ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი აცხადებს, რომ ტაივანთან გაერთიანება უნდა მოხდეს, რადგან ისტორიის შეჩერება შეუძლებელია.
სი ძინპინის თქმით, ტაივანის საკითხის გადაჭრა ჩინეთის კომუნისტური პარტიის ურყევი ისტორიული მისიაა.
„ისტორიის დინების შეჩერება შეუძლებელია. სამშობლოს სრული გაერთიანება უნდა მოხდეს და ის აუცილებლად განხორციელდება“, – დასძინა ჩინეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ჩინეთი ერთგულია „მშვიდობიანი გაერთიანებისა და „ერთი ქვეყანა, ორი სისტემის“ პოლიტიკის“ და მზადაა, ტაივანთან დიალოგი გამართოს, თუმცა, ამავდროულად, იცავს „ერთი ჩინეთის პრინციპს“ პოზიციას, რომლის თანახმადაც, ტაივანის სრუტის ორივე მხარე ერთიანი ქვეყანაა.
ტაივანის მთავრობამ ეს განცხადებები უარყო. ტაივანის საქმეთა საბჭომ განაცხადა, რომ ვერც მთავრობა და ვერც ტაივანის მოსახლეობა ვერ მიიღებენ „ერთი ქვეყანა, ორი სისტემის“ პრინციპს, რაც, საბოლოო ჯამში, კომუნისტური პარტიის მმართველობისთვის დამორჩილებას ნიშნავს.
„რაც შეეხება ტაივანის გაერთიანების შესახებ ფორმულირებას, ის წარსულისგან დიდად არ განსხვავდება“, – განუცხადა ჟურნალისტებს საბჭოს წარმომადგენელმა, ლიან ვენ-ჩიემ.
ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ ტაიპეი ამ პრეტენზიას კატეგორიულად უარყოფს.

