყო ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის (ხაზოვანი ნაგებობის) შესაძენად. როგორც ზემოთ ითქვა, თავდაცვის მინისტრის მოადგილის ა.ბატიაშვილის მიერ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილისათვის გაგზავნილ წერილში ლაპარაკი იყო 5 000 000 ლარის გამოყოფაზე ოპტიკის ხაზისა და მის შესაერთებლად საჭირო აპარატურის, ხოლო პრემიერ-მინისტრის N 2176 განკარგულებით 5 000 000 ლარის გამოიყო ოპტიკური ხაზისა და მის შესაერთებლად საჭირო აპარატურის შესყიდვასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით. ,,ოპტიკის ხაზი“ ,ისე როგორც ,,ოპტიკური ხაზი“ არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობაში გამოყენებულ ტერმინოლოგიას; ხოლო თუ რა გულისხმობდა აღნიშნული ტერმინები ადვილად შეიძლებოდა დადგენილიყო ხელშეკრულების პროექტის შინაარსიდან გამომდინარე, რომელიც, როგორც ბრალდების მხარეც ადასტურებს, 2013 წლის 26 დეკემბრის მდგომარეობით უკვე არსებობდა და სწორედ, აღნიშნული პროექტი უნდა გადაეგზავნა ფინანსთა მინისტრს საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის განკარგულების პროექტთან და განმარტებით ბარათთან ერთად. ხელშეკრულების პროექტში, რომელსაც არავითარი ცვლილება არ განუცდია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სს ,,სილქნეტის“ უფლებამოსილი პირების მიერ მასზე ხელმოწერის დროს (ამ გარემოებას არც ბრალდების მხარე უარყოფს), ნათქვამი იყო, რომ ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა თავდაცვის სამინისტროს მიერ სს ,,სილქნეტის“ საკუთრებაში არსებულ ხაზობრივ ნაგებობაში განთავსებულ ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელში წვერების (ქონება), ასევე აპარატურის (საქონელი)შეძენა და შესყიდული ქონებისათვის მომსახურების სიმბოლურ ფასად გაწევა 21 წლის განმავლობაში.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ საქართველოს მთავრობამ თავდაცვის სამინისტროს 5 000 000 ლარი არ გამოუყვია ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის (ხაზოვანი ნაგებობა) შესაძენად; აღნიშნული თანხა გამოყოფილი იქნა იმ საქონლის( აპარატურის), ქონების (ოპტიკურ-ბოჭკოვანი წვერების) და მომსახურების შესაძენად, რომელიც აისახა 2013 წლის 26 დეკემბრის ხელშეკრულებაში.
გარდა ამისა, არცერთ ბრალდებულს არავითარი კავშირი არ ჰქონია თავდაცვის მინისტრის მოადგილის მიერ ფინანსთა მინისტრის მოადგილისათვის გაგზავნილ N MOD 713 000 95 005 წერილთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულების აღსრულებასთან.
2013 წლის 26 დეკემბერს, თავდაცვის მინისტრის ი.ალასანიას მიერ გამოცემული იქნა ბრძანება N0548, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებში თბილისი-კოჯორი-წალკა-ახალქალაქი-ახალციხე-ხულო-ბათუმის მიმართულებით 24 წვერის შესყიდვის, თბილისი-თელავის მიმართულებით ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელში 4 წვერის უსასყიდლოდ გადმოცემის, ზუგდიდის მიმართულებით 2 წვერის უსასყიდლოდ გადმოცემის, ქსელური აპარატურის შეძენა/მონტაჟის, ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელში განთავსებული წვერების 1 წლიანი უფასო და 20 წლიანი ყოველთვიური საფასურით 1000 ლარი მომსახურების, საერთო ღირებულებით 6 720 877,42 ლარი, შესყიდვის პროცედურის განხორციელება დაევალა შეყიდვების დეპარტამენტს. იმავე ბრძანებით, თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ალექსი ბატიაშვილს მიენიჭა უფლებამოსილება ხელი მოეწერა ხელშეკრულებაზე (დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულება N12; გვ.9-10, ასევე მტკიცებულება N102).
