კოსოვოს სპეციალიზებულმა პალატებმა – ჰააგაში განთავსებულმა კოსოვოს სასამართლო სისტემის სპეციალურმა ორგანომ – კოსოვოს ყოფილი პრეზიდენტი ჰაშიმ ტაჩი დამნაშავედ ცნო ბრალდებებში, რომლებიც მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მცდელობასა და სასამართლოს უპატივცემულობას მოიცავს.
ტაჩის 17 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რაც დაემატება 25-წლიან სასჯელს ომის დანაშაულებისთვის, რომელსაც ის უკვე იხდის.
სექტემბერში ჰაშიმ ტაჩი კოსოვოს განმათავისუფლებელი არმიის სამ სხვა ყოფილ ლიდერთან ერთად, 1998-1999 წლებში სერბეთისგან კოსოვოს დამოუკიდებლობისთვის ომის დროს ჩადენილ სამხედრო დანაშაულებში დამნაშავედ ცნეს. მას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
კოსოვოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია.
“ეს პოლიტიკაა და არა მართლმსაჯულება”.- განაცხადა ტაჩიმ ვერდიქტის მოსმენის შემდეგ.
17 ნოემბერს გამართულ სხდომაზე სასამართლომ დაადგინა, რომ კოსოვოს ყოფილმა პრეზიდენტმა “2023 წელს, პატიმრობაში ყოფნისას, მის სანახავად მისულ პირებს გაუმჟღავნა კონფიდენციალური ინფორმაცია ომის დანაშაულების პროცესის რამდენიმე მოწმის შესახებ და მნახველების მეშვეობით მოწმეებს გადასცა მითითებები იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მიეცათ ჩვენება მის სასამართლო პროცესზე”.
ტაჩი თითქმის ექვსი წლის წინ გადადგა თანამდებობიდან, რათა ომის დანაშაულების ბრალდებებისგან თავი დაეცვა. კოსოვოში მყოფ მხარდამჭერებს შორის, რომლებმაც სექტემბერში გამოტანილი განაჩენი დაგმეს, ის კვლავ ომის გმირად მიიჩნევა. იმ დროს კოსოვოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გლაუკ კონიუფცამ განაჩენი გააკრიტიკა და მას “საშინელი განაჩენი კოსოვოსთვის, ჩვენი ხალხისა და ჩვენი განმათავისუფლებელი ომისთვის” უწოდა.

