უნგრეთში მასშტაბური ანტიკორუფციული გამოძიების ფარგლებში, ვიქტორ ორბანის მთავრობის ყოფილი მინისტრის საქმეზე, სამართალდამცველებმა თითქმის 20 მილიონი დოლარის (19.5 მილიონი) ნაღდი ფული ამოიღეს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
გამოძიების ინფორმაციით, ფულის ნაწილი ტყეში იყო დამარხული, ნაწილი კი ფერმის შენობებში, საწყობებსა და საცხოვრებელ სახლებში ინახებოდა. დიდი ოდენობით ნაღდი ფული სპეციალურად მოწყობილ სეიფშიც აღმოაჩინეს.
საქმე უნგრეთის განვითარების ყოფილ მინისტრს, მიკლოშ შესტაკს ეხება, რომელიც თანამდებობას 2014-2018 წლებში იკავებდა. მას ქრთამის აღებასთან დაკავშირებულ კორუფციულ საქმეზე იძიებენ. ყოფილი მინისტრი ბრალდებებს უარყოფს.
უნგრეთის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ამოღებული თანხის დათვლას სახელმწიფო ხაზინის 12 თანამშრომელი რვა საათის განმავლობაში, ხუთი ფულის სათვლელი აპარატით ცდილობდა.
გამოძიება ახალი პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის მიერ დაწყებული ფართომასშტაბიანი ანტიკორუფციული კამპანიის ნაწილია, რომელსაც მან „ოპერაცია განსაწმენდელი“ უწოდა.
მადიარმა აპრილის არჩევნებში ვიქტორ ორბანი დაამარცხა და მისი 16-წლიანი მმართველობა დაასრულა. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადა.
ამჟამად კორუფციის სხვადასხვა საქმეზე დაკავებულია ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი და ცენტრალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი. ყველა მათგანი ბრალდებებს უარყოფს. პეტერ მადიარის განცხადებით, აღმოჩენილი მილიონები ორბანის პარტიის, „ფიდესის“, მმართველობის პერიოდში მოქმედი კორუფციული სისტემის დასასრულის სიმბოლოა.

