ევროკავშირმა უკრაინას დრონებისა და საბრძოლო მასალის შესაძენად 1.71 მილიარდი ევრო გადაურიცხა, – ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ევროკომისიამ უკრაინას 1.71 მილიარდი ევროს ოდენობის თანხა 90 მილიარდი ევროს სესხის თავდაცვითი ნაწილის ფარგლებში გამოუყო, რომელიც დრონების, რაკეტების, თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო მასალების შეძენას მოხმარდება.
„ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას, ისევე, როგორც ამას ვაკეთებდით ყოველდღე, რუსეთის აგრესიული ომის პირველივე დღიდან. ასევე, მუშაობას ვაგრძელებთ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის, რომელიც დაიცავს უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროპის უსაფრთხოებას“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის განცხადების თანახმად, ეს 90 მილიარდი ევროს სესხის თავდაცვითი ნაწილის ფარგლებში უკრაინისთვის გამოყოფილი მერვე ტრანშია. ასევე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე სესხის ფარგლებში უკრაინისთვის ხელმისაწვდომი 23.6 მილიარდი ევრო რჩება.

