ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

 “რუსეთო, მოემზადე, ამერიკამ სიკვდილის მთესველი „აბრამს“-ის ტანკები გვერდში ჩაგიყენა”

„ისე არაფერი აჩვენებს ქვეყნის ძლიერებას, როგორც ტანკების კოლონა. ფოლადის მუხლუხოების ღრჭიალი და ძრავების გუგუნი ხაზს უსვამს სახელმწიფო მანქანის სამხედრო ძალას. და რამდენადაც შეერთებული შტატები და რუსეთი ევროპაში გავლენისათვის იბრძვიან, პენტაგონმა გადაწყვიტა, რომ ჯავშანსატანკო ტექნიკა ძალის საუკეთესო დემონტრირება იქნებოდა. ჰოდა, სწორედ ამიტომაც 2016 წლის მაისის დასაწყისში ამერიკული ტანკების კოლონა საქართველოსაკენ მიმავალ გზას დაადგა, გემით შავი ზღვა გადაცურა და ჯერ ბათუმში, შემდეგ კი თბილისში აღმოჩნდა. „აბრამსები“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების პირველი ტანკები არიან, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე შევიდნენ – იმ ქვეყანაში, რომელმაც 2008 წელს რუსეთთან ხანმოკლე, მაგრამ გააფთრებული ომი გადაიტანა“, – ნათქვამია ამერიკული გამოცემა «The National Interest»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი – ჯოზეფ ტრევიტიკი).

პუბლიკაციაში ციტირებულია ამერიკელი კაპიტნის სემუელ ჰერბერტის გამონათქვამი, რომლის მიხედვით, სამხედრო ტექნიკის შეტანას საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც ერთმანეთთან იქნება შედარებული ამერიკული «М1А2» და რუსული «Т-72» ტიპის ტანკები. იქვე აღნიშნულია, რომ ამერიკული და რუსული ტანკები თითქმის ერთი და იგივე პერიოდში – 1970-იან წლების დასაწყისში შეიქმნა და ორივე ტანკის ბოლო მოდელები თბილისის წრთვნებში გაუმჯობესებული სახით არიან წარმოდგენილი, მათ შორის ქართულ არმიაში არსებულიც («Т-72»-ს ძველი საბჭოური ღამის ბრძოლის სამიზნე ახლით – პოლონურით შეუცვალეს და ახალი რადიოსისტემა დაამონტაჟეს).

„მართალია, საქართველო ნატოს წევრი სახელმწიფო არ არის, მაგრამ ალიანსი ამ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებთან მჭიდროდ თანამშრომლობს. ქართველი ჯარისკაცები ნატოელებთან ერთად ავღანეთში 2004 წლიდან მამაცურად იბრძვიან. წრთვნების ერთ-ერთი მიზანი ისაა, რომ შეირჩეს ქართველების 200-კაციანი ჯგუფი ნატოს სწრაფი რეგირების ძალებში მონაწილეობის მიზნით (როტაციის პრინციპით). ამერიკული მძიმე ტექნიკის მონაწილეობით კი პენტაგონს სურს მოსკოვზე [და აშშ-ის ევროპელ მოკავშირეებზეც] შთაბეჭდილება მოახდინოს, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

