“თავისუფალი დემოკრატების” წევრი ალექსი პეტრიაშვილი იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროს თანამშომლების დაკავებაში დიდი წვლილი თავად წულუკიანს მიუძღვის.
“სასამართლო სისტემაში ბოგინობს მურუსიძე, რომლის სასამართლოში შენარჩუნებაში, შემობრუნებაში ძალიან დიდი როლი მიუძღვის უშუალოდ თეა წულუკიანს. მაშინ, როდესაც ყველამ კარგად ვიცით, რომ წლები დასჭირდება [სასამართლო განაჩენის გასაჩივრების] ყველა საფეხურის გავლას, ამ პროცესებში დალოდების შემოთავაზება არის ზღვარგადასული ცინიზმი. ის ადამიანები 7-7 წლით გაამწესეს ციხეში, გაამწესა ციხეში მურუსიძის ხელქვეითმა ბუგიანიშვილმა. ახლა წულუკიანი ოჯახებს, მათ მეუღლეებს, მშობლებს, შვილებს სთავაზობს, რომ დაველოდოთ. ამ ყველაფერს ის ადამიანები დაელოდონ ციხეში, და თვითონ დაელოდოს თავის კაბინეტში. თვითონ დაელოდოს ციხეში და ეს ადამიანები გამოვიდნენ გარეთ, მერე ვნახოთ, როგორ განვითარდება, როგორი სიჩქარით მისი შექმნილი სასამართლო სისტემიდან ამ გადაწყვეტილების მიღება. ”- განაცხადა პეტრიაშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ თეა წულუკიანმა ე.წ კაბელების საქმის კომენტირებისას თქვა, რომ ამ საქმის შეფასება ჯერ ადრეა და სჯობს პოლიტიკოსები დაელოდონ პროცედურებს.