დანიის პარლამენტმა 109 ხმით ერთხმად დაამტკიცა შეთანხმება გრენლანდიასა და შეერთებულ შტატებთან, რომელიც არქტიკასა და ჩრდილოეთ ატლანტიკაში უსაფრთხოების გაძლიერებას ისახავს მიზნად. კენჭისყრას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხრიდან მრავალთვიანი ზეწოლა, რომელსაც დანიის ნახევრად ავტონომიურ ტერიტორიაზე, გრენლანდიაზე, კონტროლის მოპოვება სურდა.
დონალდ ტრამპსა და დანიისა და გრენლანდიის ლიდერებს შორის გაფორმებული სამმხრივი შეთანხმება გზას უხსნის გრენლანდიაში აშშ-ის დამატებითი სამხედრო ბაზების განთავსებას და განმუხტავს დაძაბულობას, რომელიც ტრამპის მიერ კუნძულის აშშ-ის შემადგენლობაში მოქცევის შესახებ გაკეთებულ არაერთ მოწოდებას მოჰყვა. ფოლკეტინგის გადაწყვეტილება შეთანხმების ძალაში შესვლისთვის საბოლოო ნაბიჯი იყო.
მანამდე, მიმდინარე თვის დასაწყისში, დოკუმენტი გრენლანდიის პარლამენტმაც წინააღმდეგობის გარეშე დაამტკიცა. შეთანხმების მიზანი გრენლანდიაზე აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდაა იმ პირობით, რომ თვითმმართველი კუნძული დანიის კონტროლის ქვეშ დარჩება.
დოკუმენტის პირობები ძალაში დარჩება იმ შემთხვევაშიც, თუ გრენლანდია მომავალში დამოუკიდებლობის მოპოვებას გადაწყვეტს.

