აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სომხეთის იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა პროექტი, რომლითაც შეურაცხყოფასა და ცილისწამებაზე დაზარალებული მხარისთვის კომპენსაცია სასამართლომ 2 800-დან 16 600 დოლარის ფარგლებში უნდა განსაზღვროს

სომხეთის იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა კანონპროექტი, რომლითაც შეურაცხყოფასა და ცილისწამებაზე დაზარალებული მხარისთვის გადასახდელი კომპენსაციის ქვედა და ზედა ზღვარი დგინდება.

მომზადებული ცვლილებების თანახმად, შეურაცხყოფისთვის მინიმალური ოდენობა დაახლოებით 2 800 დოლარი, ხოლო ცილისწამებისთვის დაახლოებით 5 600 დოლარი იქნება. კანონპროექტით დადგენილია მაქსიმალური ზღვარიც, შეურაცხყოფისთვის დაახლოებით 8 300 დოლარი, ცილისწამებისთვის კი 16 600 დოლარი.

ამასთან, მოქმედი კანონმდებლობით, კომპენსაციის ოდენობას სასამართლო საქმის გარემოებების გათვალისწინებით განსაზღვრავს.

სომხეთში მოქმედი ცხრა მედიაორგანიზაცია მთავრობას მოუწოდებს, აღნიშნული კანონპროექტი უკან გაიწვიოს. ორგანიზაციების შეფასებით, ცვლილებებმა შესაძლოა, დამოუკიდებელი მედიასაშუალებები ფინანსურად დააზარალოს და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას საფრთხე შეუქმნას.

მედიაორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ახალი რეგულაცია ბოლო წლებში სასამართლოების მიერ ჩამოყალიბებულ პრაქტიკას შეცვლის. მათი განცხადებით, მოსამართლეები ხშირად არ აკმაყოფილებდნენ მაქსიმალური კომპენსაციის მოთხოვნებს და მოპასუხეებს გაცილებით ნაკლებ თანხას აკისრებდნენ.

ორგანიზაციების განცხადებით, პოლიტიკოსები, მაღალი თანამდებობის პირები და სხვა საჯარო ფიგურები ხშირად ობიექტურ კრიტიკასაც შეურაცხყოფად ან ცილისწამებად მიიჩნევენ და ამის გამო მედიასაშუალებების წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავენ.

მათივე შეფასებით, კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა, მსგავსი სარჩელების გამოყენება კიდევ უფრო წაახალისოს.

როგორც მედიაორგანიზაციები აღნიშნავენ, კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მედიის ფინანსური შესაძლებლობებიც უნდა გაითვალისწინოს. მათი თქმით, ეს მიდგომა შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს.

თავის მხრივ, სომხეთის იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ კომპენსაციის მოქმედი წესები შეურაცხყოფისა და ცილისწამების შედეგად მიყენებული ზიანის სიმძიმეს სათანადოდ არ შეესაბამება და უფრო ეფექტიანი მექანიზმების შექმნაა საჭირო. ამასთან, უწყება აღნიშნავს, რომ შეურაცხყოფისა და ცილისწამების ყველა შემთხვევა ავტომატურად არ უნდა იწვევდეს ფინანსური კომპენსაციის დაკისრებას.

ცხრა ორგანიზაცია ხელისუფლებას კანონპროექტის გაწვევისა და მედიის წარმომადგენლებთან ღია კონსულტაციების გამართვისკენ მოუწოდებს. ისინი ასევე ითხოვენ, რომ ცვლილებები ექსპერტული შეფასებისთვის ევროპის საბჭოსა და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტებს გადაეგზავნოს.

განცხადებას ხელი მოაწერეს ცხრა ორგანიზაციამ, მათ შორისაა, გამოხატვის თავისუფლების დაცვის კომიტეტი, ერევნის პრესკლუბი, მედიის ინიციატივების ცენტრი და ჟურნალისტთა კლუბი „ასპარეზი“.

იტვირთბა....