აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

დიდი ხნის განმავლობაში რუსეთთან ურთიერთობის წარმართვას აშშ-ს ვანდობდით, რაც, ჩემი აზრით, უპასუხისმგებლობაა, ევროპელმა ლიდერებმა პუტინთან პირდაპირი კომუნიკაცია უნდა დაამყარონ – ალექსანდერ სტუბი

ფინეთის პრეზიდენტი, ალექსანდერ სტუბი აცხადებს, რომ ევროპელმა ლიდერებმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებები უნდა გამართონ.

მისი თქმით, ევროპა უპასუხისმგებლოდ იქცეოდა, როდესაც რუსეთთან დიალოგის პასუხისმგებლობას აშშ-ის ადმინისტრაციას აკისრებდა. ამის შესახებ სტუბმა გამოცემა „ფაინენშალ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

“ძალიან დიდი ხნის განმავლობაში რუსეთთან ურთიერთობის წარმართვას აშშ-ს ვანდობდით, რაც, ჩემი აზრით, უპასუხისმგებლობაა. ახლა, როდესაც გარკვეული ჩარჩოები გვაქვს, მიმაჩნია, რომ ევროპელმა ლიდერებმა პუტინთან პირდაპირი კომუნიკაცია უნდა დაამყარონ, ერთი და იგივე გზავნილი მიაწოდონ და საერთო პოზიციები შეინარჩუნონ“, – განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.

სტუბის თქმით, ევროპა არჩევანის წინაშე დგას: გაიმეოროს 1945 წლის იალტის შეთანხმების გამოცდილება, რომელმაც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა საბჭოთა გავლენის სფეროში მოაქცია, თუ 1975 წლის ჰელსინკის შეთანხმებების გზა აირჩიოს, რომელმაც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დაძაბულობა შეამცირა და ხელი შეუწყო სახელმწიფოების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანის უფლებების დაცვას.

კითხვაზე, არის თუ არა ამჟამად აშშ იალტის შეთანხმების მომხრეების მხარეს, სტუბმა უპასუხა, რომ იმედი აქვს, რომ ასე არ არის.

„არ ვიცით, რა მიმართულებას აირჩევს აშშ. სავარაუდოდ, ამ ეტაპზე ის უფრო იალტის ბანაკისკენ იხრება, თუმცა მომავალში შესაძლოა უფრო მეტად ჰელსინკის ბანაკისკენ გადაიხაროს. თუმცა, ეს დიალოგის გაგრძელებაში ხელს არ გვიშლის და მიმაჩნია, რომ საუბარი უნდა გავაგრძელოთ. უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთს ეს ომი არ მოუგია და, სიმართლე გითხრათ, ვერც მოიგებს“, – განაცხადა სტუბმა.

მისი თქმით, მოლაპარაკებები ექვს ძირითად საკითხს უნდა მოიცავდეს: უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს, ტერიტორიულ საკითხს, ომის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას, ნდობის აღდგენის ზომებს, ცეცხლის შეწყვეტას და, საბოლოოდ, საკითხს – „როგორი უსაფრთხოება გვექნება მომავალში?“

ამასთან, ფინეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება, თუმცა არ იცის, მოხდება თუ არა ეს. როგორც სტუბმა აღნიშნა, იმუშავებს, რათა უკრაინა ალიანსის წევრი გახდეს.

„უკრაინის ტერიტორიებთან დაკავშირებით არაფერს ვიტყვი, რადგან ეს გადაწყვეტილება მხოლოდ პრეზიდენტ ზელენსკისა და უკრაინელ ხალხს ეკუთვნის“, – განაცხადა სტუბმა.

იტვირთბა....