2013 წლის 26 დეკემბერს, თავდაცვის სამინისტროსა და სს „სილქნეტს“ შორის დაიდო N13/155-ს ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაზე ხელს აწერენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე ა. ბატიაშვილი და სს „სილქნეტის“ გენერალური დირექტორი ლ. ბუჩუკური (დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულება N104).
2013 წლის 27 დეკემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან 5 000 000 ლარი გადაირიცხა თავდაცვის სამინისტროს საბანკო ანგარიშზე (დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულება N221; გვ.8 ), ხოლო 2013 წლის 31 დეკემბერს და 2014 წლის 16 იანვარს თავდაცვის სამინისტროდან სს „სილქნეტის“ საბანკო ანგარიშზე თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის უფროსის როინ გიუნაშვილის მიერ, N 30577, 00246 და 00247 საგადასახადო მოთხოვნებით გადაირიცხა შესაბამისად 5 000 000 ლარი, 1 410 200,30 ლარი და 70 677,12 (დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულება N133-135). აქვე უნდა ითქვას, რომ 2013 წლის 27 დეკემბერს, თავდაცვის სამინისტროსა და სს“სილქნეტს“ შორის 2013 წლის 26 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად, სს „სილქნეტმა“ თავდაცვის სამინისტროს წარუდგინა საბანკო გარანტია, რომლის თანახმად, თუ სს „სილქნეტი“ ვერ შეასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, სს „საქართველოს ბანკი“ (გარანტი) კისრულობდა ვალდებულებას თავდაცვის სამინისტროს პირველი წერილობითი მოთხოვნისთანავე აენაზღაურებინა მისთვის ფულადი თანხა 6 480 877,42 ლარის ოდენობით (დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულება N 155). ჩვენს მიერ ზემოთ მოყვანილი მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ არცერთ ბრალდებულს არ ჰქონია მინიჭებული უფლებამოსილება, ხელი მოეწერა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სს „სილქნეტს“ შორის 2013 წლის 26 დეკემბერს დადებულ ხელშეკრულებაზე და არცერთ ბრალდებულს ხელი არ მოუწერია მასზე; თავდაცვის სამინისტროდან სს „სილქნეტში“, 2013 წლის 26 დეკემბრის ხელშეკრულებაში მითითებული თანხა 6 720 877,42 ლარის ოდენობით დღგ-ს ჩათვლით, არასოდეს ყოფილა არცერთი ბრალდებულის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში.
ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ თავდაცვის სამინისტროს არცერთი თანამდებობის პირი (მათ შორის ფინანსთა მინისტრის მოადგილეები) არ მიიჩნევს, რომ რომელიმე ბრალდებულმა ისინი შეცდომაში შეიყვანა ანდა 2013 წლის 26 დეკემბერს, თავდაცვის სამინისტროსა და სს „სილქნეტს“ შორის დადებული ხელშეკრულების პირობები საზიანო იყო თავდაცვის სამინისტროსათვის, პირიქით თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ა.ბატიაშვილმა სასამართლო პროცესზე გაანცხადა, რომ ხელშეკრულების პირობები უაღრესად ხელსაყრელია თავდაცვის სამინისტროსათვის (იხ.ა. ბატიაშვილის ჩვენება – 12.02.2016; 12:41 -12:42 სთ).
ასევე არ შეიძლება არ ითქვას, რომ ბრალდების მხარეს, ამ საკითხებთან დაკავშირებით, არც ერთი შეკითხვა არ გაჩენია ყოფილი პრემიერ-მინისტრ ი. ღარიბაშვილის, თავდაცვის ყოფილი მინისტრ ი. ალასანიას, ფინანსთა მინისტრ ნ. ხადურის, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გ. თაბუაშვილის და ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროს გ. კაკაურიძის მიმართ, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მას არავითარი სურვილი არა აქვს დადგინდეს ჭეშმარიტება და არ დაისაჯონ უდანაშაულო ადამიანები.