სტატიაში ავტორი ეხება აგრეთვე აშშ-ის სამხედრო ტექნიკის გამოყენებას აღმოსავლეთ ევროპაში: „ამერიკიდან ევროპაში სამხედრო ტექნიკის გადასროლის დროს პენტაგონი მხოლოდ [საზღვაო ტრანსპორტს და] ავიაციას არ იყენებს, რკინიგზითაც სარგებლობს. როცა გადაწყდა, რომ „აბრამსები“ საქართველოში გაიგზავნებოდა, ტანკები გერმანიიდან ჯერ სარკინიგზო პლატფორმებით ბულგარეთის ნავსადგურ ვარნამდე ჩაიტანეს, შემდეგ კი შავი ზღვით – საქართველოში. რადგან ევროპული რკინიგზის მონაცემები (რელსებს შორის სიგანე) ქართული რკინიგზის მონაცემებს არ ემთხვევა, ვარნის ნავსადგურის მუშებს პლატფორმიდან ბორბლების მოხსნა და გადაადგილება მოუწიათ, სხვაგვარად მათი გადატანა ქართულ რკინიგზით შეუძლებელი იქნებოდა. ამერიკელ სამხედროებს ოთხი დღე დაჭირდათ სამხედრო ტექნიკის გერმანიიდან თბილისში ჩასატანად. ჯერ კიდევ თებერვალში ანალიტიკურმა ფონდმა „რენდ კორპორეიშენმა“ პენტაგონს მოხსენება მოუმზადა, რომელშიც რუსეთის მხრიდან ესტონეთსა და ლატვიაში შეჭრის სავარაუდო სცენარი იყო ასახული: „თუ ნატო ამ ქვეყნებს მძიმე ტექნიკით არ დაეხმარება, რუსებს ტალინისა და რიგის დაკავება 36 საათის განმავლობაში შეუძლიათ… ნატოსათვის მთავარი პრობლემა ტანკების ტრანსპორტირებაა – მძიმე ტექნიკა, პოლონეთის რკინიგზის გამოყენებით, ესტონეთში და ლატვიაში, მხოლოდ 7-10 დღის შემდეგ ჩააღწევს, ანუ მაშინ, როცა ტალინი და რიგა უკვე რუსებს ექნებათ ოკუპირებული“.

თბილისი კარგად აცნობიერებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ამერიკულმა დახმარებამ შეიძლება დაიგვიანოს, ან საერთოდ არ მოვიდეს. 2008 წლის აგვისტოში საქართველომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გამო რუსეთის წინააღმდეგ ომი დაიწყო და… წააგო. ამის შემდეგ მოსკოვმა სწრაფად აღიარა ამ ორი ნახევრადავტონომიური რეგიონის დამოუკიდებლობა და იქ თავისი სამხედრო მოსამსახურეები გაგზავნა, ბაზები შექმნა, თითქოსდა მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, თუმცა მხარეებს შორის დამოკიდებულება საკმაოდ დაძაბული რჩება. როცა საქართველო-რუსეთის ომი დაიწყო, ამერიკელი ჩინოვნიკები საქართველოში მყოფ ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს ეუბნებოდნენ, რომ ისინი კონფლიქტში არ ჩარეულიყვნენ – მაშინაც კი, როცა რუსებმა ხელში ჩაიგდეს ამერიკელების კუთვნილი სამხედრო მანქანები და სხვა აღჭურვილობა.

პენტაგონმა, ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინიციატივის რეალიზების მიზნით, 2017 წლისათვის 3,4 მილიარდი დოლარი მოითხოვა, ანუ ოთხჯერ მეტი, ვიდრე წინა წელს. ამ თანხის დიდი ნაწილი სწორედ მძიმე ტექნიკის, არტილერიისა და სხვა აღჭურვილობის გადასროლასა და მათ შენახვას მოხმარდება ევროპის ქვეყნების ტერიტორიაზე. ტექნიკის გამოსაყენებლად მზადყოფნაში იქნება 5 ათასი სამხედრო მოსამსახურე. „რა თქმა უნდა, ეს არ იქნება „ცივი ომის“ დროინდელი სიტუაცია, – განაცხადა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ეშტონ კარტერმა 9 თებერვალს, – მაგრამ ჩვენ ამით მივიღებთ [რუსეთის] შემკავებელ მძლავრ თანამედროვე საშუალებას“. და სწორედ ტანკები იქნება [რუსეთის] შეკავების მნიშვნელოვანი ელემენტი“, აღნიშნულია სტატიის დასასრულს.

წყარო: newspress.ge

იტვირთბა....