ახალი ამბები

ესტონეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვა ემოციური გადაწყვეტილება ვერ იქნება – „არის ეს პროპორციული პასუხი, ემსახურება ქვეყნის ინტერესებს საერთაშორისო დონეზე?“

ესტონეთის პრეზიდენტმა, იულე მადისემ განაცხადა, რომ რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის საკითხი არა ემოციებზე, არამედ ეკონომიკური, ჰუმანიტარული, დიპლომატიური და უსაფრთხოების შედეგების სიღრმისეულ ანალიზზე დაყრდნობით უნდა გადაწყდეს.

ესტონეთის მთავრობაში სასაზღვრო გამშვები პუნქტების შესაძლო დახურვის შესახებ მიმდინარე დისკუსიების კომენტირებისას, იულე მადისემ აღნიშნა, რომ მტრის ქმედებებით გამოწვეული საზოგადოებრივი აღშფოთება გასაგებია, თუმცა სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა ცივ გონებას მოითხოვს.

„ამგვარი გზავნილის უკან მდგომი ემოცია სრულიად გასაგებია. ვის არ მოუნდებოდა მოქმედება, როდესაც მათ მორიგი პრობლემა შექმნეს? „მათში“, ბუნებრივია, ჩვენს მტრებს ვგულისხმობ, მაგრამ არის კი ეს სწორი პასუხი? არის პროპორციული? ემსახურება ეს ესტონეთის ინტერესებს საერთაშორისო დონეზეც? ზოგჯერ, ემოციურ მომენტში, ეს კითხვები უპასუხოდ რჩება, თუმცა მათზე პასუხის გაცემა ცივი გონებით არის საჭირო,“ – განაცხადა მადისემ.

კითხვაზე, რატომ არ ჩაკეტა ესტონეთმა საზღვარი ფინეთის მსგავსად, იულე მადისემ განმარტა, რომ ორ ქვეყანაში გარემოებები განსხვავებულია. მისივე თქმით, საზღვრის ჩაკეტვა ესტონურ კომპანიებზე განხორციელებულ ბოლოდროინდელ თავდასხმებს ვერ შეაჩერებდა.

„ყოველთვის ღირს დაფიქრება იმაზე, თავიდან იქნებოდა თუ არა აცილებული აქ მომხდარი ინციდენტები, მაგალითად, თავდასხმა Milrem-ზე ან თავდასხმის მცდელობა Threod-ზე, საზღვარი რომ ჩაკეტილი ყოფილიყო. პასუხი ცალსახად უარყოფითია“, – აღნიშნა ეტონეთის პრეზიდენტმა.

ამასთან, მან ყურადღება გაამახვილა სპეცსამსახურების ხელთ არსებულ ინფორმაციაზე, მათ შორის საზღვრის კვეთისას მოქალაქეების გადაბირების რისკებზე და შეაქო სამართალდამცავი უწყებები და ლატვიელი პარტნიორები ინციდენტების ოპერატიულად გახსნისთვის.

მადისეს პოზიციით, ტურიზმი და იაფი პროდუქციის შესაძენად საზღვრის კვეთა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, თუმცა დიპლომატიური და ჰუმანიტარული მიზნებით გადაადგილება უნდა შენარჩუნდეს. პრეზიდენტმა მაგალითად პოლონეთი მოიყვანა, რომელსაც სასაზღვრო პუნქტები ღია აქვს.

„ჩემი გზავნილი მკაფიოა: ყოველგვარი ტურიზმი და მგზავრობა მხოლოდ იაფი საქონლის საყიდლად დიდი ხნის წინ უნდა დასრულებულიყო და ახლა უნდა შეწყდეს. არ გამოვრიცხავ, ყველა ანალიზის განხილვის შემდეგ, მთავრობამ დააწესოს დამატებითი შეზღუდვები იმ მგზავრობაზე, რომელიც არ არის აუცილებელი ჰუმანიტარული ან დიპლომატიური მიზეზების გამო“, – განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.

იტვირთბა....