აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უკრაინული დრონების შეტევის შემდეგ რუსეთის ქალაქ აზოვში ხანძარი გაჩნდა

16 ნოემბრის ღამეს, რუსეთის როსტოვის ოლქის ქალაქ აზოვში, უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული შეტევის შემდეგ, საწარმოო ობიექტებზე ხანძარი გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლის კერები ორი ნავთობბაზის სიახლოვეს დაფიქსირდა.

როგორც გამოცემა Astra იუწყება, ღია წყაროებზე მომუშავე ანალიტიკოსმა (OSINT) შემთხვევის ადგილიდან გავრცელებული ფოტო- და ვიდეომასალა შეისწავლა და დაადგინა, რომ ხანძარი ერთმანეთთან შედარებით ახლოს მდებარე ორი ნავთობბაზის ტერიტორიაზე ან მათ სიახლოვეს გაჩნდა. ამ დროისთვის დაუდგენელია, კონკრეტულად რომელ ნავთობბაზას გაუჩნდა ცეცხლი.

ერთ-ერთი ობიექტია კომპანია „ფლეშ ენერჯის“ ნავთობბაზა, რომელიც ნავთობპროდუქტების მიღების, შენახვისა და გაცემისთვის გამოიყენება. მის ტერიტორიაზე განთავსებულია 10 რეზერვუარი, რომელთა საერთო მოცულობა 6 500 კუბურ მეტრს აღემატება.

მეორე ობიექტი კომპანია „იუგ-იმპექსს“ ეკუთვნის და მყარი, თხევადი და აირისებრი საწვავის შენახვასა და რეალიზაციას ემსახურება.

როსტოვის ოლქის გუბერნატორმა იური სლიუსარმა ქალაქ აზოვში საწარმოო ობიექტებზე დრონებით შეტევა დაადასტურა. მისი ინფორმაციით, დაშავებულია სამი მამაკაცი.

„საერთო ჯამში, აზოვში ხანძარი ოთხ საწარმოო ობიექტზე გაჩნდა. შემთხვევის ადგილებზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ“, – დაწერა გუბერნატორმა Telegram-ზე.

რუსული მედიის ინფორმაციით, სამივე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

იტვირთბა....