ავსტრიის ხელისუფლებამ ქვეყნის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, კარინ კნაისლისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცედურა დაიწყო. ინიციატივის ავტორი პარტია NEOS-ია.
კარინ კნაისლი ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს 2017-2019 წლებში ხელმძღვანელობდა. 2018 წელს საკუთარ ქორწილში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიწვევასა და მასთან ერთად ცეკვას საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვა. თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ის ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიას“ წარმოადგენდა, რომელიც რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავებას უჭერდა მხარს.
2021-2022 წლებში, კნაისლი „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს წევრი იყო, 2022 წელსვე მან ავსტრია უსაფრთხოების მიზნით დატოვა და დღემდე რუსეთში ცხოვრობს, სადაც სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულ ერთ-ერთ ანალიტიკურ ცენტრს ხელმძღვანელობს.
კარინ კნაისლის განცხადებით, თუ ის მოქალაქეობის არმქონე პირი გახდება, აპირებს მიმართოს გაერო-ს ე.წ. თეთრი პასპორტის მისაღებად.

