შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, დადგენილია ბათუმში, 6 მაისის პარკში მომხდარი მკვლელობის ჩამდენი პირის ვინაობა და მის დასაკავებლად ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, გუშინ, 35 წლის მამაკაცი პარკის შესასვლელთან მანქანაში ჩაცხრილეს. მამაკაცმა მანქანით ცოლსა და შვილებს მიაკითხა, რომლის დროსაც ცეცხლი გაუხსნეს და რამდენჯერმე ესროლეს. დაჭრილი მისსავე მანქანით საავადმყოფოში წაიყვანეს, თუმცა ის გზაში გარდაიცვალა. მამაკაცს მრავლობითი ჭრილობები მუცლის, ორივე ბარძაყისა და დუნდულის არეში აღენიშნებოდა.