აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ნატო-ს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს, რაც ასევე გულისხმობს კოსმოსში ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფას – მარკ რუტე 

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ ალიანსი კოსმოსში არსებული ნებისმიერი საფრთხისგან თავდაცვას უზრუნველყოფს. განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი ბირთვული იარაღით აღჭურვილი თანამგზავრის გაშვებას ამზადებს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მანამდე გერმანულ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ნატო-ს წევრ ქვეყნებს მიმდინარე თვეში გაუზიარეს სადაზვერვო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, რუსეთმა შესაძლოა, მომდევნო 60 დღის განმავლობაში თანამგზავრი გაუშვას. უცნობია, რომელმა ქვეყანამ მოამზადა აღნიშნული ანგარიშები.

„ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ნატო-ს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს, რაც ასევე გულისხმობს კოსმოსში ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფას“, – განაცხადა რუტემ.

ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ალიანსს შესაძლო საფრთხეებზე რეაგირების სხვადასხვა საშუალება აქვს.

„სამხედრო სფეროში ჩვენ მუდმივად ვაფასებთ შეკავებისა და თავდაცვის შესაძლებლობებს და საჭიროების შემთხვევაში მათ განვაახლებთ“, – განაცხადა მან.

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ ბოლო ანგარიშებს არ გაცნობია, თუმცა „უცნობ წყაროებზე“ დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციას სერიოზულად აღქმის ღირსად არ მიიჩნევს.​

იტვირთბა....