სასამართლოს ყურადღება გვსურს მივაპყროთ სასამართლოს მეგობრის, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორ ნ.თოდუას სასამართლოსათვის წარდგენილ წერილობით მოსაზრების იმ ადგილს, სადაც ხაზგასმულია შემდეგი: „მხოლოდ ის ფაქტი, რომ ბრალდებულები მონაწილეობდნენ ხელშეკრულების პირობების მომზადებაში, მათ ვერ გადააქცევს მითვისების ან გაფლანგვის სუბიექტებად, რადგან ერთია ხელშეკრულების პირობების მომზადება და სულ სხვაა მასზე ხელის მოწერა. ხელშეკრულებას იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ მასზე კომპეტენტური პირების მიერ ხელის მოწერის შემთხვევაში“ (იხ. სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრება გვ.3).
ზემოთქმულიდან გამომდინარე, არცერთი ბრალდებული არ წარმოადგენს სსკ-ის 182-ე მუხლით გათვალისიწინებული დანაშაულის სუბიექტს, რის გარეშეც არ არსებობს ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.
რა იყო დანაშაულის მიზანი და მოტივი?
ბრალდების მიხედვით, ბრალდებულებმა „თავდაცვის სამინისტროს სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად განიზრახეს სს „სილქნეტის“ სასარგებლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვა“, თუმცა, ბრალდებაში არაფერია ნათქვამი იმის თაობაზე, თუ რატომ განიზრახეს ბრალდებულებმა სწორედ სს „სილქნეტის“ სასარგებლოდ გაეფლანგათ დიდი ოდენობით თანხა, ანუ ბრალდებაში საერთოდ არ არის ნამსჯელი იმის შესახებ, ამოძრავებდათ თუ არა ბრალდებულებს ანგარების მოტივი და მიზანი.
ბრალდების მხარე, თავის დასკვნით სიტყვაში შეეცადა დანაშაულის სუბიექტური მხარე დაესაბუთებინა შემდეგი გარემოებებით:
1) ბრალდების მხარის მოსაზრებით, ,,როგორც J-6 ისე შესყიდვების დეპარტამენტის თანამშრომლებს ჯერ კიდევ შესყიდვის ოფიციალურად გამოცხადებამდე, 2013 წლის 27 აგვისტომდე ოთხი თვით ადრე სისტემატური სატელეფონო კავშირები ჰქონდათ სს ,,სილქნეტის“ წარმომადგენლებთან, რაც მიუთითებს მათ ნაცნობობას და შესაბამისად, ფაქტი, რომ სს ,,სილქნეტის“ სასარგებლოდ გაიფლანგა სახელმწიფოს კუთვნილი ქონება, სწორედ ამ ურთიერთობის შედეგია. ფაქტია, რომ აღნიშნული ურთიერთობები გახდა მამოძრავებელი ძალა (მოტივი) საიმისოდ, რომ სს ,,სილქნეტს“ მიეღო სარგებელი და მისთვისვე უპირატესობის მინიჭების მიზნით გაფლანგულიყო სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 872 ლარი, რითაც ბრალდებულები უპირობოდ მოიპოვებდნენ კომპანიის წარმომადგენლების კეთილგანწყობას“
2) ბრალდების მხარის თვალსაზრისით, J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის უფროსს ნ. კაიშაურს ორი კომპანიისაგან უშუალოდ ჰქონდა შეთავაზებული ის ქონება, რომელშიც სამინისტრომ მოგვიანებით გადაიხადა 6 720 877 ლარი. ბრალდების მხარის განცხადებით, მათ მიერ აღწერილი ფაქტები პირდაპირ მიანიშნებს ბრალდებულთა ანგარებით მიზანზე, რადგან, თითქოს, სახელმწიფო შესყიდვის პროცესში ბრალდებულების მხრიდან კანონისმიერი საფუძვლის გარეშე ენიჭებოდა უპირატესობა სს ,,სილქნეტს“ და ბრალდებულების ქმედება სწორედ სს ,,სილქნეტის“ მიერ მატერიალური სარგებლის მიღებისაკენ იყო მიმართული.
(იხ.ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვა; გვ. 30-32).
