ჩვენ ბევრი რამ გვაქვს განსახილველი შავი ზღვის, სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის პარტნიორებთან. ზოგიერთი მათგანი ხანდახან აქ არ იმყოფება, მაგრამ ბევრი მინისტრი მოდის, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე საქართველოსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კაია კალასი იმედს გამოთქვამს, რომ მომავალში რეალური შედეგების მიღწევა იქნება შესაძლებელი.
„ჩვენ ბევრი რამე გვაქვს განსახილველი შავი ზღვის, სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის პარტნიორებთან. ზოგიერთი მათგანი ხანხადან აქ არ იმყოფება, მაგრამ ბევრი მინისტრი მოდის. იმედი მაქვს, მომავალში რეალური შედეგების მიღწევას შევძლებთ“, – განაცხადა კალა კალასმა.
ამასთან, კაია კალასს დაუსვეს კითხვა: როდესაც რუსეთის მიმართ მოთხოვნებზე საუბრობთ, ისევ გულისხმობთ, მაგალითად, რუსული ჯარების გაყვანას ოკუპირებული ტერიტორიებიდან, როგორიცაა საქართველო და მოლდოვა?
„ჩვენი მაქსიმალური მოთხოვნები ასევე მოიცავს რუსეთის ჯარების გაყვანას ყველა იმ ქვეყნიდან, სადაც რუსეთს თავისი ჯარები ჰყავს განთავსებული, რადგან ჩვენ გვაქვს გაერო-ს წესდება და მას უნდა მივყვეთ. ეს მოთხოვნაც ჩვენს დღის წესრიგშია“, – აღნიშნა კალასმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველო 16 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობას არ იღებს, მათ შორის დაკავშირებადობის მინისტერიალში. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს შესაბამის დონეზე მოწვევა არ მიუღია, შესაბამისად, აღნიშნულ შეხვედრაში საქართველოს წარმომადგენელი მონაწილეობას არ მიიღებს.

