აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უკრაინის მხარდაჭერა 100%-ით ევროპისა და მისი მოკავშირეების მხრებზეა, აშშ-ის მხარდაჭერა აღარ არის, შუამავლობა კარგია, მაგრამ ევროპელები გადავწყვეტთ ჩვენს მომავალ უსაფრთხოებას – ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დუბლინში, ევროპის უსაფრთხოების ახალი ქარტიის მიღებაზე, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობაზე, რუსეთთან მოლაპარაკებების ფორმატსა და უკრაინის დახმარებაში აშშ-ისა და ევროპის როლზე ისაუბრა.

მაკრონის განცხადებით, დუბლინის სამიტის უმნიშვნელოვანესი ნაწილია დეკლარაცია და ქარტია ევროპის მომავალი უსაფრთხოების საერთო პრინციპების შესახებ, რომელსაც დაახლოებით 40 ევროპული ქვეყანა უერთდება.

მისი თქმით, ეს დოკუმენტი აღიარებს თავდაცვის ევროპული საყრდენის მნიშვნელობას და აფიქსირებს ერთობლივი დაგეგმვისა და შეიარაღების აუცილებლობას იმ დროს, როდესაც ბევრს სურს ევროპა საკუთარი უსაფრთხოების შესახებ დისკუსიების მიღმა დატოვოს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერა დღეს ევროპისა და „მსურველთა კოალიციის“, რომელშიც კანადა, ავსტრალია და იაპონიაც შედიან, მხრებზეა.

„ევროპელების გარეშე, მოდით, გულწრფელები ვიყოთ, უკრაინის მხარდაჭერა არ არსებობს. დღეს ჩვენ გვყავს კანადა, ევროპელები, მინდა, ასევე შევაქო ჩვენი ავსტრალიელი და იაპონელი მეგობრები. შეხედეთ „მსურველთა კოალიციას“. ეს არის უკრაინის მხარდაჭერის 100 პროცენტი. აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არის. ასე რომ, გარკვეული შუამავლობა კარგია, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ჩვენ, როგორც ევროპელები, ვიქნებით ისინი, ვინც განვსაზღვრავთ და გადავწყვეტთ ჩვენს მომავალ უსაფრთხოებას. ამაში ეჭვი არ არსებობს“, – განაცხადა მაკრონმა.

უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის პერსპექტივაზე საუბრისას საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ როდესაც ჩნდება ცეცხლის შეწყვეტისა და ამ საფუძველზე მდგრადი მშვიდობის აშენების შესაძლებლობა, ის უნდა გამოიყენონ, რაზეც მოგვიანებით პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთანაც ისაუბრებს.

კითხვაზე, უნდა ჰყავდეს თუ არა ევროპას ერთი კონკრეტული წარმომადგენელი ვლადიმერ პუტინთან სასაუბროდ, მაკრონმა უპასუხა, რომ „შინაარსი განსაზღვრავს ფორმატს“.

მისი თქმით, ევროპამ ჯერ მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბოს საკუთარი სამშვიდობო პროექტი და უსაფრთხოების მომავალი არქიტექტურის ხედვა, რის შემდეგაც გადაწყდება ფორმატი – იქნება ეს უკვე გამოცდილი E3 (საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი), „ნორმანდიის ფორმატი“ თუ სხვა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე შეეხო დემოკრატიულ რისკებს, საინფორმაციო თავდასხმებსა და ნარკოტრაფიკთან ბრძოლის კოალიციას (ECAD), რომელშიც მოლდოვა, უკრაინა, სომხეთი, დიდი ბრიტანეთი და ნორვეგიაც არიან ჩართულნი.

გარდა ამისა, მან შეშფოთება გამოთქვა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში სკოლებში, მედიასაშუალებებსა და თვითმფრინავებში ბომბის არსებობის შესახებ გახშირებული შეტყობინებების გამო. მისი თქმით, ამ საკითხზე უახლოეს დღეებში თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მოიწვევს, თუმცა ამ ეტაპზე არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები იმის სათქმელად, დგას თუ არა ამის უკან რომელიმე გარე ძალა.

იტვირთბა....