ბრალდების მხარის აღნიშნული პოზიცია ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, შემდეგ გარემოებათა გამო:
1) ეკონომიკური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, „ქმედების განხორციელებისას დამნაშავეს უნდა ამოძრავებდეს ანგარების მოტივი და მიზანი. მხოლოდ ქონების დანაშაულებრივი განადგურება ან დაზიანება შეიძლება ჩადენილ იქნეს ამ მოტივისა და მიზნის გარეშე“ (იხ.,,სისხლის სამართლის კერძო ნაწილი“, წიგნი პირველი, მეოთხე გამოცემა, თბ. 2011. გვ. 367, 390; აგრეთვე – ნ.ა ლოპაშენკო – ,,დანაშაულები ეკონომიკის სფეროში“, მ. 2006. გვერდი 64-66, 149; ,,სისხლის სამართალი’’, (კერძო ნაწილი), პროფ. ნ. ი. კოზნაჩენკოს რედაქციით, მ.1998. გვ.223; ,,რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის კომენტარები“, ი.სკურატოვისა და ვ.ლებედევის რედაქციით, მ.1998; გვ.339).
„ანგარებითი მიზანი სახეზეა, თუ დამნაშავე მიისწრაფვის ან საკუთარი გამდიდრებისაკენ, ან იმ ადამიანის გამდიდრებისაკენ, ვისთანაც მას აკავშირებს პირადი ურთიერთობა, ან თანამონაწილეთა გამდიდრებისაკენ ანდა იმ ადამიანთა გამდიდრებისაკენ, ვისთანაც დამნაშავეს აკავშირებს ქონებრივი ურთიერთობა. ანგარებითი მიზნის არარსებობა, გამორიცხავს ქმედების კვალიფიკაციას გაფლანგვის მუხლით.“ (იხ. ნ.ა ლოპაშენკო – ,,დანაშაულები ეკონომიკის სფეროში“, მ. 2006. გვ. 65)
არც 2014 წლის 29 ოქტომბრის და არც 2015 წლის 24 მარტის დადგენილებებში ნ.კაიშაურის, დ.წიფურიას, გ.ღლონტის, გ.ლობჟანიძისა და ა.ალავიძის ბრალდების შესახებ, საერთოდ არაფერია ნათქვამი რომელიმე ბრალდებულის ანგარებით მიზანსა და მოტივზე.
2014 წლის 22 ნოემბერს, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტისათვის მიცემულ ინტერვიუში, საქმის ერთ-ერთმა ზედამხედველმა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა შემდეგი: „კი ბატონო, მოტივაცია, რატომაც ,,სილქნეტს“ მიანიჭეს უპირატესობა, ამის უკან ვინ დგას, ამის უკან რა დგას, ვინ არიან ის თანამდებობის პირები, ვისი ინტერესიც შეიძლება ამის უკან იკვეთებოდეს, ეს არის ის უმნიშვნელოვანესი, რა თქმა უნდა… წინასწარ ძალიან ძნელია იმის თქმა, ვისი პასუხისმგებლობაც გამოიკვეთება, როცა არ გაქვს საკმარისი მტკიცებულება, მაგრამ მე არაფერს გამოვრიცხავ. ამ უკანონო გარიგების უკან ,,სილქნეტთან“ იკვეთება კონკრეტულ პირთა ინტერესები, გეთანხმებით, მოტივაციის გარეშე არ არსებობს დანაშაული, ისე არაფერი არ ხდება, რატომ მოხდა ის უკანონო გარიგება, რატომ მიანიჭეს ,,სილქნეტს“ უპირატესობა და რამოდენიმე მილიონის უძრავი ქონება, რატომ გადასცეს საკუთრებაში ,,სილქნეტს“ აი, ეს არის სწორედ ის მთავარი კითხვები, რომელზეც გამოძიება გასცემს პასუხს“ (იხ. დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულება # 308).
სასამართლოში დაკითხვის დროს პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ვერ მიუთითა ბრალდების შესახებ დადგენილებებში თუნდაც ერთ ადგილზე, სადაც ნათქვამი იქნებოდა ბრალდებულთა მხრიდან ანგარებით მიზანზე და განაცხადა: ,,რაც არ წერია, ის როგორ წავიკითხო? (იხ.ჯ.წიკლაურის ჩვენება – 15.03.2016; 12:30; 12:36; 12:38 სთ).
