ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება

„ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია“ საზმაუწყებლის თანამშრომლებს იურიდიულ მომსახურებას და დაცვას სთავაზობს   

 

იაგჯ

“საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია” (IAGJ), ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის (IFJ) წევრი საქართველოში, შეშფოთებულია საზოგადოებრივ მაუწყებელში დაანონსებული რეორგანიზაციით, რომელსაც  თანამშრომელთა ნაწილის სამსახურიდან გაშვება უნდა მოყვეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა გიორგი გვიმრაძემ, აქციის მიმდინარეობისას, ტელეკომპანია იმედს განუცხადა, რომ რეორგანიზაციის შედეგად, შესაძლოა “ვიღაცეები დაემშვიდობონ სამსახურს”.

გვიმრაძის თქმით, აღნიშნული რეორგანიზაცია ითვალისწინებს როგორც ხელფასების გადახედვას, ისე თანამშრომელთა ნაწილის სამსახურიდან გათავისუფლებასაც.

18 მაისს, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილმა, მათ შორის ჟურნალისტებმა და ტექნიკურმა პერსონალმა, მაუწყებლის წინ გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. ისინი მაუწყებლისგან სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, თანაბარი პირობების შექმნას და ხელფასების მომატებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებმა მიმართეს შრომისა და ჯანდაცვის სამინისტროს მედიატორის გამოყოფის თხოვნით. მათივე თქმით, აქციის უკან არ დგას სხვა რომელიმე ჯგუფი.

„საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელ ასოციაციას“ მიაჩნია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში დაგეგმილი რეორგანიზაცია მთავარ მიზნად თანამშრომელთა გათავისუფლებას არ უნდა ისახავდეს. მაუწყებლის ხელმძღვანელობა ვალდებულია გამოიყენოს ადამიანური რესურსების და ფინანსური შემოსავლების ეფექტურად გადანაწილების გზები. მათ შორის, მეტი ყურადღება დაუთმოს მაუწყებლის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას და მედია პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ უნდა გაითვალისწინოს თანამშრომელთა ინტერესები და მიაღწიოს ურთიერთმისაღებ შეთანხმებას. მათ შორის იმ საკითხებში, რომლებიც ეხება სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ხელფასის მატებას ან ზეგანაკვეთით მუშაობის ანაზღაურების საკითხში.

რეორგანიზაციის მსგავსი რადიკალური სახით დაწყება მხოლოდ ზიანს აყენებს საზოგადოებრივ მაუწყებელს, ხოლო ამ ცვლილებების წინასაარჩევნო პერიოდში დაანონსება დამატებით კითხვებს ბადებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა მასობრივ გათავისუფლებას ახლო წარსულშიც ჰქონდა ადგილი. რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ამ პრობლემას სისტემური ხასიათი აქვს. ასოციაცია მოუწოდებს მაუწყებლის ხელმძღვანელობას დაიცვას ჟურნალისტთა შრომითი უფლებები და შეათანხმოს რეორგანიზაციის გზები თანამშრომლებთან.

„საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია“ მზად არის ჩაერთოს დამქირავებლებსა და დაქირავებულებს შორის დავის მოგვარებაში, ასევე უფასო იურიდიული დახმარება აღმოუჩინოს ჟურნალისტებს და ტექ-პერსონალს სასამართლოში.

„საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელმა ასოციაციამ“ საზოგადოებრივ მაუწყებელში შექმნილი ვითარების შესახებ და შემდგომი, ადეკვატური რეაგირების მიზნით, აცნობა ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციას, რომელიც მსოფლიოში მასმედიის წარმომადგენელთა ყველა დიდი გაერთიანებაა.

ამასთან, აქვე აღვნიშნავთ, რომ „საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია“ ამ ეტაპზე, ევროკავშირის მხარდაჭერით ანხორციელებს რეგიონალური მასშტაბის მედია-პროექტს, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი არის მედიის წარმომადგენელთა შრომითი უფლებების დაცვა და მედიაში პროფკავშირების ცნობადობის ამაღლება.

„საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია“ გულდასმით მიადევნებს თვალს განვითარებულ მოვლენებს და იმოქმედებს ადეკვატურად, საერთაშორისო ნორმების გათვალისწინებით.

იტვირთბა....