ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის განცხადებით, ჩინეთმა და რუსეთმა მრავალპოლუსიანი მსოფლიოსკენ მიმავალი ტენდენცია უნდა წარმართონ და განავითარონ.
აღნიშნული განცხადება სი ძინპინმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში განაცხადა.
სი ძინპინი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს ჩინეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ შენჟენში შეხვდნენ.
ჩინეთის ლიდერის შემდეგ სამიტზე სიტყვით პუტინი გამოვიდა. მისი განცხადებით, დასავლური სახელმწიფოები „ყოფილი ჰეგემონები“ არიან, ევროპა კი „დამამცირებელი დაღმასვლის“ პროცესში იმყოფება.
„გამოცდილებამ აჩვენა, რომ ეკონომიკური დომინირებისა და ფაქტობრივი იძულების ტრადიციულმა ინსტრუმენტებმა დიდწილად ამოწურა საკუთარი შესაძლებლობები და დაკარგა შემაკავებელი ძალის მნიშვნელოვანი ნაწილი“, – განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა აგრეთვე აღნიშნა, რომ სანქციებს, ტარიფებსა და ექსპორტის შეზღუდვებს შესაძლოა კვლავ ჰქონდეს გარკვეული შემაკავებელი ეფექტი, თუმცა მათ ზრდის შეჩერება არ შეუძლიათ, მით უმეტეს, კონკურენტების ეკონომიკების განადგურება.
რუსეთის ეკონომიკა აშშ-ისა და ევროპის მიერ დაწესებული მკაცრი სანქციების ქვეშ იმყოფება. შეზღუდვები მოსკოვს 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაუწესდა.
აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია 1989 წელს შეიქმნა და 21 წევრს აერთიანებს. ორგანიზაციის წევრ ქვეყნებზე მსოფლიო მთლიანი შიდა პროდუქტის 50%-ზე მეტი მოდის, მათი მოსახლეობა კი დაახლოებით 2,7 მილიარდ ადამიანს შეადგენს.
APEC-ის მიზანი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობის ხელშეწყობაა.
წლევანდელ სამიტზე ლიდერები რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს განიხილავენ, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტსა და ვაჭრობას – სფეროებს, რომლებშიც აშშ-სა და ჩინეთს წამყვანი როლი აქვთ.
APEC-ის წევრი ქვეყნებისა და საერთაშორისო საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი საკითხია ვაშინგტონსა და პეკინს შორის მიღწეული სავაჭრო ზავის ბედი და ის, გაგრძელდება თუ არა შეთანხმება იანვრის შემდეგ.

