ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ დუბლინში ჟურნალისტებთან ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგებზე, აღმოსავლეთ ფლანგზე არსებულ დაძაბულობაზე, სამშვიდობო მოლაპარაკებების პირობებსა და ევროპის უსაფრთხოების მომავალ არქიტექტურაზე.
ნაუსედას განცხადებით, აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნებში არსებული დაძაბული ვითარება, უკრაინაში რუსეთის ომის პირდაპირი შედეგია და უპირველეს ყოვლისა, სწორედ ამ სისხლისმღვრელი ომიდან გამოსავალი უნდა მოიძებნოს.
ლიეტუვის პრეზიდენტის თქმით, დადებითად აფასებს შეერთებული შტატებისა და ევროპის ძალისხმევას სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად, თუმცა აღნიშნა, რომ პროცესი სამართლიან პირობებს უნდა ეფუძნებოდეს, აუცილებელია მასში უკრაინისა და ევროკავშირის ჩართულობა.
„თავიდან უნდა ავიცილოთ ნებისმიერი დისკუსია უკრაინელების ზურგს უკან. რა თქმა უნდა, ევროპის მომავალი უსაფრთხოების არქიტექტურის შესახებ დისკუსიები ევროკავშირის ჩართულობით უნდა წარიმართოს“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.
ნაუსედას თქმით, ევროპელ ლიდერებს პარასკევს ექნებათ შესაძლებლობა, იმსჯელონ მანდატზე, ვინ წარმოადგენს ევროპას მსგავსი ტიპის მოლაპარაკებებზე. ნაუსედას განმარტებით, იმედი აქვს, განხილვები კონკრეტულ შედეგამდე მივა.

