ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ქართული მხარე სოფელ ხურჩასთან მომხდარ მკვლელობაზე პასუხისმგებლობას რუსეთის საოკუპაციო ძალას აკისრებს

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეძრწუნებულია 2016 წლის 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მომხდარი მკვლელობის ფაქტით და თანაუგრძნობს გარდაცვლილი გიგა ოთხოზორიას ოჯახს და ახლობლებს. – ამ განცხადებას უწყება ავრცელებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია:

„ ეს დანაშაულებრივი აქტი ცხადყოფს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში არსებულ საგანგაშო ვითარებას და მომხდართან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას. აღნიშნული მკველელობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ოკუპირებული აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას.

მომხდართან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ აცნობა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ფორმატის თანათავმჯდომარეებს ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან და მოსთხოვა მათ შესაბამისი რეაგირება. ასევე შედგა სატელეფონო საუბარი ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს დავით დონდუასა და რუსეთის ფედერაციის დელეგაციის ხელმძღვანელს გრიგორი კარასინს შორის.

ქართული მხარე გამოიყენებს არსებულ ყველა საერთაშორისო მექანიზმს, რათა მოხდეს შესაბამისი, როგორც პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი რეაგირება და დამნაშავეები წარსდგნენ მართლმსაჯულების წინაშე.“

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ განაცხადა, მომხდარი ფაქტი ცხადყოფს, რომ აფხაზეთში სიტუაცია არის სრულიად უკონტროლო და  სრული პასუხისმგებლობა მომხდართან დაკავშირებით ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას.

მისივე თქმით, მომხდარი ფაქტი ადასტურებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, როგორც ცხინვალის რეგიონში, ასევე აფხაზეთში, აუცილებლად უნდა შეიქმნას უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები.

დავით დონდუას განცხადებით,  ადგილზე იმყოფება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. თავად მინისტრის მოადგილეს კი, სატელეფონო სატელეფონო საუბრები ჰქონდა ეუთო-ს, გაერო-ს და ევროკავშირის თანათავმჯდომარეებთან და, ჟენევაში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელთან გრიგორი კარასინთან.

„მე ისინი საქმის კურსში ჩავაყენე და მოვთხოვე მათი მხრიდან რეაგირება. ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა რესურსა და ძალას, რომ მომხდარ ფაქტს მიეცეს შესაბამისი პოლიტიკური, სამართლებრივი შეფასება, დამნაშავეები დროულად  იქნენ გამოვლენილი და წარსდგნენ სასამართლოს წინაშე”, – განაცხადა დავით დონდუამ.

გუშინ  სოფელ ხურჩასთან, საქართველოს მოქალაქე 31 წლის გიგლა ოთხოზორია რუსმა მესაზღვრეებმა სასიკვდილოდ დაჭრეს. ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

იტვირთბა....