საფრანგეთში საპროტესტო აქციები გრძელდება. ადგილობრივი მედიის ცნობით, ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ქვეყნის მასშტაბით 200-დან 300 ათასამდე ადამიანი გამოვა ქუჩაში, პარიზში კი 30-დან 60 ათასამდე.
დემონსტრაციები უკვე მიმდინარეობს ნანტში, მარსელში, ლიონში, ტულუზაში, პერპინიანში, ტულონში, ლე-ჰავრსა და რეიმსში. ამ დროისთვის დაკავებულების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ნანტში სამართალდამცველებმა შეტაკებების დროს აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს.
პროფკავშირები აცხადებენ, რომ რომ „მხოლოდ მოთხოვნებზე რეაგირება შეაჩერებს მობილიზაციას“.
საფრანგეთში მასშტაბური დემონსტრაციები სექტემბერში დაიწყო. მოსწავლეები და სტუდენტები სასწავლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განახლებას, მასწავლებელთა რაოდენობის გაზრდასა და საუნივერსიტეტო რეფორმებს ითხოვდნენ. დროთა განმავლობაში პროტესტმა უფრო ფართო მასშტაბი მიიღო და მის მთავარ მოთხოვნებს ხელფასების ზრდა და სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრა დაემატა.

