აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

ირანი აცხადებს, რომ ბაჰრეინში ამერიკულ სამხედრო ბაზას დრონებით შეუტია

ბაჰრეინში უსაფრთხოების განგაში ორჯერ გამოცხადდა მას შემდეგ, რაც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქვეყანაში მდებარე ამერიკულ სამხედრო ობიექტზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა. თეირანის მტკიცებით, სამიზნე ამერიკული საჰაერო თავდაცვის რადარი იყო, რომელსაც ექვსი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისა და უსაფრთხო ადგილებში გადასვლისკენ მოუწოდა. ეს ქვეყანაში სექტემბრის შემდეგ გამოცხადებული პირველი მსგავსი განგაშია.

ირანის რევოლუციური გვარდიის განცხადებით, თავდასხმა ბაჰრეინში, რიფას ვერტმფრენების ბაზაზე განთავსებული ამერიკული რადარის წინააღმდეგ განხორციელდა. თეირანი ამ ოპერაციას აშშ-ის სამხედრო მოქმედებებზე საპასუხო ნაბიჯად აფასებს.

ამ დროისთვის ირანის მიერ გავრცელებული ინფორმაცია თავდასხმის შედეგების შესახებ დამოუკიდებლად დადასტურებული არ არის. აშშ-ისა და ბაჰრეინის ხელისუფლებებს 15 ნოემბრის სავარაუდო იერიში თავდაპირველად არ დაუდასტურებიათ.

აღსანიშნავია, რომ 13 ნოემბერს ირანმა ბაჰრეინში ამერიკულ რადარზე კიდევ ერთი თავდასხმის შესახებ განაცხადა. მაშინ აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ირანის მტკიცება უარყო და განმარტა, რომ ამერიკულმა ძალებმა ორი ირანული დრონი ჩამოაგდეს. ვაშინგტონის განცხადებით, თავდასხმას არც მსხვერპლი და არც დაზიანება არ მოჰყოლია.

ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეხუთე ფლოტია განთავსებული. ახალი ინციდენტი ახლო აღმოსავლეთში აშშ-სა და ირანს შორის დაძაბული ურთიერთობების ფონზე მოხდა.

იტვირთბა....