აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ილონ მასკი აცხადებს, რომ უკრაინას სურს სამოქალაქო „სტარლინკის“ გამოყენება შეტევითი ოპერაციებისთვის და ვოლოდიმირ ზელენსკიმ, სავარაუდოდ, „სტარშილდის“ სისტემის შეზღუდვებთან დაკავშირებით იცრუა

უკრაინას რეალურად სურს სამოქალაქო „სტარლინკის“ ქსელის გამოყენება რუსეთის წინააღმდეგ შეტევითი ოპერაციებისთვის და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, სავარაუდოდ, „სტარშილდის“ სისტემის შეზღუდვებთან დაკავშირებით იცრუა, – ამის შესახებ ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმა განაცხადა.

მასკმა გაიმეორა, რომ „სტარლინკი“ არის სამოქალაქო სისტემა, რომლის გამოყენებასაც „სფეის იქსი“ უკრაინას თავდასხმითი დრონების სამართავად არ აძლევს.

„ნუ მთხოვთ, როგორც კერძო მოქალაქეს, მივიღო გადაწყვეტილებები, რომლებიც ზოგჯერ უდანაშაულო ადამიანების სიკვდილს იწვევს“, – თქვა მასკმა.

ამერიკელმა ბიზნესმენმა ასევე სცადა „სტარლინკის“ ქსელის მუშაობის სიჩქარის საკითხის გარკვევა. მან განაცხადა, რომ არსებობს სიჩქარის შეზღუდვა და, რომ ზღვარი შეესაბამება მაქსიმალურ დასაშვებ სიჩქარეს – 129 კმ/სთ.

მასკის თქმით, ეს შეზღუდვა, სავარაუდოდ, დიდი ხანია მოქმედებს და ბოლო დროს არ შეცვლილა.

ილონ მასკს ჰკითხეს, რომ საქმე „სტარლინკს“ კი არა, „სტარშილდის“ სამხედრო სისტემას ეხებოდა, რაზეც მან უპასუხა, რომ ეს ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება და რომ უკრაინის პრეზიდენტი, სავარაუდოდ, „ყოველთვის სიმართლეს არ ამბობს“.

მასკმა განაცხადა, რომ უკრაინა საერთოდ არ ითხოვს „სტარშილდის“ ოპერაციების განახლებას, არამედ ითხოვს ნებართვას კომერციული „სტარლინკის“ სისტემის შეტევითი სამხედრო ოპერაციებისთვის გამოყენებაზე.

გარდა ამისა, მასკმა განაცხადა, რომ „სტარლინკი“ უკრაინის შეიარაღებული ძალების კომუნიკაციის ძირითად საშუალებად რჩება და მისი სრული გათიშვა ფრონტის დაუყოვნებლივ დაშლას გამოიწვევს.

იტვირთბა....