ირანმა უარყო აშშ-ის ბრალდებები, რომ ისლამური რესპუბლიკა ბიოლოგიურ ან ქიმიურ იარაღს ქმნის.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ესმაილ ბაღაის განცხადებით, ირანული ბირთვული საფრთხის შესახებ ხანგრძლივი ნარატივის შემდეგ, ამერიკელი ოფიციალური პირები ახლა აცხადებენ, თითქოს არსებობს „ნიშნები“ იმისა, რომ ირანი ბიოლოგიური ან ქიმიური იარაღის შექმნას ცდილობს.
ბაღაიმ გაიხსენა 2003 წელს გაეროს უშიშროების საბჭოში აშშ-ის მაშინდელი სახელმწიფო მდივნის, კოლინ პაუელის გახმაურებული გამოსვლა, რომლის დროსაც მან, ერაყის მასობრივი განადგურების იარაღის არსებობის მტკიცებულების სახით, პატარა ფლაკონი წარადგინა.
ბაღაის თქმით, ეს გამოსვლა იქცა თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შედეგების მქონე სადაზვერვო ჩავარდნისა და პოლიტიკური გაყალბების სიმბოლოდ.
„ერაყის მიერ მასობრივი განადგურების იარაღის ფლობის შესახებ დაუდასტურებელი სადაზვერვო მონაცემები მიზანმიმართულად იქნა გამოყენებული საზოგადოებრივი მხარდაჭერის შესაქმნელად და სამხედრო შეჭრისთვის ნიადაგის მოსამზადებლად. შედეგები კატასტროფული აღმოჩნდა არა მხოლოდ ერაყელი ხალხისთვის, არამედ მთლიანი რეგიონის და, საბოლოო ჯამში, თავად ამერიკული საზოგადოებისთვისაც“, – განაცხადა ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერმა.

