ამერიკელი მილიარდერისა და ბიზნესმენის, ილონ მასკის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინის დემოკრატიულად არჩეული, პრორუსი პრეზიდენტის დასამხობად სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას შეუწყო ხელი. ამის შესახებ მან The New York Times DealBook Summit-ზე ვიდეოჩართვისას ისაუბრა.
როგორც მასკმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ომში აგრესორი რუსეთია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და სხვა უწყებების პირდაპირი დახმარების გარეშე უკრაინაში ხელისუფლების შეცვლა არ მოხდებოდა. მან ეს ქმედება შეტევით გეოპოლიტიკურ ნაბიჯად შეაფასა.
„მართალია, შეჭრის თვალსაზრისით აგრესორი რუსეთია, მაგრამ ასევე მართალია, რომ ჩვენ, ამერიკელებმა, ხელი შევუწყვეთ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას, რათა დაგვემხო უკრაინის დემოკრატიულად არჩეული, პრორუსი პრეზიდენტი. ეს აშკარად შეტევითი ქმედებაა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და სხვა უწყებების დახმარების გარეშე ეს არ მოხდებოდა“.
ვიდეოჩართვისას მასკმა ომის გაგრძელებასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მორალურად ყველაზე მეტად აწუხებს კონფლიქტი, სადაც საზღვრების ცვლილების გარეშე ყოველდღიურად ათასობით ახალგაზრდა იღუპება.
მისი თქმით, ემპათია საჭიროა როგორც უკრაინელი, ისე იძულებით გაწვეული რუსი ჯარისკაცების მიმართ, ხოლო მიდგომა, რომ „უკრაინა კარგია, რუსეთი ცუდი და რუსების წინააღმდეგ ყველაფერი გამართლებულია“, მიუღებელია.
ამავდროულად, მასკმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის გამართლებას არ ცდილობს და საკუთარი კომპანიის, SpaceX-ის მაგალითი მოიყვანა, რომელმაც, მისი თქმით, რუსეთის კოსმოსური და სარაკეტო აქტივობები მნიშვნელოვნად შეამცირა. ბიზნესმენმა ასევე უარყო უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებები აშშ-ის სამთავრობო სისტემა Starshield-ის გამოყენებასა და მის შენელებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ზელენსკი „ყოველთვის სიმართლეს არ ამბობს“.