ყოველივე ეს ადასტურებს, რომ მთელი ბრალდებულთა დაკავების, მათთვის თავდაპირველი და დაზუსტებული ბრალდებების წარდგენის დროს, ბრალდების მხარეს საერთოდ არაფერი ჰქონდა ნათქვამი ბრალდებულთა ანგარებით მიზანზე (გაფლანგვის სუბიექტურ მხარეზე), რომლის გარეშეც არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (გაფლანგვა) შემადგენლობა.
2) ბრალდებულებმა ნ.კაიშაურმა, დ.წიფურიამ, გ.ღლონტმა, გ.ლობჟანიძემ და ა.ალავიძემ სასამართლო პროცესზე მიცემულ ჩვენებებში კატეგორიულად უარყვეს სს ,,სილქნეტის“ რომელიმე თანამშრომელთან ან რომელიმე სხვა პირთან კანონსაწინააღმდეგო ურთიერთობის შესაძლებლობა; კერძოდ, გ.ღლონტმა და გ.ლობჟანიძემ განაცხადეს, რომ ისინი არ იცნობენ ,,სილქნეტის“ არცერთ თანამშრომელს (იხ.გ.ღლონტის ჩვენება – 01.04.2016; 13:43 სთ; გ.ლობჟანიძის ჩვენება – 01.04. 2016; 16:39 სთ).
დ.წიფურიამ და ა.ალავიძემ განმარტეს, რომ სს ,,სილქნეტში“ ისინი იცნობენ და კორპორატიული გაყიდვების მენეჯერ მაია ბრელიძეს და სამსახურებრივი ურთიერთობა გააჩნდათ მასთან, ვინაიდან აღნიშნული კომპანია სხვადასხვა სერვისს აწვდის თავდაცვის სამინისტროს. ანალოგიური ურთიერთობა გააჩნდათ მათ შპს ,,დელტა-კომმის, “ შპს კავკასუს ონლაინის“, შპს ,,სპეცკავშირმშენისა“ და სხვა კომპანიების წარმომადგელებთან. ამავე დროს, ბრალდებულებმა განმარტეს, რომ მათ მ.ბრელიძესთან არასოდეს, არავითარი კანონსაწინააღმდეგო ურთიერთობა არ ჰქონიათ (იხ. ა. ალავიძის ჩვენება – 05.04.2016; 11:09;11:12 სთ; დ.წიფურიას ჩვენება – 29.03.2016; 13:29; 13:32; 13:36; 13:53 სთ).
ნ.კაიშაურის ჩვენებით, მან სს ,,სილქნეტის“ დირექტორი ლ.ბუჩუკური გაიცნო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელი შპს ,,მაგთიში“ ტექნიკურ დირექტორად მუშაობდა, თუმცა მასთან დიდი ხანია არავითარი ურთიერთობა არ ჰქონია (იხ. კაიშაურის ჩვენება – 01.04.2016; 11:40 სთ).
სასამართლო პროცესზე დაკითხულმა მოწმეებმა სს ,,სილქნეტის“ გენერალურმა დირექტორმა ლ.ბუჩუკურმა, ყოფილმა ტექნიკურმა დირექტორმა კ.გოთუამ, გაყიდვების მენეჯერმა მ.ბრელიძემ და კომერციულმა დირექტორმა კ.ჩინჩალაძემ, სს ,,სილქნეტის“ ან მისი რომელიმე თანამშრომლის მხრიდან კატეგორიულად გამორიცხეს რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ურთიერთობა ბრალდებულებთან ან თავდაცვის სამინისტროს რომელიმე წარმომადგენელთან (იხ.ლ.ბუჩუკურის ჩვენება – 16.11.2015; 14:32; 14:57 სთ; კ.გოთუას ჩვენება – 20.11.2015; 13:25 სთ; მ.ბრელიძის ჩვენება-16.11.2015; 16:12 სთ; კ.ჩინჩალაძის ჩვენება – 09.02.2016; 17:21 სთ ).
