აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუმინეთი მზად არის, ქვეყანაში ამერიკელი სამხედროების დისლოცირების ხარჯები დაფაროს – „ფაინენშალ თაიმსი“

რუმინეთი მზად არის, შეერთებულ შტატებს ქვეყანაში ამერიკელი სამხედროების განთავსების ხარჯების დაფარვა შესთავაზოს. ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა, ნიკუშორ დანმა გამოცემა „ფაინენშალ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

რუმინეთის პრეზიდენტის თქმით, ბუქარესტს სურს, ქვეყანაში ამერიკელი სამხედროების რაოდენობა გაიზარდოს და შეერთებულმა შტატებმა დამატებითი საბრძოლო შესაძლებლობები განათავსოს.

„ჩვენ გვინდა მეტი ამერიკელი სამხედრო და უფრო ძლიერი საბრძოლო შესაძლებლობები“, – განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა.

ნიკუშორ დანის ინფორმაციით, ამერიკულ მხარეს უკვე წარუდგინა წინადადება სამხედროების დისლოცირებისა და ხარჯების განაწილებასთან დაკავშირებით.

რუმინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ამჟამად ქვეყანაში 1 172 ამერიკელი სამხედრო იმყოფება.

„ფაინენშალ თაიმსის“ ინფორმაციით, ბუქარესტი პოლონეთის მაგალითს განიხილავს. ვარშავამ შეერთებულ შტატებს შესთავაზა, სამხედრო ბაზაზე განთავსებული თითოეული ამერიკელი სამხედროსთვის ყოველწლიურად 15 ათასი დოლარი გადაიხადოს. რუმინეთის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის ომი საფრთხეს უქმნის მისი ქვეყნის უსაფრთხოებას.

ნიკუშორ დანმა ისაუბრა რუმინეთის ტერიტორიაზე რუსული უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოვარდნის შემთხვევებსა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაუარესებაზე.

„ჩვენ გვესმის რუსეთისგან მომდინარე საფრთხე და ისიც, როგორ ემუქრება უკრაინაში მიმდინარე ომი ჩვენს უსაფრთხოებას“, – განაცხადა ნიკუშორ დანმა.

რუმინეთის პრეზიდენტის თქმით, ბუქარესტი შავი ზღვის რეგიონში სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებას გეგმავს, თუმცა ესკალაციის თავიდან აცილებას შეეცდება. ნიკუშორ დანმა ასევე აღნიშნა, რომ შავი ზღვის სანაპიროსთან მდებარე მიხაილ კოგელნიჩანუს ამერიკული ავიაბაზა და კონსტანცის პორტი შეერთებული შტატებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებია.

იტვირთბა....