ყირიმის ხიდის საავტომობილო ნაწილი განადგურებულია, სარკინიგზო მონაკვეთი კი დაზიანებული – უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 17 ნოემბრის ღამით ყირიმის ხიდზე განხორციელებული იერიშის შედეგები ოფიციალურად დაადასტურა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი აფეთქებების შედეგად ხიდის ერთ-ერთი თაღი და საავტომობილო მონაკვეთი წყალში ჩაინგრა, ხოლო სარკინიგზო ნაწილზე დაზიანებულია თაღი.
„საავტომობილო ნაწილი მკვდარია და მასზე ვერცერთი მანქანა ვეღარ გაივლის“, – აცხადებენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში.
უწყების ცნობით, ოპერაციაში მონაწილეობდნენ უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმი „ალფა“ და უკრაინის თავდაცვის ძალები. ხიდის საავტომობილო ნაწილზე იერიში უკრაინული წარმოების „პალიანიცას“ ტიპის სარაკეტო დრონებით განხორციელდა, სარკინიგზო მონაკვეთის წინააღმდეგ კი სხვა ტიპის დრონები და რაკეტებიც გამოიყენეს.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შეტევა რამდენიმე კვირის განმავლობაში მომზადებული მრავალეტაპიანი ოპერაციის ნაწილი იყო.
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ ხიდზე მოძრაობის შეჩერება დაადასტურა, თუმცა ნგრევის მასშტაბი არ დაუდასტურებია.