სს ,,სილქნეტის“ მიერ 2014 წლის 30 ოქტომბერს გაკეთებულ საგანგებო განცხადებაში, ასევე კატეგორიულად არის უარყოფილი კომპანიასა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს შორის რაიმე სახის უკანონო გარიგების შესაძლებლობა ( იხ.დაცვის მხარის მტკიცებულება # 296).
ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვაში არა თუ უარყოფილი არ არის სს ,,სილქნეტის“ ხელმძღვანელებისა და ბრალდებულთა პოზიცია იმის შესახებ, რომ არავითარ კანონსაწინააღმდეგო ურთიერთობას არ ჰქონია ადგილი ბრალდებულებსა და სს ,,სილქნეტის“ თანამშრომლებს შორის, არამედ საერთოდ არ არის ნამსჯელი ამ საკითხზე, რაც ცხადყოფს ბრალდების პოზიციის სრულ დაუსაბუთებლობას. ამავე დროს, ბრალდების მხარეს არც ამჯერად დაუზუსტებია თუ კონკრეტულად რომელ ბრალდებულსა და სს „სილქნეტის“ რომელ წარმომადგენელს გააჩნდათ კანონსაწინააღმდეგო ურთიერთკავშირი და რომელი მტკიცებულებებით დასტურდება ამგვარი კავშირის არსებობა.
4) გვსურს საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ კიდევ ერთ საკითხს; კერძოდ კი იმას, რომ ბრალდების მხარის ვარაუდით, ბრალდებულები თურმე იმიტომ იყვნენ დაინტერესებული სს ,,სილქნეტისათვის”უპირატესობის მინიჭებით, რომ ,,უპირობოდ“ სურდათ კომპანიის წარმომადგენლების ,,კეთილგანწყობის“ მოპოვება. ამ შემთხვევაში, პროკურორები არც იმაზე საუბრობენ თუ რაში გამოიხატებოდა ან უნდა გამოხატულიყო სს ,,სილქნეტის” კეთილგანწყობა ბრალდებულთა მიმართ, არც იმას გვიმხელენ, ,,სილქნეტის” რომელი თანამშრომლის ან თანამშრომლების კეთილგანწყობა უნდა დაემსახურებინათ ბრალდებულებს და არც იმას, ყველა ბრალდებულს ერთად უნდა დაემსახურებინა ,,უპირობო კეთილგანწყობა” თუ რომელიმე მათგანს? ვფიქრობთ, ბრალდების დაუსაბუთებლობა ამაზე შორს ძნელად თუ წავა.
5) ასევე უნდა გაესვას ხაზი დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ და გამოქვეყნებულ, სასამართლოს მეგობრის, პროფესორ ნონა თოდუას წერილობით მოსაზრებას, რომლის თანახმად: „გაფლანგვისას იგი (გაფლანგვის სუბიექტი) უნდა მოქმედებდეს იმ მიზნით, რომ ეს ნივთი მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთროს სხვა პირმა, ვისაც უკეთებს საჩუქარს მესაკუთრის ქონების ხარჯზე. მოცემულ შემთხვევაში, სამინისტროს თანამშრომელთა (ბრალდებულთა) მიზანი სრულიად დაუსაბუთებელია“ (იხ. სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრება გვ.4). აღნიშნული პოზიციის საწინააღმდეგო ვერავითარი არგუმენტი ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვაში ჩვენ ვერ მოვისმინეთ.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ბრალდებულთა მხრიდან ანგარებითი მიზნის არსებობა, შესაბამისად, არ არსებობს დანაშაულის შემადგენლობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას; სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განაჩენი უნდა ემყარებოდეს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ჩვენს მიერ გაკეთებული ანალიზი ცხადყოფს, რომ ნუგზარ კაიშაურის, დავით წიფურიას, გიზო ღლონტის, გიორგი ლობჟანიძისა და არჩილ ალავიძის მიმართ ბრალდების მხარემ სასამართლოში ვერ წარადგინა ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულთა ბრალეულობას”, – ნათქვამია განცხადებაში.