ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი აცხადებს, რომ ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ჯარების გაყვანას ყველა იმ ოკუპირებული ტერიტორიიდან, სადაც ამჟამად მისი ჯარებია განთავსებული.
„ჩვენი მაქსიმალური მოთხოვნები ასევე მოიცავს რუსეთის ჯარების გაყვანას ყველა იმ ქვეყნიდან, სადაც რუსეთს ამჟამად თავისი ჯარები ჰყავს განთავსებული, რადგან, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ გვაქვს გაეროს წესდება და მას უნდა მივყვეთ. ასე რომ, დიახ, ეს მოთხოვნაც ჩვენს დღის წესრიგშია”, – განაცხადა კალასმა, როდესაც უპასუხა „ევროსკოპის” მიერ დასმულ შესაბამის შეკითხვას.
ამასთან, კითხვაზე, როგორ აფასებს საქართველოს მთავრობის უარს დაკავშირებადობის სამიტზე მონაწილეობაში, კალასმა უპასუხა:
„შავი ზღვის რეგიონის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის პარტნიორებთან ბევრი რამ გვაქვს განსახილველი. ზოგჯერ ზოგიერთი მათგანი შეხვედრებს არ ესწრება, თუმცა ბევრი მინისტრი ჩამოდის და იმედი მაქვს, რომ მომავალში შევძლებთ კონკრეტული, რეალური შედეგების მიღწევასაც“.

